2022 წელს: 31 მარტის (13 აპრილის)

დიდმარხვის VI, ბაიაობის (ბზობის) შვიდეულის ოთხშაბათის [2022 წელს: 31 მარტის (13 აპრილის)] საკითხავნი წმიდა წერილიდან:

წინაჲსწარმეტყუელებაჲ ესაიაჲსი, LVIII, 1-11:

ეს. LVIII: 1 <ესრეთ იტყჳს უფალი:> ღაღად-ყავ ძლიერად და ნუ სდუმი და, ვითარცა საყჳრმან, აღიმაღლე ჴმაჲ შენი და მიუთხრენ ერსა ჩემსა ცოდვანი მათნი და იაკობსა – უშჯულოებანი მისნი. 2 მე დღითი-დღე მეძიებენ და ცნობად გზათა ჩემთა გული-ეტყჳს, ვითარცა ერსა, რომელსა სიმართლჱ უქმნიედ და სამართალი ღმრთისაჲ დაუმარხავნ. აწ მთხოენ მშჯავრსა სიმართლისასა და მიახლებად ღმრთისა გული-უთქუამს 3 და იტყჳან: რაჲ არს ესე, რამეთუ ვიმარხევდით, და შენ არა იხილე? დავიმდაბლენით გულნი ჩუენნი, და შენ არა გულისხმა-ჰყავ? ამისთჳს, რამეთუ დღეთა მარხვისა თქუენისათა იპოვის ნებაჲ თქუენი აღსრულებული და ყოველთა უძლურთა, რომელნი არიან ჴელმწიფებასა ქუეშე თქუენსა, მათ დაჰკორტნიდით; 4 ანუ საშჯელად და ლალვად იმარხავთ და თქუენ ჰგუემთ ჴურთითა მოყუასსა მას მედად. აწ უკუე რაჲსა მიჴმს ეგევითარი მარხვაჲ და ღაღადებაჲ თქუენი ჩემ წინაშე, და მემცა ვისმინე თქუენი? 5 არა ესევითარი მარხვაჲ გამოვირჩიე მე და დღჱ დამდაბლებისა კაცისა სულისა თჳსისაჲ, რომელთა-იგი მოიდრიკნით თავნი თქუენნი. აწ შე-ღათუ-იდრიკო, ვითარცა გრკალი, ქედი შენი და ძაძაჲ შთაიცუა და ნაცარი დაიფინო, მითცა არავე ჰრქჳან მარხვა და დღე სათნო უფლისა; 6 არამედ არა ეგევითარი მარხვაჲ გამოვირჩიე, იტყჳს უფალი, არამედ განიჴსენ ყოველი კრულებაჲ სიცრუვისაჲ და განხეთქე ყოველივე გულარძნილებაჲ მძლავრობით ვაჭრობისაჲ და განუტევენ მიტევებით და ყოველი ჴელითწერილი სიცრუვისაჲ განხეთქე. 7 და ეც მშიერთა პური შენი და გლახაკნი უსადგურონი შეიყვანენ სახიდ შენდა. იხილო თუ შიშუელი, შემოსე იგი და თჳსი ნათესავისა შენისაჲ არა უგულებელს-ჰყო. 8 მაშინ წარგემართოს მსთუად ნათელი შენი, და ლხინებაჲ შენი ადრე აღმოსცენდეს, და ვიდოდის წინაშე შენსა სიმართლჱ შენი, და დიდებაჲ იგი ღმრთისაჲ გარე-მოგადგეს შენ. 9 მაშინ ჰღაღადებდე, და ღმერთმან ისმინოს შენი და ვიდრე სიტყუადმდე შენდა გრქუას: აქა ვარ. უკუეთუ მოისპო შენგან კრულებაჲ და ჴელით-ურიდებაჲ და სიტყუაჲ დრტჳნვისაჲ, 10 და სცე მშიერსა პური შენი გულითა ჴსნილითა და სული ჴუებული განაძღო, მაშინ გამოგიბრწყინდეს ბნელსა შინა ნათელი შენი, და ბნელი შენი, ვითარცა შუასამხრის. 11(ა) და იყოს ღმერთი შენ თანა მარადის.

† † † † † † †

წიგნი დაბადებისაჲ [შესაქმისაჲ], XLIII, 26-31; XLV, 1-16.

