14 (27) იანვარი

ცისკარზე: წმ. ნინოსი

მთ. X, 1, 5-8. [დას. ლდ(34)-შუა].

<მას ჟამსა შინა მოუწოდა იესუ> ათორმეტთა მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდათა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა. ესე ათორმეტნი წარავლინნა იესუ, ამცნო მათ და ჰრქუა: „გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ, არამედ მივედით უფროჲს-ხოლო ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა. და მი-რაჲ-ხჳდეთ, ქადაგებდით და იტყოდეთ, ვითარმედ: «მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ». უძლურთა განჰკურნებდით, მკუდართა აღადგინებდით, კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით. უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით.

 

წირვაზე: მოც.სწ.

1 კორ. IV, 9-16. [დას. რლა(131)]

<„ძმანო, ღმერთმან ჩუენ,> მოციქულნი, უკუანაჲსკნელად გამოგუაჩინნა, ვითარცა სასიკუდინენი, რამეთუ სახილველ ვიქმნენით სოფლისა და ანგელოზთა და კაცთა. ჩუენ – სულელ ქრისტესთჳს, ხოლო თქუენ – ბრძენ ქრისტეს მიერ; ჩუენ – უძლურ, ხოლო თქუენ – ძლიერ; თქუენ – დიდებულ, ხოლო ჩუენ – გინებულ. ვიდრე [აწინდელად]* ჟამადმდე გუშიისცა და გუწყურისცა და შიშუელ ვართ და ვიქენჯნებით, და განუსუენებელ ვართ**, და ვშურებით, რამეთუ ვიქმთ ჴელითა ჩუენითა. [გინებულნი]* ვაკურთხევთ, [დევნილნი]* თავს-ვიდებთ; [გმობილნი ვჰლოცავთ]*. ვითარცა ნარჩევნი*** სოფლისანი შევიქმნენით, ყოველთა წარსაჴოცელ**** მოაქამდე. არა საკდემელად თქუენდა მივსწერ ამას, არამედ ვითარცა შვილთა ჩემთა საყუარელთა გასწავებ, რამეთუ დაღათუ ბევრ მზარდულ გესხნენ ქრისტეს მიერ, არამედ არამრავალ მამა, რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ სახარებისა მისგან მე გშვენ თქუენ. გლოცავ თქუენ, მობაძავ ჩემდა იყვენით.

* ახალი რედაქციიდან.

** ეფრ. «დაუდგრომელ ვართ» (ἀστατοῦμεν).

*** „ნარჩევნი“ – შდრ. შესაბამისი კომენტარის ექვთიმესეული თარგმანი: „ვითარცა შეურაცხნი და ყოველთა მიერ საძულელნი და გარეგანსაყრელნი ვიქმნენით ყოვლისავე სოფლისა“ (ექვთ. პავლ. 193). შდრ. ეფრემის თარგმანი: „«ნარჩევ» სახელ-იდვა, რომელი-ესე არს ზოგად ყოველთა ნივთთა შინა უდარესად მყოფი იგი და განსაგდებელი კერძოჲ, ვითარ-იგი მხლისაგან – დამჭნარი და იფქლისაგან – მიწაჲ“ (ეფრ. II, 202).

**** „წარსაჴოცელ“ – ყველა რედაქციაში არის «ნასხურ», რასაც როგორც არქაიზმს და მკითხველისთვის გაუგებარს, ეფრემი ცვლის ტერმინით: «წარსაჴოცელ». შდრ. „«ნასხურ», გინა თუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, «წარსაჴოცელ» უწოდა, რომელ არს საბანი რაჲმე გინა თუ მანდილი, რომლითა წარჰჴოციან ოფლი სნეულისაჲ" (ეფრ. II, 202). შდრ. ი. აბულაძის განმარტება: „ნასხური – სახოცი, მჩვარი; ნაგავი" (ძვ. ქართ. ენის ლექს.).

 

სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XXV, 1-13. [დას. რდ(104)]:

მთ. XXV: 1(ბ) † (ჰრქუა უფალმან იგავი ესე: „ემსგავსა †) სასუფეველი ცათაჲ ათთა ქალწულთა, რომელთა აღიხუნეს ლამპარნი თჳსნი და განვიდეს მიგებებად სიძისა. 2 ხოლო ხუთნი მათგანნი იყვნეს ბრძენნი, და ხუთნი – სულელნი. 3 მიიხუნეს სულელთა მათ ლამპარნი მათნი და არა მიიღეს მათ თანა ზეთი. 4 ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა, ლამპართა მათთა თანა. 5 და დაყოვნებასა მას სიძისასა მიერულა ყოველთა და დაიძინეს. 6 ხოლო შუვაღამეს ოდენ ღაღადებაჲ იყო, ვითარმედ: «აჰა-ესერა, სიძე მოვალს, გამოვედით მიგებებად მისა!» 7 მაშინ აღდგეს ყოველნი იგი ქალწულნი და აღიგნეს ლამპარნი მათნი. 8 ხოლო სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ: «მეცით ჩუენ ზეთისაგან თქუენისა, რამეთუ ლამპარნი ჩუენნი დაშრტებიან». 9 მიუგეს ბრძენთა მათ და ჰრქუეს: «ნუუკუე ვერ კმა-გუეყოს ჩუენ და თქუენ, არამედ უფროჲსღა წარვედით სავაჭროდ და იყიდეთ თავისა თქუენისა». 10 და ვითარცა წარვიდეს იგინი სყიდად, მოვიდა სიძე იგი და განმზადებულნი იგი შევიდეს სიძისა თანა ქორწილსა მას; და დაეჴშა კარი. 11 შემდგომად მათსა მოვიდეს სხუანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს: «უფალო, უფალო, განგჳღე ჩუენ». 12 ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: «ამენ გეტყჳ თქუენ: არა გიცნი თქუენ». 13 იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინა ძე კაცისაჲ მოვიდეს...“

† † † † † † †

შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.

შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიოები აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

† † † † † † †