სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (10.05.2020)

ჩვენ ვცხოვრობთ ამქვეყნად და ხშირად ვერ ვგრძნობთ, ვერ ვხედავთ იმას, რა მიზანია ჩვენი ცხოვრებისა, რას ვაკეთებთ. ზოგი ცხოვრობს თავისი თავისთვის, ზოგი ცხოვრობს სხვებისთვის. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სხვისთვის. მე მინახავას ასეთი ადამიანები, მაგრამ ცოტა; ადამიანი მაინც თავის თავზე ფიქრობს. ჩვენი დიდი პოეტი ამბობს: რასაცა გასცემ შენია, რას არა, დაკარგულია.

ადამიანის ცხოვრება იმდენად რთულია, რომ ვერ გაიგებ, როდის ცხოვრობ შენთვის და როდის სხვისათვის. მე პატრიარქობამდე, თქვენ იცით, ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი. აფხაზეთის უდაბნოში ცხოვრობდა ორი მონოზონი. იქ ბევრი ცხოვრობდა, მაგრამ ესენი ერთად იყვნენ და მე მიამბობდნენ: ერთხელ მოვიხედეთო და კოჭლობით დათვი მოდის ჩვენსკენო; შევედით კელიაში და შეგვეშინდაო. მოვიდა და გვაჩვენებს ფეხსო, წინა ფეხსო. თურმე შერჭობია ლუსრმანი თუ პატარა რკინა და ვერ იღებდა იმას. ჩვენ მცირედ გავაღეთ კარი და გაზით ამოვუღეთ ეს ლურსმანიო. წავიდა დათვი და ორი საათის შემდეგ მოაქვს სიმინდის ფუჩეჩი; გლეხების ბოსტანში გადასულა, მოუკრეფია სიმინდის ტაროები და მოუტანა ამ მონოზვნებს მადლობის ნიშნად. ასე დამეგობრდნენ ეს დათვი და მონოზვნები. იქ ძირითადად ბერძნები ცხოვრობდნენ და ერთმა ბერძენმა მოკლა მერე ეს დათვი. არ იცოდა, ალბათ, რომ მოშინაურებული იყო.

საოცარი ცხოვრება ჰქონდათ ბერ-მონოზვნებს უდაბნოში. ერთი მონოზონი იყო დედა ნატალია; მე ვეკითხები: დედა ნატალია, როგორა ხარ? - მეო ვარ დედოფალი, უდაბნოს დედოფალიო. გამოუთხრია მიწა, იქ შემძვრალა, შესულა და ის იყო მისი სასახლე და თავი მიაჩნდა დედოფლად.

ამაზე ბევრი მიფიქრია და მე მინდა, რომ თქვენც იფიქროთ იმის შესახებ, თუ რა არის მიზანი ადამიანის ცხოვრებისა? როდის არის ადამიანი კმაყოფილი, ბედნიერი და როდის არ არის.

ჩვენ ვხედავთ ხშირად რომ ზოგს ყველაფერი აქვს, მდიდარი არის, მაგრამ ბედნეირი არ არის. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ გული გაგვითბეს, გულში შევიდეს უფალი. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ მისაღწევია.

ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, მაგრამ ნუ გაგიტყდებათ გული, ნუ იფიქრებთ, რომ სხვა გზა აღარ არის. არის, ღმერთი მოგვცემს ჩვენ მადლსა და ძალას და ჩვენ კიდევ ვნახავთ სიხარულს.

სიხარული, სიყვარულის შედეგია. სიყვარული თუ აქვს ადამიანს, სიხარულიც ექნება. ღმერთი არის სიყვარული. ღმერთი იყოს თქვენთან და ჩვენთან.

ღმერთმა ინებოს ჩვენი სულიერი გადარჩენა!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაიხარეთ ორსავ სოფელსა შინა!