საკვირაო ქადაგება (20 აგვისტო, 2006 წ.)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საკვირაო ქადაგება
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 20 აგვისტო, 2006 წ.
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

თქვენ იცით,
რომ ადამიანი არის გვირგვინი ღვთის ქმნილებისა და ბუნებისა. ყველაზე მეტად ბოროტ სულს შურს
ადამიანის და ცდილობს, რაღაც ავნოს მას. ადამიანი ხშირად ხდება სადგური ბოროტი
სულისა; და იგი მის იარაღად იქცევა. აი, ამ დროს ადამიანი საშიში ხდება. ჩვენ
გვაქვს
ასეთ შემთხვევები და მინდა, მოვიყვანო ერთი მათგანი, რომელიც ჩვენ დროში მოხდა.

იყო ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ბოროტი დაეპატრონა. მიუხედავად იმისა, რომ იგი
ხშირად მოდიოდა ეკლესიაში, ბოროტი მაინც აწვალებდა და ვერაფერმა უშველა, რადგან
თვითონ მას ეს გულით არ სურდა. ერთხელ შევიდა ეკლესიაში, მივიდა ანალოღიასთან და
გაბოროტებულმა ხატს ხელი დაარტყა (ეს თავად კი არ ჩაიდინა, ამას ბოროტი აკეთებინებდა).
ხატის შუშა დაიმსხვრა და მან ხელი გაიჭრა.

ყოველთვის მეშინოდა, ბოროტება არ გაეკეთებინა. წესად ჰქონდა, როცა მთავრდებოდა
წირვა-ლოცვა, ის კარებში, ყველაზე ვიწრო და ხალხმრავალ ადგილას დგებოდა. მოხდა
საშინელება, ის ჩავიდა სვეტიცხოველში, დანით დაედევნა მორჩილს და მოკლა. შემდეგ კი
ჩასვეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, მაგრამ რაღა დროს იყო (თვითონ იქ გარდაიცვალა). მახსენდება ასევე
ჩემი სწავლის წლები სასულიერო აკადემიაში. იმ დროს გრიპი იყო გავრცელებული. ჩვენ
გვქონდა ოთახი, სადაც ავადმყოფები წვებოდნენ. იქ მოვხვდი, რადგან გრიპი მეც მქონდა. იმ პერიოდში
სასულიერო აკადემიაში მხატვრული ფილმი მოიტანეს და
საღამოს თითქმის ყველა იქ წავიდა. დავრჩთ მე და კიდევ ერთი სტუდენტი, იგი ძალიან მშვიდი
და კეთილი ადამიანი იყო და არავითარი მიზეზი არ მქონდა, რომ მისადმი რაღაც შიში
მქონოდა. ჩემდა გასაკვირად, საოცარი შიში დამეუფლა და სულ ვფიქრობდი, რომ ახლა
შეიძლება ადგეს, მოვიდეს და დამახრჩოს-მეთქი. თუმცა ყველაფერმა მშვიდობიანად
ჩაიარა, მალე სხვა სტუდენტებიც დაბრუნდნენ და დილით რომ გავიღვიძეთ, ის სტუდენტი თავის ადგილზე აღარ
იყო,
გავიდნენ დერეფანში და იქ დახვდათ ჩამომხრჩვალი. ე.ი. ბოროტმა ეს საშინელი ცოდვა
ჩაადენია: თავისი ქამრით ჩამოიხრჩო თავი. მერე ავხსენი, რატომ მეშინოდა
მისი, – იმ ადამიანში უკვე
შესული იყო ბოროტი და
ეს ვიგრძენი.

თქვენ არაერთხელ გინახავთ ასეთი ადამიანები. დღევანდელ
სახარებაშიც ამის შესახებ
იყო საუბარი, მათეს სახარების მე-17 თავში წერია, რომ
მაცხოვართან მივიდა ადამიანი, მოიყარა მუხლი, თავისი
შვილის განკურნება სთხოვა
და უთხრა რომ ახალმთვარეზე იგი ვარდებოდა ხან ცეცხლში,
ხან წყალში. ე.ი. ეშმაკეული
იყო, ეშმაკი ჰყავდა დაუფლებული.

