სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (06.05.2020)

ქრისტე აღდგა!

გილოცავთ გიორგობას! ეს არის ჩვენი ეროვნული დღესასწაული, რადგან წმ.გიორგი მფარველია საქართველოსი. ყველამ ერთად ვთქვათ მისი ტროპარი:

,,ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის!”

ეს დღესასწაული მუდამ საზეიმოდ აღინიშნებოდა და მათ შორის, ჩვენს ოჯახშიც. მამაჩემს ერქვა გიორგი და წირვის შემდეგ, ამ დღეს ეკლესიიდან ამოჰყავდა მათხოვრები. პიველი მაგიდა იშლებოდა მათხოვრებისათვის და ჩვენ ვსხდებოდით მათხოვრებთან ერთად და აღვნიშნავდით გიროგობას. მეორე მაგიდა უკვე მაშინდელი ინტელიგენციისთვის ეწყობოდა. დიდი ზეიმი იყო, დიდი იმედი იყო.

წმინდა გიორგის დღესასწაული იმედის დღესასწაულია. როცა წმინდა გიორგის აწამებდნენ, აღმოსთქვა: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რასათვის დამიტევე მე? და მოესმა ხმა უფლისა: ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთან ვარ. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენც, ამ გაჭირვების ჟამს. მთელ მსოფლიოს უჭირს და ჩვენც და გვესმის ხმა მაცხოვრისა: ნუ გეშინიათ, მე თქვენთანა ვარ!

მაქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში დაიკეტა ტაძრები, დაიკეტა მონასტრები და ხალხი იძულებულია წავიდეს სოფლებში და იქ ილოცოს, იქ დაესწროს წირვებს. ჩვენ თავისუფლად ვართ აქ. დიდება უფალს და მადლობა უფალს მისი დიდი წყალობისათვის.

თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს არის გაფრთხილება. ეს არის მოქცევა და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი განიცდის ჩვენთან ერთად.

ჯვარი გეწეროთ. ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ მწუხარება ჩვენი, სიხარულად გადაიქცეს.

ნუ დაგავიწყდებათ სახლში უნდა გქონდეთ ნაკურთხი წყალი, სეფისკვერი და საკმეველი. ყოველდღე უნდა დააკმიოთ და ყოველდღე უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენს სახლსა და კარ-მიდამოს. ეს დიდ ძალას მოგცემთ.

კურთხევა უფლისა თქვენს ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ!

ჯვარი გეწეროთ!

ღმერთმა გაგახაროთ!

იხარეთ ორსავ სოფელსა შინა!

ჩვენთან არს ღმერთი!