<
სანთლების კურთხევის წესი

                                                                         სანთლის კურთხევის წეს-განგება

 

სანთლების კურთხევა შეიძლება შესრულდეს როგორც მწუხრის, ისე ჟამისწირვის დამთავრების შემდეგ.

ხალხი აუნთებელი კელაპტრებით ელოდება სანთლების კურთხევას. შუა ტაძარში დადგმულ მაგიდაზე კი მსახურები აწყობენ საკურთხებლად გამზადებულ კელაპტრებსა და სანთლებს. − მათ წინ დგამენ შანდალს, რომეზეც მღვდელი ამგრებს სამ სანთელს და ანთებს მათ.

დიაკონი:

უფლისა მიმართ ვილოცოთ

მღვდელი:

„ღმერთო ძლიერო, უფალო ძალთაო, და ქუეყანისაო, დამბადებელო ზღვისაო, და ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, რომელი დამკვიდრებულ ხარ ნათელსა შეუხებელსა, რომელი ჰზი ზედა საყდართა ქერობინთა, რომელი იდიდები, ყოველთაგან დაბადებულთა შენთა, უხორცოთა ძალნი გაქებენ შენ, დასნი მთავარანგელოზთანი თაყუანის გცემენ, სერაფიმნი და ქერუბიმნი დაუდუმებელითა ხმითა სამგზის-წმიდასა გალობასა შესწირვენ, გამოუთქმელო ნათელო; გადიდებთ შენ რამეთუ სიმდაბლით მოხუედ ქუეყნად და განჰხორციელდი წმიდისაგან ქალწულისა, და მსგავს კაცთა იქმენ. დღეს მოხუედ ტაძრად, მაცხოვარო ჩუენო, და დაშჯედ მკლავთა ზედა მოხუცებულისა სვიმეონისთა, რომელსა ვერ შემძლებელ არიან ანგელოზნი მიხედვად - ცეცხლსა ღმრთეებისა შენისასა. აწცა უფალო, ვითხოვთ შენგან განათლებად სულთა და ხორცთა ჩუენთა და მოუკლებელსა შენსა სიმდიდრესა ღმრთეებისა შენისაგან, რაითა მოავლინო ჩუენ ზედა და სანთელთა ამათ ზედა - მადლი სულისა წმიდისაი, განაბრწყინვნე ლამპარნი ესე, ვითარცა ბრძენთა მათ ქალწულთანი, რაითა მიგეგებვოდით შენ შესვლასა შენსა სასძლოსა სანთლითა სუფევისა შენისაითა და ღირს-ვიქმნნეთ მადლობით დაუცხრომელად დიდებად შენდა თანა მამით და ყოვლადწმინდით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.“

მღვდელი:

მშვიდობა ყოველთა

დიაკონნი:

თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ:

მღვდელი ხელაპყრობით:

„უფალო, რომელმან მოსდრიკენ ცანი და გარდამოჰხედ ქუეყანად ცხოვრებისათვის ნათესავისა კაცთაისა, რომელსა წინათვე გვიწინასწარმეტყველებდეს წინაისწამეტყუელნი მოსვლასა შენსა, ქრისტე, სიტყუაო ღმრთისაო, რომელი განუშორებელ ხარ მამისაგან და თანამოსაყდრე, და გამოუთქმელად გაბრწყინდი წმიდისა უბიწოჲსა ქალწულისაგან, იშევ ხორცითა ვითარცა ჯერ-გიჩნდა ნებითა მამისაჲთა, გამოსჩნდი ჩჩვილი, იტვირთე წიაღთა ქალწულისათა, რომლისა გარემოჲს დგას ბევრეული დასი ანგელოზთაჲ, დღეს მოხუედ ტაძრად უფლისა აღსრულებად სჯულისა ვითარცა კაცი, და სვიმეონ მოხუცებულმან მკლავთა ზედა მიგიქუა ვითარცა ყრმაი, რომელსა შენ მიერვე სულისაგან წმიდისა ეუწყა არა ხილვად სიკუდილი, ვიდრე გიხილოს ხორციელად მოსრული უფალი, ხოლო გიხილა რაჲ, ძლიერად ღაღად-ყო და გვიქადაგა ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა, გუახარა მახარებლისა მიერ გამობრწყინვებაი შენი ჩვენ უღირსთა მონათა შენთა;

ღირს გვყუენ ჩუენ წარდგომად წინაშე შენსა სათნოებით და სიმართლით, განანათლენ გულნი ჩუენნი, ნათლითა ღმრთეებისა შენისაჲთა, და განაბრწყინვენ ლამპარნი სულთა ჩუენთანი და აკურთხენ სანთელნი ჩუენნი, ვითარცა ბრძენთა ქალწულთანი, რომელნი მოგეგებვით შენ სიხარულით, რაჲთა ღირს-ვიქმნნეთ ღმრთისმეტყუელებით გალობად ანგელოზთა თანა და გადიდებდეთ მხოლოსა უკვდავსა მეუფესა თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამენ.

დიაკონი:

უფლისა მიმართ ვილოცოთ

მღვდელი ამბობს ლოცვას, რომელსაც ეწოდება „კურთხევაჲ სანთლისაჲ“

 

„გმადლობთ შენ, რომელი ხარ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, შევწირავთ შენდა სანთელსა შენსა წმიდასა ძესა შენსა, იესუ ქრისტესა, რომელმან გამოაბრწყინვა ნათელი სიმართლისაჲ გულთა ჩუენთა და გამობრწყინდა ნათელი შენი ჩუენ ზედა, რომელნი სხენან ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა. ამის ყოვლისა ნიჭისათჳს გმადლობთ შენ და თაყუანის-გცემთ − მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ!“

 

შემგომ მღვდელი ნაკურთხ წყალს ასხურებს მაგიდაზე დაწყობილ სანთლებს და იმ აუნთებელ სანთლებს რომელიც ხალხს უჭირავთ.