დაბად. XLIII: 26 შევიდა იოსებ სახიდ თჳსა და შეართუეს მას <ძმათა მისთა> ძღუენი, რომელი აქუნდა ჴელთა მათთა, <სახლსა შინა მისსა,> და თაყუანის-სცეს მას თავით ქუეყანასა ზედა. 27 ჰკითხა იოსებ მათ: ვითარ-რაჲ ცოცხლებით იყვენით? და ჰრქუა მათ: სიმრთელით არს-ა მამაჲ თქუენი მოხუცებული, რომლისაჲ სთქუთ ჯერეთ სიცოცხლჱ? 28 ხოლო მათ ჰრქუეს: სიმრთელით არს მონაჲ იგი შენი, მამაჲ ჩუენი, ჯერეთ ცოცხალ არს. თქუა იოსებ: კურთხეულ არს კაცი იგი ღმრთისა მიერ. და იგინი მოდრკეს და თაყუანის-სცეს მას. 29 აღიხილნა თუალნი თჳსნი იოსებ და იხილა ბენიამინ, ნაშობი დედისა მისისაჲ*, და თქუა: ესე არს ძმაჲ თქუენი უმრწემჱსი, რომლისაჲ სთქუთ ჩემდა მომართ მოყვანებაჲ? და ჰრქუა: ღმერთმან შეგიწყალენ შენ, შვილო! 30 შეძრწუნდა იოსებ, რამეთუ შეიწუებოდეს ნაწლევნი მისნი ძმასა მისსა ზედა, და ეგულვა ტირილდ. შევიდა საუნჯედ და ტიროდა მუნ. 31 და დაიბანა პირი თჳსი და გამოსრულმან დაითმინა ტირილი და უბრძანა დაგებაჲ პურისაჲ. XLV: 1 და ვერღარა ეძლო იოსებს დათმენად ყოველთა წინაშემდგომელთა მისთა და თქუა: განავლინეთ ყოველი კაცი ჩემგან! და არავინ დგა წინაშე იოსებისა არცა ერთ, რაჟამს გამოეცხადებოდა იოსებ ძმათა თჳსთა. 2 და აღიმაღლა ჴმაჲ ტირილით და ესმა ყოველთა მეგჳპტელთა და მიესმა სახლსა ფარაოჲსსა. 3 ჰრქუა იოსებ ძმათა თჳსთა: მე ვარ იოსებ. ცოცხალღა არს-ა მამაჲ ჩემი? და ვერ მიუგეს სიტყუაჲ ძმათა მისთა, რამეთუ ეშინოდა, და შეძრწუნდეს ფრიად. 4 ჰრქუა იოსებ ძმათა თჳსთა: მომეახლენით მე! და იგინი მიეახლნეს. და ჰრქუა მათ: მე ვარ იოსებ, რომელი მომყიდეთ ეგჳპტედ. 5 ხოლო აწ ნუ სძრწით, ნუცა ფიცხელ-გიჩს თქუენ, რამეთუ მომყიდეთ მე აქა, რამეთუ ცხოვრებისა თქუენისათჳს მომავლინა მე ღმერთმან წინაშე თქუენსა. 6 რამეთუ ესე მეორეღა წელი არს სიყმილი ქუეყანასა ზედა და მერმე ხუთნი წელნი სხუანიღა ყოფად არიან, რომელთა არა იყოს ჴნვა, არცა ლეწვა. 7 და მომავლინა მე ღმერთმან თქუენსა წინა, რაჲთა დაშთეს ნეშტი თქუენი ქუეყანასა ზედა გამოზრდად ქუეყანასა ნეშტად დიდად. 8 ხოლო აწ არა თქუენ მომავლინეთ აქა, არამედ – ღმერთმან, და მყო მე ვითარცა მამაჲ ფარაოჲსი და უფალ ყოველსა სახლსა მისსა და მთავარ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა. 9 აწ ისწრაფეთ და აღვედით მამისა ჩემისა და არქუთ მას: ამას იტყჳს იოსებ, ძჱ შენი: მყო მე ღმერთმან უფალ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა. შთამოვედ ჩემდა და ნუ ჰყოვნი. 10 და დაემკჳდრო ქუეყანასა გესემისასა, რომელ არს არაბიაჲსაჲ, და იყავ მახლობელად ჩემდა, შენ და ძენი შენნი და ძენი ძეთა შენთანი, ცხოვარი და ზროხაჲ შენი და რაოდენი რაჲ არს შენი, 11 და მე გამოგზარდო შენ მუნ, რამეთუ ხუთ წელღა სიყმილი ყოფად არს, რაჲთა არა მოსწყდეთ შენ და ძენი შენნი და ყოველი მონაგები შენი. 12 აჰა-ესერა, თუალნი თქუენნი ჰხედვენ და თუალნი ბენიამინისნი, ძმისა ჩემისანი, რამეთუ პირი ჩემი გეტყჳს თქუენ. 13 უთხართ მამასა ჩემსა ყოველი დიდებაჲ ჩემი ეგჳპტეს შინა და რაოდენი-ესე იხილეთ. და ადრე ყავთ და მოიყვანეთ მამაჲ ჩემი აქა. 14 და მოეხჳა ქედსა ბენიამინისსა, ძმისა თჳსისასა, და ტიროდა მას ზედა და ბენიამინ ტიროდა ქედსა ზედა იოსებისსა. 15 და ამბორს-უყოფდა ყოველთა ძმათა თჳსთა და ტიროდა მათ თანა. ამისა შემდგომად ეტყოდეს ძმანი მისნი. 16 და მიიწია სიტყუაჲ ესე ყურთა ფარაოჲსთა და უთხრეს, ვითარმედ მოსრულ არიან ძმანი იოსებისნი. განიხარა ფარაო და ყოველთა მსახურთა მისთა.

