


ეპარქიები

ნათლისმცემელისა: ჰრომ. XIII, 11-XIV, 4. [დას. რიბ(112)]
<ძმანო, აწ> უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, [ვიდრე მაშინ, ოდეს-იგი]* გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა და დღე შემოგუეახლა. განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ. და ვითარცა დღესა შინა, შუენიერად ვიდოდით: ნუ სიმღერითა და მთრვალობითა, ნუ [ლირწებითა]** და ბილწებითა, ნუ ჴდომითა და შურითა, არამედ შეიმოსეთ უფალი იესუ ქრისტე და ჴორცთა [წინაგანგებასა]*** ნუ ჰყოფთ გულისსათქუმელად. და უძლური იგი სარწმუნოებითა შეიწყნარეთ, ნუ – ორგულებით[ა]* და გულისსიტყჳთა. რომელსამე ჰრწამნ ჭამად ყოველი, ხოლო უძლური იგი მხალსა ჭამნ. მჭამელი იგი არამჭამელსა მას ნუ შეურაცხ-ჰყოფნ და არამჭამელი იგი მჭამელსა მას ნუ განიკითხავნ, რამეთუ ღმერთმან იგი შეიწყნარა. შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხჳსა მონასა? თჳსისა უფლისა დგეს გინათუ დაეცეს; დადგეს სამე, რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი დადგინებად მისა.
* ახალი რედაქციიდან.
** ესაა ეფრემის მონაცემი, რაც განმარტებულია აშიაზე (წარმოადგენს ამონარიდს შესაბამისი კომენტარიდან): „რამეთუ ლირწებაჲ არს დაუპყრობელი გულისთქუმაჲ დედათა მიმართ“.
*** ესეც ეფრემის მონაცემია. საზოგადოდ, დავძენთ, რომ ტერმინები «წინაგანგებაჲ» და «წინააღრჩევაჲ» სწორედ ეფრემის მიერაა შექმნილი.
†††
ნათლისმცემელისა: ლკ. I, 1-25, 57-68, 76, 80. [დას. ა(1)].
<ვინაჲთგან უკუე მრავალთა> ჴელ-ყვეს აღწერად მითხრობისა საქმეთათჳს გულსავსე-ქმნულთა ჩუენ შორის, ვითარცა-იგი მომცეს ჩუენ, რომელნი დასაბამითგან თჳთმხილველ და მსახურ ყოფილ იყვნეს სიტყჳსა მის, ჯერმიჩნდა მეცა, რომელი შეუდეგ პირველითგან ყოვლითა ჭეშმარიტებითა, შემდგომითი შემდგომად მიწერად შენდა, მჴნეო [თეოფილე]*, რაჲთა სცნა, რომელთათჳს-იგი ისწავე სიტყუათა მათ კრძალულებაჲ. იყო დღეთა მათ ჰეროდე მეფისა ჰურიასტანისათა მღდელი ვინმე, რომლისა სახელი ზაქარია, შემდგომად დღითი-დღე მსახურებისა მის აბიაჲსა, და ცოლი მისი ასულთაგან აჰრონისთა, და სახელი მისი ელისაბედ. და იყვნეს ორნივე ესე წინაშე ღმრთისა მართალ, და ვიდოდეს ყოველთა მცნებათა სიმართლისა უფლისათა უბიწონი; და არა ესუა მათ შვილი, რამეთუ ელისაბედ იყო ბერწ, და ორნივე გარდასრულ იყვნეს დღეთა მათთა. და იყო მღდელობასა მას მისსა, წესსა მას დღითი-დღედისა მისისასა წინაშე ღმრთისა, მსგავსად ჩუეულებისა მღდელობისა ჰხუდა მას საკუმეველისა კუმევაჲ და შევიდა ტაძარსა უფლისასა. და ყოველი სიმრავლე ერისაჲ ილოცვიდა გარეშე ჟამსა მას საკუმეველისა კუმევისასა. და ეჩუენა მას ანგელოზი უფლისაჲ, მდგომარე მარჯუენით საკურთხეველისა მის საკუმეველთაჲსა. და შეძრწუნდა ზაქარია, იხილა რაჲ იგი, და შიში დაეცა მას ზედა. ჰრქუა მას ანგელოზმან მან: „ნუ გეშინინ, ზაქარია, რამეთუ შეისმნეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე, და უწოდი სახელი მისი იოვანე. და იყოს შენდა სიხარულ და