გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებლური სკოლის 30 წლის იუბილე

საზეიმოდ აღინიშნა წმიდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებლური 

სკოლის 30 წლის იუბილე  

 

 16 მაისს, თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის დრამატულ თეატრში საზეიმოდ აღინიშნა წმიდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო მართლმადიდებლური საშუალო სკოლის 30 წლის იუბილე. 

 სკოლის მოსწავლეები მაყურებლის წინაშე საეკლესიო საგალობლებით, ქართული ხალხური სიმღერებითა და ცეკვებით წარდგნენ. 

 სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა დამსწრე საზოგოდოებას სკოლაში არსებულ სწავლის პროცესსა და მეთოდებზე ერთგვარი ანგარიში წარუდგინეს.  

 საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა, წმიდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის სკოლის რექტორმა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) საგანმანათლებლო სივრცის დაარსებაზე და ამ პროცესში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის უდიდეს ღვაწლზე გაამახვილა ყურადღება. 

 ღონისძიების ფარგლებში წმიდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მათ ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ. 

 კურსდამთავრებულებმა სკოლაში სწავლის პერიოდი გაიხსენეს და ასეთი სასწავლო დაწესებულების დაარსებისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ მადლიერება გამოხატეს. 

 ღონისძიებას ესწრებოდნენ: ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), სასულიერო პირები, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ქალბატონი თეა წულუკიანი, სამინისტროს თანამშრომლები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

 ღონისძიების ფარგლებში მოეწყო აღნიშნული სკოლის მოსწავლეების ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. 

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმიდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო მართლმადიდებლური საშუალო სკოლა 1992 წელს დაარსდა. სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ და მრავალ წარმატებას აღწევენ მრავალ კონკურსში, ოლიმპიადასა თუ კონფერენციაში. 

 სკოლის საგანმანათლებლო სივრცე დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე მდებარეობს.