საკვირაო ქადაგება (24 თებერვალი, 2008 წ.)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საკვირაო ქადაგება
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 24 თებერვალი, 2008 წ.
„…ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ
იმისათვის, რომ დაცული იყოს ერის ღირსება და
მისი ძირითადი ფასეულობანი – ღმერთი, სამშობლო და ადამიანი, თავისი ღირსებით…“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „იყავით თქუენ სრულ, ვითარცა მამაი თქუენი სრულ
არს“. ეს სიტყვები მიგვითითებს იმაზე, რომ ადამიანი მუდმივად უნდა მიისწრაფვოდეს
ღვთის მსგავსებისკენ – სრულყოფისაკენ. სრულყოფა დაუსრულებელი პროცესია. ცხადია,
ადამიანი ვერასდროს მიაღწევს მამაზეციერის სრულქმნილებას, მაგრამ იგი მუდმივად უკეთესობისკენ უნდა იცვლებოდეს. ამქვეყნად ყველაფერი ცვალებადია. ჯერ კიდევ
ძველი რომაელები ამბობდნენ: „დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად“. დროის შესაბამისად, ადამიანიც მუდმივ ცვლილებებს განიცდის და ეს
ცვლილებები უკეთესობისკენ უნდა იყოს მიმართული.

დროში ცვალებადობა ხშირად იმდენად მკვეთრია, რომ სხვადასხვა თაობებს უჭირთ
ერთმანეთის გაგება. შვილებს არ ესმით თავიანთ მშობლებისა და, თავის მხრივ,
მშობლებსაც უჭირთ საკუთარი შვილების გაგება.

თაობებს შორის ურთიერთგაგება – ეს არის ღვთის წყალობა და ღვთის ლოცვა-კურთხევა.
ერთ-ერთი მცნება ღვთისა ამბობს: „პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა
კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა“. თუ გვინდა ბედნიერება,
კეთილდღეობა და მრავალჟამიერი სიცოცხლე, პატივი უნდა მივაგოთ ჩვენს მშობლებს.
მცნება ამბობს: „პატივ ეც დედასა და მამასა შენსა“, მაგრამ აქ ზოგადად, უფროსი
თაობა იგულისხმება. გვახსოვდეს, რომ
ქართველმა კაცმა ყოველთვის იცოდა უფროსის პატივისცემა.

ადამიანისთვის აუცილებელია მშობლების ლოცვა-კურთხევა. არაერთხელ მითქვამს
თქვენთვის: ყოველ დილას, როცა გაიღვიძებთ და მოწესრიგდებით, მიდით თქვენს
მშობლებთან, ლოცვა-კურთხევა სთხოვეთ და ხელზე ემთხვიეთ. ამგვარად მადლი ღვთისა
გადმოვა თქვენზე და თქვენი
სიცოცხლე კეთილდღეობით აღსავსე და მრავალჟამიერი იქნება.

დღევანდელ კვირას
ეწოდება „უძღები შვილის კვირიაკე“. უძღები
შვილი ვერ უგებს მამას
და ფიქრობს, რომ თავად,
მშობლისგან დამოუკიდებლად, უკეთ შექმნის საკუთარ ბედნიერებას;
მას სურს ყველაფერი
აკეთოს თავისი ძალებით.
ახალგაზრდობას ასეთი აზრები, რატომღაც, ხშირად უჩნდებათ. ჰგონიათ, რომ მათ უფრო
მეტი ესმით, ვიდრე მშობლებს.

მშობლებისა და შვილების კონფლიქტის შესანიშნავი მაგალითია სახარებისეული იგავი
უძღებ შვილზე. უმცროსი შვილი მივიდა მამასთან და უთხრა, მიეცა მისთვის თავისი წილი,
რათა ცალკე ეცხოვრა. მამა უსრულებს შვილს თხოვნას და ისიც მიდის უცხო ქვეყანაში,
სადაც მეძაობაში სრულებით აბნევს მთელ თავის ქონებას. დაბოლოს, იქამდე დაეცა და ისე
გაღარიბდა, რომ იძულებული გახდა, ერთ შეძლებულ კაცს მოსამსახურედ დადგომოდა და
ღორების მწყემსვა დაიწყო. სახარების მიხედვით, ის ისეთ შეჭირვებულ მდგომარეობაში
იყო, რომ ღორების სალაფავიც კი ენატრებოდა. და აი, ასეთ განსაცდელში მყოფს მას
ახსენდება მამის სახლი და გადაწყვეტს შინ დაბრუნდეს. იგი ფიქრობს: წავალ და ვეტყვი ჩემს მამას, რომ აღარ ვარ
ღირსი ვიყო მისი შვილი და მიმიღოს მე, როგორც ერთ-ერთი მისი მსახურთაგანი.
განსაცდელმა, რომელიც საკუთარი უგუნურებით თვითონვე მოიწია, გამოაფხიზლა იგი და
სინანული მოჰგვარა. და მართლაც, იგი მიდის მამასთან. მამა კი ყოველდღე ელოდება
თავის დაკარგულ შვილს; იმ დღესაც, ეტყობა, გული უგრძნობდა, ჩვეულებისამებრ,
გაჰყურებდა გზას და თავის უმცროს ვაჟს ელოდებოდა. გზად მომავალი, დახეული ტანსაცმელით რომ დაინახა, იცნო იგი, გაეგება დიდი სიხარულით და სიყვარულით მოეხვია. შვილმა
უთხრა მამას: „არ ვარ ღირსი მეწოდებოდეს შენი შვილი, მიმიღე, როგორც ერთ-ერთი
მსახურთაგანი“. მამა კი გულში იკრავს და ღებულობს მას, როგორც საყვარელ შვილს,
უახლოეს ადამიანს. მამა უბრძანებს მოსამსახურეს, რომ მოიტანონ ბეჭედი და უკეთებს
მას თავის შვილს, რითაც უბრუნებს შვილობის პატივს, მოსავს საუკეთესო ტანსაცმლით,
უკლავს „ზვარაკსა ჭამებულსა“ და იწყება ზეიმი! ხარობს მამა, რადგან შვილი დაკარგული
იყო და გამოჩნდა, მკვდარი იყო და გაცოცხლდა!

