საკვირაო ქადაგება (27 აგვისტო, 2006 წ.)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საკვირაო ქადაგება
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 27 აგვისტო, 2006 წ.
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!
უფალი ყველაფერს თავის სახელს არქმევს, უფალი ყველაფერს განაგებს; ყოველი
ადამიანი თავისი მისიით მოდის ამქვეყნად და რამდენად ასრულებს თავის მოვალეობას, ეს
უკვე ბევრად დამოკიდებულია თვით მასზე. ყველაფერს აქვს თავისი სახელი, ყველაფერი
ღვთის განგებითა და ადამიანის თავისუფალი ნებისყოფით ხდება. აი, ამ სინერგიის –
ღვთისა და ადამიანის ძალის დაახლოება აუცილებელია და ბედნიერია ის ადამიანი, ის
ერი, სადაც თანხმობაა ღვთის ენერგიასა და ადამიანის ნებისყოფას შორის, სადაც ასეთი
ადამიანები ცხოვრობენ.
საუკუნეები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მე მინდა, რომ გავაანალიზოთ XX
საუკუნე. XX საუკუნე განსაკუთრებული და გამორჩეულია თავისი წინააღმდეგობებით,
თავისი ბოროტებითა და სიკეთით. სიკეთე და ბოროტება თითქოს ებრძვიან ერთმანეთს და
ძალიან ხშირად XX საუკუნეში ბოროთება იმარჯვებდა.
„ჟამი არს შენებისა და ჟამი არს ნგრევისა, ჟამი არს ომისა, ჟამი არს
მშვიდობისა“, და აი, როგორ შეიძლება დავახასიათოთ ჩვენ XX საუკუნე. საოცარია, ამ
დროს კაცობრიობა თითქოს სადღაც ჩქარობდა, ცდილობდა, გაკეთებინა და მოესწრო რაღაც,
მეცნიერებამ და ტექნიკამ უზარმაზარი ნაბიჯები გადადგეს წინ, მაგრამ მასზე მეტი
ნაბიჯი ადამიანმა გადადგა უკან ზნეობისა და რწმენის თვალსაზრისით; ურწმუნოებამ
დათრგუნა კაცობრიობა, მეცნიერულ-ტექნიკურმა წინსვლამ ადამიანს ამპარტავნება
ჩაუნერგა და იგი გახდა ურწმუნო. თუნდაც ავიღოთ ის პერიოდი, რომელსაც რევოლუციის
წინა პერიოდს ვუწოდებთ; ავიღოთ მაშინდელი მოწინავე ინტელიგენცია, მეცნიერები,
მწერლები. ძალიან ხშირად ისინი ურწმუნო ადამიანები იყვნენ და ურწმუნოება მიაჩნდათ
პროგრესულ მოვლენად. დღეს ამაზე იმიტომ ვსაუბრობთ, რომ მინდა გავიხსენოთ ჩვენი
მოწამეები. ალბათ ვერცერთი საუკუნე, თუნდაც ქრისტიანობის პირველი სამი საუკუნე ვერ
შეედრება XX საუკუნეს, XX საუკუნეში გაუფასურდა ადამიანის სიცხოცხლე. თქვენ იცით,
შექმნილი იყო სამი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფები, რომლებიც ერთ დღეში წყვეტდნენ
ადამიანის ბედს. დილით შედიოდა, ვთქვათ, მეზობლის საჩივარი რომელიმე ადამიანზე, რომ
ის ანტისოციალისტური ელემენტია, იმ დღესვე იბარებდნენ მას და იმ დღესვე გამოჰქონდათ
განაჩენი – ხვრეტდნენ. საოცარი დამოკიდებულება ჰქონდათ ადამიანებს ამ მოვლენის
მიმართ. ადამიანი იმდენად დათრგუნული იყო, რომ ხმას ვერ იღებდა. ერთი გერმანელი
პასტორი, ნიმიოლერი, რომელსაც მე პირადად ვიცნობდი, ამბობდა, ჰიტლერის დროს,
როდესაც ებრაელებს აპატიმრებდნენ და მოდიოდნენ, ჩვენ ვდუმდით, და როცა მოვიდნენ
ჩვენს დასაპატიმრებლად, უკვე მთქმელიც აღარავინ იყოო. თვითონ ეს ნიმიოლერი
საკონცენტრაციო ბანაკში იჯდა.
