ქადაგება ფერისცვალების დღესასწაულზე (19 აგვისტო, 2006 წ.)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
ქადაგება ფერისცვალების დღესასწაულზე
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 19 აგვისტო, 2006 წელი
„როგორც უღრან ტყეში მყოფი კაცი შორს პატარა ნათელსაც ხედავს და

მისკენ
ისწრაფვის, ასე უნდა ვესწრაფოდეთ ქრისტეს ნათელს…“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ფერისცვალებას უფლისა ჩვენისა, იესო
ქრისტესი. ფერისცვალების მადლი და ძალა გფარავდეთ, გაგაძლიეროთ თქვენ და სრულიად
საქართველო.
ფ ე რ ი ს ც ვ ა ლ ე ბ ი ს დღესასწაული მეტად მნიშვნელოვანი და სიმბოლურია. ეს
დღე მიგვითითებს იმაზე, რომ ადამიანმაც უნდა იცვალოს ფერი, არ შეიძლება ადამიანი
გამუდმებით ერთ მდგომარეობაში იმყოფებოდეს, იგი ან უნდა ადიოდეს სრულყოფის კიბეზე,
ან უნდა ჩადიოდეს სულიერი დაცემის უფსკრულში.
დიდი მარხვის დროს მოძღვარი ამბობს სიტყვებს: „ნათელი ქრისტესი განგვანათლებს
ყოველთა“. უპირველეს ყოვლისა, რა არის ნათელი და რა არის ნათელი ქრისტესი? ნათელი
არის მადლი და ძალა ღვთისა, მაგრამ არსებობს ფიზიკური ნათელი, ეს არ უნდა ავურიოთ.
ნათელი ქრისტესი აღავსებს ადამიანს სიყვარულით, სასოებით, იმედით, სარწმუნოებით,
ნათელი ქრისტესი ეს არის მარადიული ნათელი ღვთისა.
თქვენ იცით, რომ ფერისცვალება განიცადა მოსე წინასწარმეტყველმაც. ბიბლიიდან
გახსოვთ, როცა მოსე წინასწარმეტყველი ავიდა სინას მთაზე და მას მიეცა ათი მცნება,
უკან დაბრუნებისას ისე ანათებდა მისი სახე, რომ ხალხი ვერ უყურებდა; იგი იძულებული
იყო, დაეფარა სახე, რომ თვალი არ მოეჭრა ადამიანებისათვის ამ ნათებას. სწორედ ეს
იყო ნათელი ღვთისა, რომელიც მიენიჭა მოსე წინასწარმეტყველს ათი მცნების მიღების
დროს. უფლის ფერისცვალება კი ეს არის იესო ქრისტეს ნათება; იესო ქრისტემ აჩვენა
თავისი დიდება, თავის ღვთაება იმდენად, რამდენიც შეეძლო, დაენახათ მოციქულებს. ეს
იყო მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი იმ ნათებისა, რომელიც ახლავს უფალსა ჩვენსა იესო
ქრისტეს. მოციქულებს რომ დაენახათ სრული ნათება, ისინი ვერ გაუძლებდნენ და
დაიხოცებოდნენ. ნათელი ქრისტესი ძალისაებრ ჩვენისა უნდა მიიღოს ყოველმა ადამიანმა.
როგორც უღრან ტყეში მყოფი კაცი შორს პატარა ნათელსაც ხედავს და მისკენ ისწრაფვის,
ასე უნდა ვესწრაფოდეთ ქრისტეს ნათელს, რომ იგი შემოვიდეს ყოველი ადამიანის გულში,
მაგრამ ადამიანი მზად უნდა იყოს ამ ნათლის მისაღებად. ამაზე ბევრია დაწერილი,
განსაკუთრებით ბევრს საუბრობს დიდი მოღვაწე, სულიერი მამა, გრიგოლ პალამა.
მინდა, ვთქვა, – მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ დროს ვცხოვრობთ, ნათელი
ქრისტესი მაინც მიიღო მრავალმა ადამიანმა. და აი, თქვენი აქ მოსვლა, თქვენი
სარწმუნოება მეტყველებს იმაზე, რომ ის სანთელი, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ აანთო
თქვენს გულში, არასდროს ჩაქრება. თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ როგორც კანდელს
სჭირდება ზეთი, ასევე თქვენს გულში ანთებულ სულიერ კანდელს სჭირდება ზეთი – თქვენი
ლოცვა და მარხვა, თქვენი სულიერი მოღვაწეობა. დღეს ისეთი დღეა, როცა ნათელი
ქრისტესი მოეფინა მთელ მსოფლიოს და ღმერთმა ინებოს, რომ ამ ნათელმა მოაქციოს და
გაამთლიანოს სრულიად საქართველო.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. დაე, ნათელი ქრისტესი შემოვიდეს
ყოველი თქვენგანის გულში, ნათელმა ქრისტესმა მოაქციოს მთელი საქართველო. მადლი
ღვთისა ძლიერია, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრძოლაა კეთილსა და ბოროტს შორის,
მადლი ღვთისა აუცილებლად გაამთლიანებს საქართველოს.
ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №33(386),
2006 წ.