† † † † † † †

* „ნაშობი დედისა მისისაჲ“შდრ. C: „ერთდედითი“ (μομτριος).

† † † † † † †

იგავნი სოლომონისნი, XXI, 23-XXII, 4.

იგავ. XXI: 23 რომელმან დაიცვეს პირი თჳსი და ენაჲ, დაიმარხოს ჭირისაგან სული თჳსი. 24 ფიცხელსა და ლაღსა ბილწ ჰრქჳან, ხოლო რომელი ძჳრსა იჴსენებდეს, მას – უშჯულო, 25 გულისთქუმათა მოაკუდინიან მცონარი, რამეთუ არარაჲ უნებნ საქმედ რაჲსამე ჴელთა მისთა. 26 უღმრთოსა მას გული-უთქუამნ ყოველთა დღეთა გულისთქუმასა ბოროტსა, ხოლო მართალსა მას ეწყალინ და სწალობნ ურიდად. 27 მსხუერპლნი უღმრთოთანი – საძაგელ უფლისა, რამეთუ უშჯულოებით შესწირვენ მას. 28 მოწამჱ მტყუვარი წარწყმდეს, ხოლო კაცი მორჩილი კრძალულად იტყჳნ. 29 კაცი უღმრთოჲ ურცხჳნოდ წინა-აღუდგის პირსა, ხოლო წრფელმან მან გულისხმა-ყვნეს გზანი მისნი. 30 არა არს კაცისა სიბრძნჱ, არა არს კაცისა სიმჴნჱ, არა არს ზრახვაჲ მჴდომ უფლისა. 31 ცხენი განემზადებინ დღედ ბრძოლისა, ხოლო უფლისა მიერ არს შეწევნაჲ. XXII: 1 უმჯობჱს არს სახელი კეთილი, ვიდრე სიმდიდრესა მრავალსა, ხოლო უფროჲს ოქროჲსა და ვეცხლისა და ანთრაკისა – მადლი კეთილი. 2 მდიდარი და გლახაკი შეიმთხჳნეს ურთიერთას, ხოლო ორნივე უფალმან შექმნნა. 3 ბრძენმან იხილა უკეთური ტანჯვასა შინა და ძლიერად თჳთ ისწავების, ხოლო უგუნურნი იგი თანაწარჰჴდეს და იზღვინეს. 4 შობაჲ* სიბრძნისაჲ – შიში უფლისაჲ, სიმდიდრჱ, დიდებაჲ და ცხოვრებაჲ.

† † † † † † †

* აქ: ნაშობი (ნაყოფი).

† † † † † † †

შენიშვნა: წმიდა წერილის ტექსტთა რედაქტორი: ედიშერ ჭელიძე.

† † † † † † †