თამარობის დღესასწაული წმ. თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში (15.05.2023)

ა.წ. 14 მაისს წმინდა კეთილმსახურ მეფე თამარის ხსენების დღე საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში განსაკუთრებულად აღინიშნა.

დილით სადღასესწაულო წირვა აღავლინა გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ კი გადახდილ იქნა წმინდა თამარ მეფის პარაკლისი.

ამავე დღეს გიმნაზიაში ჩატარდა კონცერტი, - სახალხო დღესასწაული, სადაც წმინდა თამარ მეფის გიმნაზიისა და სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები, ასევე ინსტრუმენტული ნომრები; ჩატარდა მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენაც.

ღონისძიებას დაესწრო ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), რომელმაც დალოცა პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები და წარმატებები უსურვა.

***

საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის გიმნაზია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2009 წელს დაარსდა ლოტკინის დასახლებაში.

სკოლა-პანსიონი გამორჩეულია იმით, რომ აქ ერთად სწავლობენ და ცხოვრობენ მუსლიმი და ქრისტიანი ბავშვები; განათლებას იღებენ მოსწავლეები როგორც თბილისიდან, ისე აჭარიდან, ჰერეთიდან, ფერეიდნიდან. ისინი პროფესიულ და სახელოვნებო მიმართულებებით სურვილისამებრ ეუფლებიან ხატწერას, ფერწერას, ქართულ ხალხურ სიმღერასა და ინსტრუმენტებს, ცეკვას, ფორტეპიანოს, ვიოლინოს, ფლეიტას; ასევე ისწავლება ტიხრული მინანქრის დამუშავება, თექა, გობელენი, ხის მხატვრული დამუშავება.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თითქმის ყველა კურსდამთავრებული პირველივე წელს წარმატებით აბარებს საქართველოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში.