2022 წელს: 1(14) აპრილის

დიდმარხვის VI, ბაიაობის (ბზობის) შვიდეულის ხუთშაბათის [2022 წელს: 1(14) აპრილის] საკითხავნი წმიდა წერილიდან:

წინაჲსწარმეტყუელებაჲ ესაიაჲსი, LXV, 8-16:

ეს. LXV: 8 ამას იტყჳს უფალი: ვითარცა იპოვის მარცუალი ტევანსა შინა და თქუან: ნუ განჰრყუნით მას, რამეთუ კურთხევაჲ უფლისაჲ არს მას შინა, ეგრეთ ვყო მისთჳს, რომელნი-იგი მმონებდეს მე, ამისთჳს არა წარვწყმიდნე ყოველნი; 9 და გამოვიყვანო იაკობისაგან თესლი და იუდაჲსგან და დაიმკჳდროს მთაჲ წმიდაჲ ჩემი, დაიმკჳდრონ რჩეულთა ჩემთა და მონათა ჩემთა და დაეშჱნნენ მუნ. 10 და იყვნენ მაღნარსა შინა საყოფელნი სამწყსოთანი და ჴევი იგი აქორისაჲ – განსასუენებელ მროწეულთა მათ ერისა ჩემისა, რომელნი მეძიებდეს მე. 11 ხოლო თქუენ, რომელთა დამიტევეთ მე და დაივიწყეთ მთაჲ წმიდაჲ ჩემი და განუმზადებდით ბედსა* ტაბლასა და აღუვსით ეშმაკსა საწდჱ**, 12 აწ მიგცნე თქუენ მახჳლსა და ყოველნივე მოსრვით დაეცნეთ, რამეთუ გიწოდე თქუენ, და არა მერჩდით მე, გეტყოდე თქუენ, და არა ისმინეთ ჩემი და ჰყავთ ბოროტი წინაშე ჩემსა და, რაჲ-იგი მე არა მინდა, გამოირჩიეთ თქუენ. 13 ამისთჳს ამას იტყჳს უფალი: აჰა-ესერა, რომელნი მმონებდენ მე, იგინი ჭამდენ, ხოლო თქუენ გშიოდის; და რომელნი მმონებდენ მე, იგინი სუმიდენ, ხოლო თქუენ გწყუროდის; და რომელნი მმონებდენ მე, იგინი იშუებდენ, ხოლო თქუენ გრცხუენოდის; 14 და რომელნი მმონებდენ მე, იგინი იხარებდენ სიხარულითა გულისა მათისაჲთა, ხოლო თქუენ ჰღაღადებდეთ სალმობითა გულისა თქუენისაჲთა და ჭირითა სულისა თქუენისაჲთა ჰგოდებდეთ. 15 რამეთუ დაუტევო სახელი ჩემი მაძღრივ რჩეულთა ჩემთა, ხოლო თქუენ მოგსრნეს უფალმან, ხოლო რომელნი მმონებდენ მე, მათ ეწოდოს სახელი ახალი, 16 რომელი იკურთხეოდის ქუეყანასა ზედა, რამეთუ აკურთხევდენ ღმერთსა ჭეშმარიტსა, და რომელნი ფუცვიდენ ქუეყანასა ზედა, ფუცვიდენ ჭეშმარიტსა ღმერთსა, რამეთუ დაავიწყდეს ჭირი იგი პირველი და არცაღა მოუჴდეს გულსა მათსა.

† † † † † † †

* ბედისწერას.

** „განუმზადებდით ბედსა ტაბლასა და აღუვსით ეშმაკსა საწდჱ“ – ასეა OJ-ში.  Spt-ის ძირითად ტექსტში პირუკუ ვითარებაა (ტაბლას განუმზადებენ ეშმაკს და საწდეს – ბედისწერას, რაც ასახულია S-ში: „განმმზადებელნი ეშმაკისათჳს ტაბლისანი და აღმავსებელნი ბედისათჳს განზავებულისანი“ – τοιμζοντες τ δαιμονίῳ τρπεζαν κα πληροντες τ τχ κρασμα, ...), თუმცა ამავე Spt-ის ნუსხათა ნაწილი ზედმიწევნით იმგვარსავე ტექსტს წარმოგვიდგენს, რასაც OJ...

† † † † † † †

წიგნი დაბადებისაჲ [შესაქმისაჲ], XLVI, 1-7.

დაბად. XLVI: 1 წარვიდა ისრაჱლ, იგი და ყოველივე მისი, და მოვიდა ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა და შეწირა მსხუერპლი ღმრთისა მამისა თჳსისა ისააკისა. 2 ჰრქუა ღმერთმან ისრაჱლს ჩუენებასა ღამისასა: იაკობ, იაკობ! ხოლო მან ჰრქუა: აქა, უფალო! 3 და თქუა: მე ვარ ღმერთი მამათა შენთაჲ. ნუ გეშინინ შთასლვად ეგჳპტედ, რამეთუ ნათესავად დიდად გყო შენ მუნ. 4 და მე შთამოვიდე შენ თანა ეგჳპტედ და აღმოგიყვანო შენ მიერ სრულიად. და იოსებ დაგასხნეს ჴელნი თუალთა შენთა. 5 აღდგა იაკობ ჯურღმულისა მისგან ფიცისა და წარიყვანეს ძეთა იაკობისთა ისრაჱლ, მამაჲ მათი, აღსხეს ჭურჭერი მათი და ცოლები მათი ურმებსა, რომელ მიეძღუანა იოსებს. 6 და წარიღეს ნაყოფი მათი და ყოველი მონაგები მათი, რაოდენი რაჲ მოეგო ქანაანისა ქუეყანასა, და შთავიდეს ეგჳპტედ იაკობ და ნათესავნი მისნი მის თანა, 7 ძენი მისნი და ძენი ძეთა მისთანი და ასულნი მისნი და ასულნი ასულთა მისთანი და ყოველი ნათესავი მისი შთაიყვანა ეგჳპტედ.