როცა ჩვენ ვაანალიზებთ XX საუკუნეს, ვხედავთ, რომ თვითონ ადამიანის გონებაში
ხდებოდა რაღაც ცვლილება. მახსენდება ჩვენი ბავშვობა, – როცა ქალაქში თუ სოფელში
მოიტანდნენ ახალ ფილმს, ბავშვები კითხულობდნენ, რაზე იყო ფილმი. თუ ომზე იყო,
მიდიოდნენ, – თუ რაღაც მშვიდობიანი იყო, არა. XX საუკუნე ის საუკუნეა, რომელშიც
დახვრიტეს რუსეთის იმპერატორის მთელი ოჯახი და მრავალი სხვა ადამიანი. ეს ყველაფერი
იმაზე მეტყველებს, რომ ღმერთმა ეს ადამიანის ცოდვებისა გამო დაუშვა. მე მითქვამს
თქვენთვის და მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, – არსებობს ღვთისმეტყველების ისტორია,
მაგრამ არ არსებობს ისტორიის ღვთისმეტყველება. რუსეთში იყო ერთი ისტორიკოსი,
მანსუროვი, რომელიც შეეცადა, დაეწერა ისტორია ღვთისმეტყველების გაგებით, თუ რატომ
დაუშვა უფალმა ეს საშინელი მოვლენა და რა მოხდა XX საუკუნეში.
რა თქმა უნდა, ამ სიბნელეში, ამ საშინელ ბოროტებაში აქა-იქ სინათლეც ჩანდა,
როგორც უღრან ტყეში შუაღამისას, სადღაც ანთებული სანთელი გამოჩნდება. აი, ასეთი
ადამიანებიც მრავალი იყო, იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც თავისი რწმენის,
იდეების, სიმართლის გულისთვის თავისუფლად მიდიოდნენ სიკვდილზე და არ ეშინოდათ
სიკვდილის. მათ სწამდათ, რომ სიმართლისა და რწმენისათვის უფალი მიიღებდა მათ
სულებს. როცა ჩვენ ვაანალიზებთ XX საუკუნეს, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ იმ
დროს ეკლესია უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო, მრავალი ტაძარი დანგრეული და
მრავალი ადამიანი რეპრესირებული, დახვრეტილი იყო. ამ პერიოდში ბოროტება თითქოს
ზეიმობდა, მაგრამ საოცრება ხდებოდა, ის, ვინც ამას აკეთებდა, შემდეგ თავად იყო
მსხვერპლი სხვა ბროოტი ადამიანებისა, და მათაც ის ელოდათ, რასაც თვითონ უკეთებდნენ
სხვებს. საბოლოოდ მაინც სიკეთე იმარჯვებდა. სიკეთე მუდამ იმარჯვებს!
მინდა, მოგცეთ ასეთი დავალება: „XX საუკუნე ჩემს ხედვაში“. ეს არ ნიშნავს იმას,
რომ თქვენ მთელი საუკუნე უნდა გააანალიზოთ და აღწეროთ, შეიძლება, გაიხსენოთ,
რომელიე მომენტი თქვენი ოჯახის, თქვენი წინაპრების ცხოვრებიდან. ეს ყველაფერი კიდევ
ერთხელ გაგვახსენებს იმ საშინელ, მძიმე პერიოდს, რომელიც განვლო კაცობრიობამ.
ამ განვლილ პერიოდს მე დავარქვი „მზიანი ღამე“, ეს თითქოს შეუსაბამოა, რა თქმა
უნდა, როგორ შეიძლება მზიანი ღამე იყოს. თუ ღამეა, მზე არ უნდა იყოს და თუ მზეა,
მაშინ დღე უნდა იყოს, მაგრამ, ამ ღამეში მზეც იყო, სიკეთეც იყო და მახსენდება, როცა
ეკლესიაში ან საპატრიარქოში მოდიოდნენ თანამდებობის ადამიანები და ეკლესიის
წინააღმდეგაც ლაპარაკობდნენ, ცდილობდნენ, დაეთრგუნათ ეკლესია. წასვლის წინ ყურში
მეტყოდნენ, – გულში მორწმუნე ვარო. თუ გულში მორწმუნე ხარ, მაშინ ამას არ უნდა
ლაპარაკობდეთ-მეთქი და ვუამბობდი წმინდანების ცხოვრებას, იმ ამბებს, რომლებიც
სხვადასხვა სოფლებში ხდებოდა. ერთხელ სამეგრელოში ჯვარს ხსნიდნენ ეკლესიას და
კომკავშირის მდივანმა შეკრიბა ხალხი და შესთავაზა, ჩამოეხსნათ ჯვარი. ყველამ უარი
თქვა, ბოლოს თვითონ კომკავშირის მდივანი ავიდა, დაიწყო მოხსნა, ხელი ჰკრა და
გადმოაგდო ეს ჯვარი, რომელიც მიწაზე დაეცა. უეცრად მოიღრუბლა, წამოვიდა საშინელი
წვიმა, დაიწყო ჭექა-ქუხილი, ეს კაცი ხის ქვეშ შეეფარა და მეხმა ზუსტად იმ ხეს
დაარტყა, სადაც ეს ადამიანი იდგა და მოკლა. როცა ამას ვუამბობდი ქართველ
კომუნისტებს, ისინი მეუბნებოდნენ, რატომ გვაშინებო, მე კი ვპასუხობდი, არ გაშინებთ,
გეუბნებით იმას, რაც მოხდა-მეთქი. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ცოდვა
დაუსჯელი არ რჩება.
