დავითობა 900

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი

დავით IV აღმაშენებელი საქართველოს ისტორიაში უდიდესი მეფეა. მან დამპყრობელთაგან და შინაფეოდალური დაპირისპირებისაგან დაუძლურებული საქართველო კვლავ გააერთიანა, აღკვეთა ფეოდალთა თვითნებობა, გაატარა სამხედრო, ეკონომიკური და საეკლესიო რეფორმები; გააძლიერა ცენტრალური ხელისუფლება, ხელი შეუწყო ეკლესიის განმტკიცებას და ტაძართა და მონასტერთა აღმშენებლობას; ქვეყნიდან განდევნა თურქ-სელჩუკები, 400 წლოვანი ბატონობისაგან გაათავისუფლა საქართველოს დედაქალაქი თბილისი და სამეფო ტახტი ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანა. დავითის სახელთანაა დაკავშირებული მრავალი გამარჯვება, რომელთა შორის განსაკუთრებული და სასახელოა დიდგორის ომში ,,ძლევაჲ საკვირველი“ (1121 წლის 12 აგვისტო).

ღვთივკურთხეულმა მეფემ „შემოკრიბნა კაცნი პატიოსანნი ცხოვრებითა და შემკული ყოვლითა სათნოებითა“. მან დიდი ყურადღება დაუთმო სწავლა-განათლებას; ეკლესია-მონასტრებთან დააფუძნა სასწავლო კერები. აღაშენა, განაახლა, მოახატინა და შეამკო მრავალი ტაძარი მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათ შორის უნიკალური მხატვრობით გამორჩეულია გელათის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც იყო „აღმატებული ყოველთა წინანდელთა ქმნულთა“. მისივე ბრძანებით დაფუძნდა გელათის აკადემია, რომელიც იწოდა: ,,ყოვლისა აღმოსავლეთისა მეორედ იერუსალიმად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღუარად სწავლულებისად, სხუად ათინად, ფრიად უაღრეს მისსა საღმრთოთა შინა წესთა“. (დავითის ისტორიკოსი) მსგავსი მწიგნობრული კერა შეიქმნა აღმოსავლეთ საქართველოშიც, - მეფემ აღადგინა იყალთოს სამონასტრო კომპლექსი და განაახლა აკადემიაც.

დავითი დიდ ყურადღებას აქცევდა სულიერ-კულტურული ცენტრების გამრავლებას საზღვარგარეთაც. „...აღავსო ზღუა და ხმელი ქუელის საქმემან მისმან. რამეთუ ლავრანი და საკრებულონი და მონასტერნი არა თჳსთ ოდენ სამეფოთა, არამედ საბერძნეთისნიცა მთაწმინდისა და ბორღალეთისანი, მერმეცა ასურეთისა და კჳპრისა, შავისა მთისა, პალესტინისანი, აღავსნა კეთილითა, უფროსღა საფლავი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, და მყოფნი იერუსალიმისანი თჳთოფერთა მიერ შესაწირვთა განამდიდრნა. კუალად უშორესცა ამათსა: რამეთუ მთასა სინასა... აღაშენა მონასტერი და წარსცა ოქრო მრავალათასეული, და მოსაკიდელნი ოქსინონი, და წიგნები საეკლესიო სრულებით, და სამსახურებელი სიწმინდეთა ოქროსა რჩეულისა“.

ქართველი ერის წინაშე განუზომლად დიდი დამსახურებისათვის ერმა მას აღმაშენებელი უწოდა. დავითისათვის, ამ ზედსახელის დარქმევას XVIII საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი ასე ხსნის:

,,ხოლო მეფესა დავითს ამისთვის ეწოდა აღმაშენებელი, რამეთუ ოდეს იქმნა მეფედ, იყო ქუეყანა ესე სრულიად ოხერ; ამან განავსნა და აღაშენნა, რომელ არღარა ეტეოდა ამით, რამეთუ იყო მოშიში და მოყუარე ღვთისა, გლახაკთა, ქურივთა და ობოლთა მოწყალე, სნეულთა თვითმსახური, ეკლესიათა ქსენონთა მაშენებელი...“

დავით მეფე გარდაიცვალა 1125 წლის 24 იანვარს. ქართულმა ეკლესიამ (სავარაუდოდ XVI საუკუნეში) იგი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ დააწესა 26 იანვარი (ახალი სტილით 8 თებერვალი). ეს ინფორმაცია მოიპოვება კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ I-ის ,,წყობილსიტყვაობაში“. რა წყაროებს ეყრდნობა იგი ცნობილი არ არის.

1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს) ივანე ჯავახიშვილმა წმ. მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს დაამთხვია თბილისში ქართული უნივერსიტეტის საზეიმო გახსნა. 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს) დილის 10 საათზე უნივერსიტეტის შენობაში არსებულ წმინდა დავით აღმაშენებლის სახ. ტაძარში (შემდეგ იქ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა იყო განთავსებული, დღეს კი - ვაჟა-ფშაველას სახელობის დარბაზია) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა კირიონ II-მ ახლადგახსნილ უნივერსიტეტის პროფესურის თანდასწრებით გადაიხადა სამადლობელი პარაკლისი. ამ დღეს უნივერსიტეტის დაარსება არ იყო შემთხვევითი ფაქტი, ამით ხაზი გაესვა იმას, რომ ქართული უნივერსიტეტი იყო გელათის დიდი სამეცნიერო სკოლის მემკვიდრე.

მრავალმხრივი და შთამბეჭდავია დავით IV აღმაშენებლის ცხოვრება და მოღვაწეობა; განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შექმნილი ,,გალობანი სინანულისანი“. ასევე შემორჩენილია შიო მღვიმის მონასტრისადმი მისი ანდერძი, რომლის მეშვეობითაც საცნაურდება, როგორი მზრუნველი იყო მეფე ამ მონასტრისადმი და ზოგადად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი.

მეფეთ-მეფე დავითი, - მამაცი, ქვეყნისა და ხალხისათვის დამაშვრალი და თავდადებული, სიბრძნის მოყვარე და განათლების ხელშემწყობი, ღრმად მორწმუნე და ეკლესიათა მაშენებელი, თავმდაბალი და შემკული ყოველგვარი ღირსებით, საუკუნეებია ქართველთა მეოხია ღვთის წინაშე და დღესაც მას შევთხოვთ, შეავედროს უფალს საქართველო და ყოველნი მკვიდრნი მას შინა.

გილოცავთ ხსენებას წმინდისა კეთილმსახურისა მეფისა დავით აღმაშენებელისა (1125წ).

მისი მეოხებით ღმერთმა დალოცოს, აკურთხოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ.

08.02.2025

 

https://fb.watch/xIMG4OxCM2/