ჩემი შვილი მივიყვანე შენს მოწაფეებთან, მაგრამ მათ ვერ განკურნესო, – უთხრა კაცმა.
უფალმა ბავშვის მოყვანა ბრძანა და თქვა, – ჰოი, ურწმუნო და გულარძნილი ერი, სადამდე
ვიქნები თქვენთანო. უფლის ბრძანებით, ეშმაკი განვიდა ბავშვიდან.

შემდეგ მოციქულები მივიდნენ მაცხოვართან და ჰკითხეს, ჩვენ რატომ ვერ შევძელით მისი
განკურნებაო, უფალმა მიუგო: თქვენი ურწმუნოების გამოო. და დაამატა: ბოროტი ძალა,
ბოროტი სული განიდევნების ლოცვითა და მარხვითო.

საოცარია, უფალი ამბობს, მდოგვის მარცვლისოდენა სარწმუნოება რომ გქონდეთ და უთხრათ
ამ მთას, გადადექი ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე, ეს მოხდებაო. აი, დღეს ჩვენ კიდევ
ერთხელ უნდა შინაგანად ჩავღრმავდეთ ჩვენს გულსა და გონებაში, როგორია ჩვენი
სარწმუნოება, გვაქვს თუ არა სარწმუნოება. სარწმუნოებამ მოგვიყვანა ეკლესიაში, ის
გვაკეთებინებს კეთილ საქმეებს, მაგრამ ჩანს, რმო ეს არ არის საკმარისი, უფრო მეტი
დაჯერება, უფრო მეტი რწმენა და, ამასთან ერთად, აღიარება გვჭირდება. ზოგიერთი
ამბობს, რომ საკმარისია, ადამიანს ჰქონდეს სარწმუნოება გულში, ეს არ არის სწორი.
მწრამსში წერია: „მრწამს უფალო და აღვიარებ“, მთავარია აღიარება. ადამიანი უნდა
ამბობდეს, რომ მე ვარ მორწმუნე, მაგრამ რა სწამს, ისიც უნდა იცოდეს. მაგალითად,
არსებობს მრავალი რელიგია და ისინიც ამბობენ, რმო მათაც სწამთ, მაგრამ რა სწამთ?
ადამიანს ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან ერთად უნდა ჰქონდეს სიყვარული და სიკეთეს
თესავდეს. ჭეშმარიტი რწმენა და კეთილი საქმე ქმნის სასწაულს.

აი, ეს ყველაფერი უნდა გვახსოვდეს ჩვენ და მადლობა უნდა შევწიროთ უფალს, რომ
დაცულნი ვართ ბოროტი ძალისაგან.

ადრე ქადაგებაში ნათქვამი მაქვს, რომ ერთი მოძღვარი ხშირად მიდიოდა ფსიქიატრიულ
საავადმყოფოში და ესაუბრებოდა ავადმყოფებს. იქ იწვა ერთი ქალი, რომელიც დროდადრო
გამოდიოდა მძიმე მდგომარეობიდან და ჩვეულებრივი ადამიანივით საუბრობდა. და აი,
ერთხელ, როცა ნორმალურად შეეძლო მსჯელობა, ჰკითხა მოძღვარს, თქვენ მადლობას სწირავთ
ღმერთს, რომ ჯანსაღი გონება გაქვთ და ბოროტი არ არის თქვენშიო? ამის შემდეგ ის
მოძღვარი ყოველდღე ლოცულობდა და მადლობას სწირავდა უფალს ამისთვის.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დაგიცვათ და დაგიფაროთ ბოროტი სულისაგან.

ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო! ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №34,
2006 წ.