დაიწყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის კვირეული (12.05.2023)

ყველას გილოცავთ ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს და გაცნობებთ, რომ ა.წ. 10 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ საპატრიარქოში აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატები აკურთხა. მისმა უწმინდესობამ დალოცა სასულიერო პირები და მრევლი, რომლებიც ამ ხატებით მსვლელობაში მიიღებენ მონაწილეობას.

ანდრია პირველწოდებულის გზით მსვლელობა 11 მაისს ლაზეთიდან დაიწყო, 12 მაისს დიდაჭარაში გაგრძელდება, 13 მაისს, - აწყურში, შემდეგ საქართველოს სხვა რეგიონებს მოივლის, 17 მაისს კი, ოჯახის სიწმინდის დღეს, 12:00 საათზე ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან დაგეგმილ საერთო-სახალხო მსვლელობას წარუძღვება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ.

ყველა, ვისთვისაც ოჯახის სიწმინდე ღირებულია და ვისაც სურს, პატივი მიაგოს უფალს, წმინდა ანდრია პირველწოდებულსა და აწყურის ღვთისმშობლის ხატს, შევუერთდეთ ამ მსვლელობას.

ღმერთი სიყვარულისა იყოს ჩვენ შორის. ამინ!