შემდეგ იგი იღებს ერთ სანთელს შანდალზე დამაგრებული სამი სანთლიდან ანთებს მას და გადაუკიდებს დიაკონსა და ტაძარში მდგომ ერს. მთელი ტაძარი ანთებული სანთლებით გაბრწყინდება.

 

დიაკონი იტყვის :

უფლისა მიმართ ვილოცოთ

მღვდელი მარჯვენა ხელში ანთებული სანთლით ამბობს:

„აღანთე სანთელი, სახიერო კაცთმოყუარეო, რამეთუ ბუნებაჲ ცეცხლისაჲ შეჰქმენ და საჴმარებაჲ ნათლისაჲ მოგუმადლე, გმადლობთ შენ ყოველთა ზედა და შევწირავთ შენდა სანთელსა მას ბრწყინვალესა მოსლვასა შენსა, რაჲთა გჳძღოდეს ჩუენ ნათლად საუკუნოდ მადლითა და წყალობითა და კაცთმოყუარებითა ქრისტეს შენისაჲთა, რამეთუ შენი არს დიდებაჲ უკუნითი-უკუნისამდე, ამინ!

(შევნიშნავთ, რომ სანთლის კურთხევისათვის ეს ლოცვა იკითხება სხვა ნებისმიერ დღესაც)

გუნდი(ან ერი) გალობს:

აწ განუტევე მონა შენი მეუფეო სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი, რომელი განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაილისა.

 

შემდეგ მღვდელი სანთლით და დიაკონი სანთლითა და საცეცხლურით, სტიქაროსნები ბაირაღებით და ხატებით, მრევლიც ანთებული სანთლებით გამოდიან გარეთ და ლიტანიობითა და გალობით უვლიან ტაძარს.

 

ტაძარში შესვლისას

დიაკონი:

უფლისა მიმართ ვილოცოთ

მღვდელი:

უფალო, ღმერთო ჩუენო, რომელმან შეჰქმენ ნათელი და დაჰბადე ბნელი, ბუნებაჲცა ცეცხლისაჲ შეჰქმენ საჴმარად ჩუენდა და მსახურებისა შენისა, შენ გევედრებით და შევსწირავთ შენდა დღისა ამის თაყუანისცემასა. ღირს-მყვენ ჩუენ სამარადისოსა ნათელსა შენსა, სადა ყოველნი წმიდანი შენნი მკჳდრ არიან,

რამეთუ შენ ხარ განმანათლებელი სულთა და ჴორცთა ჩუენთაჲ და შენდა დიდებასა შევსწირავთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ!

 

როცა სანთლის კურთხევა ჟამისწირვაზე აღესრულება ამ ლოცვას მოებმის:

 

“იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე”...

 

და აღესრულება ჩამოლოცვა.

 

შეხსენება:

ქართულ სამღვდელო კონდაკებში(ვახტანგ ბატონიშვილი, ტფილისი 1710წ. 196-206 გვ.) მოიპოვება ლოცვანი „ერის განტევებისა − ყოველთა დღესასწაულთანი“. ქართული ტრადიციის მიხედვით, მირქმის დღესასწაულსაც აქვს სადღესასწაულო განტევების ლოცვა(იგულისხმება ამბიონის ქვემოთ, – “წინაით კერძო ამბონისა” ლოცვა), სათაურით: „ერის განტევება მიგებებისა“ (საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2023წ. 201გვ. ). მღვდელს შეუძლია, ჟამისწირვის ბოლო ლოცვის სანაცვლოდ(„რომელი აკურთხევ მაკურთხეველთა შენთა უფალო, და წმიდა ჰყოფ შენდა მომართ მსასოებელთა შენთა...“) ამბიონის წინ წაიკითხოს მირქმა-მიგებების დღესასწაულის განსატევებელი ლოცვა.

                                                                     

                                                                       ერის განტევება „მიგებებისა“

 

მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან მხოლოდშობილი ძე შენი მოავლინე სოფლად, შობილი დედაკაცისაგან, და იქმნა იგი შჯულსა ქუეშე, რაითა შჯულსა ქუეშე მყოფნი გამოიხსნეს, და რაითა ჩვენ შვილებაჲ იგი მოვიღოთ სულისა შენისა მიერ ყოვლად წმიდისა. რომლისა მოსლვა მისი მოხუცებულსა სვიმეონს წინათვე ახარე, და ესე მო-რაჲ-ვიდა ტაძრად, აუწყე მას. შენ, მეუფეო სახიერო, ჩვენცა უღირსნი მონანი შენნი განგვანათლენ ბრწყინვალებითა შენითა, და შეიწირე კნინი ესე ვედრებაჲ, ვითარცა წინაწარმეტყუელისა შენისა ანნას აღსარება. და ღირს მყვენ ჩვენ საცნაურითა წიაღითა სამარადისოდ შეტკბობად სიტყუასა შენსა განხორციელებულსა უქცეველად, და ტაძრად განწმედილად წოდებად ყოვლად წმიდისა სულისა შენისა. და მორწმუნესა ერსა ჩვენსა მეუფებასა მისსა ახარე ძალითა შენითა და მტერთა მიმართ ძლევა მიანიჭე მას, რაითა ჩვენ მიერცა იდიდოს დიდად შუენიერი და უფროსად დიდებული სახელი შენი, და მხოლოდშობილისა ძისა შენისა, და ყოვლად წმიდისა და სახიერისა და ცხოველს მყოფელისა სულისა შენისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.