საზეიმოდ აღინიშნა წმიდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებლური სკოლის 30 წლის იუბილე

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის სკოლამ ახლახანს დაარსებიდან 30 წელი, - საიუბილეო თარიღი აღნიშნა.

სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები დამსწრე საზოგოდოებას სწავლის პროცესსა და მეთოდებზე ესაუბრნენ, ამასთან, აღსაზრდელები  მაყურებლის წინაშე    საგალობლებით, ქართული ხალხური სიმღერებითა და ცეკვებით წარდგნენ.

ღონისძიების ფარგლებში წმიდა ექვთიმე და  გიორგი მთაწმინდელების სახელობის სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. მათ ოქროსა და  ვერცხლის მედლები გადაეცათ.

კურსდამთავრებულებმა სკოლაში სწავლის პერიოდი გაიხსენეს და ასეთი სასწავლო დაწესებულების დაარსებისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ მადლიერება გამოხატეს. მისი უწმინდესობის ღვაწლზე ასევე ისაუბრა საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა, წმიდა ექვთიმე და  გიორგი მთაწმინდელების სახელობის სკოლის რექტორმა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი).

სკოლის საგანმანათლებლო სივრცე დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე მდებარეობს. გიმნაზია გამოირჩევა სწავლებისა და დისციპლინის მაღალი დონითა და მოსწავლეთა ცოდნის ხარისხით.