მხიარულება, და მრავალთა შობასა მისსა განიხარონ; რამეთუ იყოს დიდ წინაშე უფლისა, და ღჳნოჲ და თაფლუჭი არა სუას, და სულითა წმიდითა აღივსოს მიერვე დედის მუცლით მისითგან. და მრავალნი ძეთა ისრაჱლისათაგანნი მოაქცინეს უფლისა, ღმრთისა მათისა. და იგი თავადი პირველად განვიდეს წინაშე მისსა სულითა და ძალითა ელიაჲსითა მოქცევად გულნი მამათანი შვილთა მიმართ და ურჩნი გონებითა მართალთაჲთა განმზადებად უფლისა ერი მომზადებული“. და ჰრქუა ზაქარია ანგელოზსა მას: „რაჲთა ვცნა ესე, რამეთუ მე მოხუცებულ ვარ, და ცოლი ჩემი გარდასრულ არს დღეთა მისთა? მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა: „მე ვარ გაბრიელ, წინაშემდგომელი პირსა ღმრთისასა, და მოვივლინე სიტყუად შენდა და ხარებად ამას. და აჰა, იყო შენ დადუმებულ და ვერშემძლებელ სიტყუად, ვიდრე დღედმდე ყოფად ამისა ამისთჳს, რამეთუ არა გრწმენეს სიტყუანი ჩემნი, რომელნი აღესრულნენ ჟამსა თჳსსა“. და დგა ერი იგი და ელოდა ზაქარიას და უკჳრდა დაყოვნებაჲ იგი მისი ტაძარსა მას შინა. და გამო-რაჲ-ვიდა, ვერ ეძლო სიტყუად მათა და ცნეს, რამეთუ ჩუენებაჲ რაჲმე იხილა ტაძარსა მას შინა. და იგი წამ-უყოფდა მათ და დაადგრა უტყუად. და ვითარცა აღესრულნეს დღენი იგი მსახურებისა მისისანი, წარვიდა სახიდ თჳსა. და შემდგომად დღეთა მათ მიუდგა ელისაბედ, ცოლი მისი, და იფარვიდა თავსა თჳსსა ხუთ თთუე და იტყოდა, ვითარმედ: „ესრეთ მიყო მე უფალმან დღეთა ამათ, რომელთა მოხედვა-ყო მოსპოლვად ყუედრებაჲ ჩემი კაცთა შორის“. ხოლო ელისაბედისნი აღივსნეს ჟამნი შობისა მისისანი, და შვა ძე. და ესმა გარემოთა და ნათესავთა, რამეთუ განადიდა უფალმან წყალობაჲ თჳსი მის თანა, და მის თანა იხარებდეს. და იყო მერვესა დღესა და მოვიდეს წინადაცუეთად ყრმისა მის და რაჲთამცა უწოდეს მას სახელად მამისა მისისა ზაქარია. და მიუგო დედამან მისმან და ჰრქუა: „არა, არამედ ეწოდოს მაგას იოვანე“. და ჰრქუეს მას, ვითარმედ: „არავინ არს ნათესავსა შენსა, რომელსა ჰრქჳან სახელი ეგე“. და წამ-უყოფდეს მამასა მისსა, რაჲძი უნდეს სახელისდებად მისა. და მოითხოვა ფიცარი და დაწერა და თქუა: „იოვანე არს სახელი მისი“. და დაუკჳრდა ესე ყოველთა. და მეყსეულად აღეღო პირი მისი და ენაჲ, და იტყოდა და აკურთხევდა ღმერთსა. და იყო შიში დიდი ყოველთა ზედა გარემომკჳდრთა მისთა, და ყოველთა მათ მთითკერძოთა ჰურიასტანისათა მიმოითქუმოდეს ყოველნი ესე სიტყუანი. და დაიდვეს გულსა, რომელთა ესმოდა ესე, და იტყოდეს: „რაჲმე იყოს ყრმაჲ ესე?“ და ჴელი უფლისაჲ იყო მის ზედა. და მამაჲ მისი ზაქარია აღივსო სულითა წმიდითა, წინაჲსწარმეტყუელებდა და თქუა: „კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაჱლისაჲ, რამეთუ მოჰხედნა და ყო ჴსნაჲ ერისა თჳსისაჲ... და შენ, ყრმაო, წინაჲსწარმეტყუელ მაღლის იწოდო, რამეთუ წარსძღუე შენ წინაშე პირსა უფლისასა განმზადებად გზათა მისთა...“ ხოლო ყრმაჲ იგი აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა სულითა. და იყო უდაბნოს, ვიდრე გამოცხადებადმდე მისა ისრაჱლისა მიმართ.