† † † † † † †

იგავნი სოლომონისნი, XXIII, 15-XXIV, 5.

იგავ. XXIII: 15 შვილო, უკუეთუ ბრძენ იყოს გული შენი, ახარო გულსაცა ჩემსა, 16 და ეგნენ ბაგეთა ჩემთა სიტყუანი პირსა შენსა, უკუეთუ იყვნენ წრფელ. 17 ნუ ჰბაძავნ გული შენი ცოდვილთა, არამედ შიშსა შინა იყავ ყოველთა დღეთა. 18 უკუეთუ დაიმარხნე იგინი, გექმნენ შენ ნაშობ და სასოებაჲ შენი არა განგეშოროს შენგან. 19 ისმინე, შვილო, და ბრძენ იქმენ და წარიმართე გონიერებაჲ გულსა შენსა. 20 ნუ იყოფვი მოღჳნე და ნუცა ჰხედავ თანაზიარებასა სხუათასა და ჴორცისა სყიდასა, 21 რამეთუ ყოველი მომთრვალჱ და მეძავი დაგლახაკნეს და შეიმოსოს სამოსელი დაპებული და დაბებკული ყოველმან მოძილმან*. 22 ისმინე, შვილო, მამისაჲ, რომელმან გშვა შენ, და ნუ შეურაცხ-ჰყოფ, რამეთუ დაბერდა დედაჲ შენი. 23 მოიგე ჭეშმარიტებაჲ და ნუ განიშორებ სიბრძნესა და სწავლასა და მეცნიერებასა. 24 კეთილად განზარდნეს შვილნი მამამან მართალმან და ძესა ზედა ბრძენსა იხარებნ სულითა. 25 იხარებდინ მამაჲ შენი და დედაჲ შენი შენ ზედა და მხიარულ-იყავნ მშობელი შენი. 26 მომეც მე, შვილო, გული შენი, და თუალნი შენნი გზათა ჩემთა სცვიდედ! 27 რამეთუ ჭური განჴურეტილი არს სხჳსა სახლი და ჯურღმული იწროჲ – უცხოჲ**. 28 რამეთუ ესე მეყსეულად წარწყმდეს და ყოველი უშჯულოჲ მოიჴოცოს. 29 ვისსა ვაჲ, ვისსა შფოთი, ვისსა საშჯელი და ჭირი, ვისსა ურვანი, ვისსა შემუსრვანი ცუდნი, ვისნი ლბილ არიან თუალნი? 30 ანუ არა მათთა, რომელთა-იგი დაყოვნიან ღჳნოსა ზედა, რომელნი-იგი იკულევედ, სადა-ძი სუმანი არიან? 31 ნუ დაითრვებით ღჳნითა, არამედ ზრახევდით კაცთა მართალთა და ზრახევდით ურთიერთას სლვასა შინა. უკუეთუ ფიალებსა და სასუმლებსა მისცნეთ თუალნი თქუენნი, უკუანაჲსკნელ ხჳდოდით უშიშულჱსნი საცეხულისა თავისა***. 32 ხოლო დასასრულსა, ვითარცა გუელისა ნაცემი, განეზავოს და, ვითარცა რქოსნისა გუელისაჲ, განეწონოს მას. 33 თუალთა შენთა რაჟამს იხილონ დედაკაცი უცხოჲ, მაშინ პირი შენი იტყოდის გულარძნილსა. 34 და შთაჰვარდე, ვითარცა გულსა ზღჳსასა და, ვითარცა ნავისმავლინებელი****, მრავალთა შინა ღელვათა. 35 და მაშინ სთქუა: მცეს მე და არა მტკიოდა, და მეკიცხევდეს მე და არა ვცან. ოდეს-მე ცისკარი იყოს, რაჲთა განვიდე და ვიძიო, რომელთა თანა ვიდოდი? XXIV: 1 შვილო, ნუ ჰბაძავ კაცთა უკეთურთა, ნუცა გული-გითქუამნ ყოფად მათ თანა, 2 რამეთუ სიცრუვესა იწურთის ენაჲ მათი და სალმობასა ბაგენი მათნი იტყჳან. 3 სიბრძნით იშჱნების სახლი და გულისხმისყოფით აღემართების. 4 მეცნიერებით აღივსებიან საუნჯენი სავსენი ყოვლითა სიმდიდრითა პატიოსნითა კეთილითა. 5 უმჯობჱს არს ბრძენი ძლიერისა და კაცი, რომელსა გონიერებაჲ აქუნდეს – ქუეყანისმოქმედისა დიდისა.

† † † † † † †

* ძილისგუდამ, უქნარამ.

** ე. ი. უცხო ჭა ვიწროა.

*** „საცუხუ[ე]ლისა თავი“ – როდინი, ფილთაქვა, ფილი, სანაყი.

**** ხომალდის მესაჭე.

† † † † † † †

შენიშვნა: წმიდა წერილის ტექსტთა რედაქტორი: ედიშერ ჭელიძე.

† † † † † † †