სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება სულთმოფენობის დღესასწაულზე (27.05.2018)

ჩვენთან არს ღმერთი
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, _ სული წმინდის მოსვლას მუციქულთა ზედა. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ადამიანი იქმნას ტაძარი სულისა წმინდისა. ამისთვის მოწოდებულნი ვართ ჩვენ ყოველნი. ,,სული წმინდა მოვიდეს ჩვენ ზედა და ძალი მაღლისა გვფარვიდეს ჩვენ.“
ჩვენ ვცხოვრობთ უმძიმეს და ურთულეს დროს, როცა სიკეთე და ბოროტება ებრძვის ერთმანეთს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მთელი საქართველო, ყოველი ჩვენგანი, იყოს სიკეთის მხარეს, სიკეთე ვაკეთოთ და ის სიკეთე დაგვიბრუნდება ჩვენ.
მე მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო იმ საკითხს, რომელიც იყო ამ დღეებში, _ ურთიერთობა ეკლესიასა და ტელევიზიას შორის, რუსთავი 2-ს შორის. მე მინდა მინდა გითხრათ, რომ არ უნდა შეეხოთ, უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას, ქრისტიანობას, ეს არ რჩება დაუსჯელი. ჩვენ ვილოცეთ იმისათვის, რომ ღმერთმა ყველას შეგვინდოს ჩვენი შეცოდებანი და მე მინდა გითხრათ, რომ ყველა ადამიანი, რომელიც ცხოვრობს და აღიარებს მართლმადიდებლობას, ჩვენი სულიერი შვილებია და ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის და იმედია, რომ გამოსწორდება ურთიერთობა ჩვენს შორის.
სიმონ კანანელის გზა განვლო 15 ადამიანმა და ჩვენ დღეს სიგელებს დავურიგებთ მათ. სიგელის ტექსტი ასეთია:
,,სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა
უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ერთგულო მოწაფეო და ანდრია პირველწოდებულისა თანამოსაგრეო, წმიდისა ვასილისკოს წამებითა განდიდებულო და დიდისა მამისა იოანე ოქროპირის ლოცვითა გამშვენებულო, წმინდაო მოციქულო სვიმეონ კანანელო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა მეოხებითა ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისათა და შეწევნითა იოანე ნათლისმცემელისათა, დაიცვას და გაამთლიანოს მამული ჩვენი, განსასვენებელი შენი, რომელსა ვსასოებთ ყოველნი მკვიდრნი ამა ქვეყნისანი.
ღმერთო დალოცე მონანი და მხევალნი შენნი, რომელთაც ქვეყნის საზღვართა აღსადგენად ლოცვით მესამედ გავლეს გზა ფეხით სვეტიცხოვლიდან ენგურამდე, რათა ღვაწლითა თვისითა კურთხეულ იქმნას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“

სიგელი გადაეცა შემდეგ პირებს: არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი), მღვდელმონაზონი ანტონი (შენგელია), მღვდელი დავითი კონჯარია, ბერი სერაპიონი (ლაზარაია), ბერი დამიანე (დოლიძე), ბერი გიორგი (გერლიანი), ბერი სვიმონი (ახვლედიანი), ბერი ისიდორე (კარტოზია), მონაღვთისა რომანოზი ჯაჭვლიანი, ზურაბ რუხაძე, გელა მაზმიაშვილი, ლაშა გვილავა, ხვიჩა ბირკაია, ანტონი მალხასიანი და სტეფანე პირველი.
ამათგან სასულიერო პირები დაჯილდოვდნენ შემდეგი სახით: არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი) მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!
მღვდელ-მონაზონი ანტონი (შენგელია) ოქროს ჯვრით და აღყვანილია იღუმენის ხარისხში. აქსიოს!
მღვდელი დავით კონჯარია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!
დღეს ჩვენს მსახურებაზე იმყოფებიან ქართული დიასპორის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომელთაც ჩვენთან ერთად დღეს ილოცეს ყოვლადწმინდა სამების მიმართ და ვლოცავთ მათ.
ასევე ილოცებიან შემდეგი გვარები: ზუბადალაშვილები, ლოლაშვილები, ქრისტესიაშვილები, ჭულუხაძეები, თურმანიძეები, ღერკელაშვილები და როდონაიები.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგამრავლოთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა მოგცეთ მადლი სულისა წმინდისა.
ჩვენთან არს ღმერთი!