ქადაგება მარიამობის დღესასწაულზე (28 აგვისტო, 2006 წ.; სიონის საპატრიარქო ტაძარი)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
ქადაგება მარიამობის დღესასწაულზე
სიონის საპატრიარქო ტაძარი, 28 აგვისტო, 2006 წ.
„…ჩვენი ცხოვრება, გაშმაგებული
თერგივითაა, საიდანაც აუცილებლად გამარჯვებულნი უნდა გამოვიდეთ“


ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ძმანო და
დანო, ჩვენო სულიერო შვილებო!

ჩვენთან არს ღმერთი!

როცა ვფიქრობთ საქართველოს წარსულსა და ჩვენს დღევანდელ დღეზე, ვხედავთ რომ უპირველეს
ყოვლისა, სულიერად მდიდარი და ბედნიერია ჩვენი სამშობლო, რადგან მას ღმერთმა დიდი
სულიერი საუნჯე მისცა. რომელი ქვეყანაა, რომელსაც ამდენი მოწამე, ამდენი წმინდანი ჰყავს?
სად ყოფალა, რომ მხოლოდ მტრის ერთი შემოსევისას ასიათასი მოწამე ებოძებინა ღმერთს
ერისათვის? თუმცა „ქართლის ცხოვრებაში“ ნათქვამია, რომ მათ რიცხვი ასიათსზე მეტი
იყო.

ბედნიერია საქართველო და ამ ბედნიერების საფუძველი ისაა, რომ იგი არის წილხვედრი
ყოვლადწმიდა ღვთსმშობლისა.

ჩვენ დღეს ვდღესასწაულობთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებას. მიძინება ეს არის
გარდაცვალება. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ეს დღესასწაული არის უდიდესი სიხარულის მომგვრელი
და ამავე დროს, იმედის მომცემი. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტროპარში წერია – „სოფელი არა
დაუტევე“, ე.ი. მოციქულებს სწამდათ და ჩვენც გეწამს რომ გარდაცვალების შემდეგაც იგი
განსაკუთრებით ზრუნავს ხალხზე, უპირველეს ყოვლისა კი, თვისი მამულზე, საქართველოზე.

ჩვენ ვიმყოფებით იმ წმინდა ტაძარში, რომელიც თითქმის თბილისის ასაკისაა. როცა
თბილისი დაარსდა, დაახლოებით იმ დროს აიგო სიონის საკათედრო ტაძარიც. აქ დაკრძალულია
მრავალი დიდებული ადამიანი, მეფეები, პატრიარქები… აქ მოსულან და ულიციათ ჩვენს დიდ
მეფეებს, პატრიარქებს, რადგან ეს გახლდათ ჩვენი პატრიარქების საკათედრო ტაძარი და
ამასთან, ეს ადგილი მათ განსასვენებლად იქცა. აქ დაკრძალლინი არიან
კათილიკოს-პატრიარქები – კირიონი, ლეონიდე,
ამბროსი, ქრისტეფორე, კალისტრატე, მელქისედეკი, ეფრემი.


მინდა ამ წმინდა ტაძრიდან ყოვლადწმიდა ღვთისმშობელ დედას შევთხოვო, რომ მოიღოს თავის
წყალობა საქართველოზე, თვისი კალთა გადააფაროს მთელ საქართველოს.

ჩვენ ძალიან გვიჭირს, ან როდის ყოფილა ისეთი დრო, რომ არ გვიჭირდა? ისეთი მამული,
ისეთი მიწა-წყალი მოგვცა უფალმა, რომ მას სულ მუდამ დაცვა სჭირდება, დაცვა ესაჭიროება
ჩვენს ენას, ჩვენს რწმენას, ჩვენს კულტურას. საუკუნეების მანძილზე ქართველი ერი
თავისი მამულის გადასარჩენად იბრძოდა. რა თქმა უნდა, ღმერთი რომ არ გვეხმარებოდეს, ღმერთი რომ არ
იყოს ჩვენი შემწე, საქართველო და ქართველი ერი დღეს აღარც იქნებოდა. მინდა
შეგახსენოთ, რომ ჩვენზე ძლიერი ერები ყოფილა, ჩვენზე მრავალრიცხოვანი და ძლევამოსილი, მაგრამ
დღეს მათ ხსენებაც კი არ არის.

როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს შესახებ, განსაკუთრებით ვიხსენებთ ჩვენს დიდ
წინაპრებს: ვახტანგ გორგასალს, დავით აღმაშენებელს, თამარ მეფეს, მეფე ერეკლეს,
მეფე ბაგრატ III-ს, რომელმაც გაამთლიანა საქართველო და სხვებს, მაგრამ გვავიწყდება,
თუ როგორი თავდადებულნი იყვნენ ისინი. თუნდაც წმინდა დავით აღმაშენებელი გავიხსენოთ
და მის მიერ გადახდილი დიდგორის ომი. როგორი რწმენა, როგორი დიდი სიყვარული და
თავდადება იყო მასში. მას სწამდა, რომ საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებდა ამ
ბრძოლაში. მან უკანა გზა ჩაახერგინა თავის ჯარისკაცებს, რათა მხოლოდ წინ
წასულიყვნენ. ეს არის საქართველოს ხვედრი, არასდროს უნდა დავიხიოთ უკან, მარად წინ
ვიაროთ, მართალია გაჭირვებით, მაგრამ მაინც წინ.

მე გაზრდილი ვარ თერგის ნაპირზე და მინახავს დარიალის ხეობაში მომავალ თერგს როგორ
მოაქვს უზარმაზარი ქვები. მასში ადამიანი რომ შევიდეს, რამეს მოიტეხს, თუმცა მაინც
შედიან და ჯანსაღნი გამოდიან. ეს არის ჩვენი ცხოვრება, იგი გაშმაგებული თერგივითაა,
საიდანაც აუცილებლად გამარჯვებულნი უნდა გამოვიდეთ. საქართველო უნდა გამთლიანდეს.
ძალიან მალე დადგება ის ბედნიერო დრო, როცა ჩვენი ძმები – აფხაზები, ოსები, ჩვენთან
იქნებიან და ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას, ერთად ყოფნას, რადგან ეს ხელოვნურად
შექმნილი კონფლიქტებია და მტერი უძლურია ჭეშმარიტების წინაშე.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა მადლი და წყალობა გაგატანოთ ამ
წმინდა ტაძრიდან, ღმერთმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით, დალოცოს თქვენი
შვილები და საქართველოს მომავალი. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა დედამ გადაგაფაროთ
თავისი კალთა თქვენ და სრულიად საქართველოს!

ჩვენთან არს ღმერთი!

ამ ბედნიერ დღეს მინდა აღვნიშნო ჩვენი სამღვდელოების დამსახურებაც, მათი
თავდადებული მოღვაწეობა ჩვენს ეკლესიაში და ამ დღესასწაულთან დაკავშირებით
გამშვენებული ჯვრით ვაჯილდოვებთ სიონის ტაძრის მღვდელმსახურებს, დეკანოზ ამირან
ამირანაშვილსა და დეკანოზ ლავრენტი ბუზიაშვილს, აქსიოს!

ასევე, დღევანდელ დღეს მინდა განსაკუთრებით დავლოცო უცხოეთში მცხოვრები ქართველები.
პრესიდან და ტელევიზიიდან გაიგებდით, რომ ფერეიდნიდან საქართველოში ჩამოვიდა 45
ფერეიდნელი ქართველი. ამ ადამიანებს ისეთი საოცარი სიყვარული აქვთ მამულის მიმართ,
რომლის მსგავსი არსად მინახავს და რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ
ძლიერია ქართველი ადამიანის ჯიში, გენი. 400 წელია, რაც შაჰ-აბასმა ქართველები,
როგორც მონები, ისე წაიყვანა საქართველოდან და მათ, მთელი ამ დროის მანძილზე არ
დაუკარგავთ ქართველობა, შეინარჩუნეს ქართული ჯიში.

ღმერთმა დაგლოცოთ და დაგაჯილდოვოთ თავისი სიყვარულით!

ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №32,
2006 წ.