ეს იგავი ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო იმიტომ, რომ შვილებს მშობლების
პატივისცემას ასწავლის, არამედ იმიტომ, რომ კაცობრიობას სინანულზე მიუთითებს. ამ
იგავით უფალმა გვაუწყა, რომ კაცობრიობის უდიდესი ნაწილი განუდგება ღმერთს, მაგრამ
მას შეხვდება ისეთი განსაცდელი, რომლის შედეგად გაახსენდება თავისი რწმენა და კვლავ
მამაზეციერს დაუბრუნდება. ამ პროცესს დღეს ჩვენი ერის მაგალითზე ვხედავთ. ღვთის
მადლით, ეს პროცესი დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სრულდება. ადამიანი იმდენად
დაეცა, რომ საშინელ განსაცდელში ჩავარდა და ფიქრობს იმაზე, თუ როგორ დაუბრუნდეს
ღმერთს და ეკლესიას.

დღეს ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ერის მთლიანობასა და ერთსულოვნებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ბოროტი ჰყოფს, ხოლო ღმერთი – ამთლიანებს. ეშმაკი
ცდილობს, დაჰყოს ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა. საქართველოს ეკლესია საუკუნეების
მანძილზე ასრულებდა ღვთის ნებას – ყოველთვის ამთლიანებდა ერს და დღესაც ეკლესიის
ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობა ჩვენი ქვეყნისა და ერის მთლიანობაა.

ხშირად სვამენ კითხვას, თუ რა არის მთავარი საზრუნავი ქართველი ადამიანისათვის? რა
არის ქართული იდეა? რაში უნდა გამოიხატებოდეს იგი? ქართული იდეა ჩვენ სამ პუნქტში
ჩამოვაყალიბეთ და ამ სამი ძალით შევკარით:
პირველი და უმთავრესი – ეს არის ღმერთი, რწმენა ღვთისა, მადლობა და თაყვანისცემა
უფლისა, ღმერთის სიყვარული; მეორე – ეს არის ჩვენი სამშობლო; დაბოლოს, მესამე –
ადამიანი. აი, ეს სამი უმაღლესი ფასეულობა, რაც უნდა შეინარჩუნოს და რასაც უნდა
გაუფრთხილდეს ქართველი კაცი. ეს უნდა გვახსოვდეს და ყველაფერს ვაკეთებდეთ
იმისათვის, რომ დაცული იყოს ერის ღირსება და მისი ძირითადი ფასეულობანი – ღმერთი,
სამშობლო და ადამიანი; უპირველეს ყოვლისა, – უნდა დავიცვათ ადამიანის სიცოხლე, იგი
უნდა იყოს ხელშეუხებელი.

შევთხოვთ უფალს, მოგვანიჭოს ძალა – „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან
აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.“

ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა და კეთილდღეობა!

ღმერთმა მოანიჭოს ქართველ ერს ერთსულოვნება!

გვქონოდეს თაყვანისცემა ღვთისა, გვიყვარდეს და ვუფრთხილდებოდეთ ჩვენს სამშობლოს და
დავიცვათ ადამიანის სიცოცხლე!

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა. ღმერთმა დალოცოს, გაახაროს,
გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო და ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი
უძღები შვილი დაუბრუნდეს თავის მშობელს!

თქვენთვის ცნობილ პიროვნებას, არქიმანდრიტ სოგრატს ჭულუხაძე დაბადებიდან 75 წელი
შეუსრულდა. იგი უკვე 40 წელია მღვდელმსახურებაშია. მამა სოგრატი გამორჩეულია თავისი
სულიერებით, კეთილშობილებით, დიდი მოღვაწეობით. ქართველი მრევლის სახელით, ჩვენი
სამღვდელოებისა და პირადად ჩემი სახელით ვულოცავთ მას 75 წლის იუბილეს და ნიშნად
ჩვენი ლოცვა-კურთხევისა და ღვთის წყალობისა გადავცემთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
ხატს. დალოცოს და გაახაროს ღვთისმშობელმა მამა სოგრატი, ამინ. ღვთის მადლი და მამა
სოგრატეს ლოცვა-კურთხევა გეწეოდეთ, თქვენ, ამინ.

დღეს წირვაზე მოვიდნენ ბავშვები სარეაბილიტაციო ცენტრ „ცისარტყელიდან“. ჩვენ გვინდა
დავლოცოთ ისინი, ვუსურვოთ ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. კარგი მამულიშვილები
გაზრდილიყვნენ! ყველანი უძღები შვილები ვართ და ღმერთმა ინებოს, რომ ღვთის
წყალობამ, ღვთის მადლმა გამოგვასწოროს ყველანი და ჩვენს მშობელს – მამაზეციერს
დავუბრუნდეთ.

შეგახსენებთ, რომ მომავალ შაბათს არის ხორციელის მაბათი, მიცვალებულთა ხსენება და
ტაძარში შესრულდება დიდი პანაშვიდი.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №7, 2008 წ.