მინდა კიდევ ერთხელ გაგახსენოთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ამ
განვლილ საუკუნეს. ძალიან ბევრი ქართველი მოწამე ცხოვრობდა ამ დროს:
კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას დახვრეტა მიუსაჯეს და მან წარმოთქვა ისტორიული
სიტყვები: „ჩემი სული ეკუთვნის უფალს, გული სამშობლოს და ამ სხეულს რაც გინდათ, ის
უყავითო!“ ასეთი გაბედული და ვაჟკაცი ადამიანები იყვნენ იმ დროს. მაშინ მთელი
საქართველო აღდგა პატრიარქის დასაცავად და მას დახვრეტა პატიმრობით შეუცვალეს,
თუმცა უკვე იმდენად ნაწვალები იყო, რომ გამოუშვეს ციხიდან.
მინდა, რომ თქვენ წერილობით შეასრულოთ ეს დავალება. შეიძლება ძალიან საინტერესო
საკითხავი გამოგვივიდეს.
შევთხოვ უფალს, რომ აღარ დაუშვას ასეთი საშინელი საუკუნე და საშინელი წლები.
დავით წინასწამეტყველი ამბობს: „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს
ერი თვისი მშვიდობით“. დღეს ასევე არის ხსენება მღვდელმოწამე ნაზარისა,
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტისა. მასთან ერთად დახვრიტეს მღვდლები: გერმანე,
იეროთეოსი, სვიმონი და მთავარდიაკონი ბერსარიონი. ეს მოხდა ქუთაისის მახლობლად.
როცა მიტროპოლიტმა წირვა შეასრულა, მოვიდა დამსჯელი რაზმი და წაიყვანეს
დასახვრეტად. დახვრეტის წინ მიტროპოლიტმა ითხოვა დრო, რომ ელოცა, შემდეგ მოამზადეს
ორმო, ისინი ერთმანეთზე გადააბეს და სროდა დაუწყეს, ზოგი მოკლეს, ზოგი დაჭრეს,
დაუწყეს მიწი დაყრა. მოძღვრები იქიდან ყვიროდნენ, ცოცხლები ვართ, ნუ გვაყრით
მიწასო, მაგრამ მაინც არ შეჩერდნენ და რამდენიმე ხანს მიწა იძროდა.
აი, ასეთი ადამიანები იყვნენ ჩვენი წინაპრები და მათი ლოცვით, ვედრებითა და
შუამდგომლობით ვარსებობთ ჩვენ და იარსებებს საქართველო მშვიდობით და კეთილდღეობით
მეორედ მოსვლამდე.
ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ სულიერად ძლიერი და უშიშარი წინაპრები გვყავდა. ჩვენს
მეფეებზე ამბობდნენ, რომ იყვნენ უშიშარი, როგორ უსხეულო, როგორც ანგელოზებიო. მათი
სისხლი და ხორცია ჩვენში, მათი გენებია ჩვენში და ამიტომ არავის არ უნდა
შევუშინდეთ! უპირველეს ყოვლისა, გვახსოვდეს რწმენა, სიყვარული და სასოება, იმედი
ღვთისა, მომავლისა და ადამიანისა.
მთავარია სიკეთის კეთება.
ჩვენ ბედნიერი ვართ დღეს იმით, რომ წირვაზე გვესწრება ბულგარეთის ეკლესიის
წარმომადგენელი, ნეპოლის ეპისკოპოსი ნიკოლოზი. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვწირავთ
მას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის მობრძანებისათვის. ეს კიდევ ერთი ნიშანია
იმისა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ძალიან ახლოსაა და ჩვენი მფარველია. მინდა,
ჩვენს ელჩს ბულგარეთში, ჩვენს სათვისტომოს მადლობა ვუთხრა იმ შრომისათვის, რაც მათ
გასწიეს და ამ მადლობის ნიშნად ეპისკოპოს ნიკოლოზს წმინდა გიორგის ხატი გადავცე,
რომელსაც ეწოდება „ილორის წმინდა გიორგი“. თქვენ იცით, რომ ილორი აფხაზეთშია,
სადაც, ღვთის მადლით, მალე უნდა შევიდეთ. წმინდა გიორგის მადლით მალე გამთლიანდება
სრულიად საქართველო! მეუფე ნიკოლოზს ახლავს ორი მოძღვარი და მათაც გადავცემ ხატებს.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩვენთვის
დღეს კიდევ ერთი დიდი სიხარულია, ჩვენთან ჩამობრძანდნენ ჩვენი ძმები ფერეიდნიდან.
ღმერთმა დალოცოს ფერეიდნელი ქართველები!
ღმერთმა მშვიდობა და სიხარული მოგცეთ!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №34,
2006 წ.