სულთმოფენობის დღეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება

14 (27) მაისი, 2018
აღდგომიდან მე-VIII კვირიაკე.
მეერგასე (50-ე) დღე შემდგომად პასექისა. კვირიაკე სულისა წმიდისა.
სულიწმიდის მოფენა წმიდა მოციქულებზე. სულთმოფენობა. მარტვილია.
წირვაზე – საქმ. 2:1-11; ინ. 7:37-52; 8:12




საქმე წმინდა მოციქულთა – 2:1-11


ორმოცდაათობის დღე რომ სრულდებოდა, ყველანი ერთად იყვნენ.

საყვარლებო, ყველა მართლმორწმუნე გულისთვის კარგადაა ცნობილი, რომ დღევანდელი დღესასწაული უნდა იდღესასწაულებოდეს სხვა განსაკუთრებული დღესასწაულების თანასწორად, რამეთუ ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ დღეს შეშვენის უდიდესი კეთილკრძალულება, რადგან სულიწმიდამ ის თავისი მადლით აკურთხა და არაჩვეულებრივი სასწაული აღასრულა. უფალი ზეცად ამაღლდა, რათა მამის მარჯვენით დამჯდარიყო. თუ იმ დღიდან დავითვლით, მაშინ ეს მეათე დღეა. თუმცა უფალი ჩვენთვის გამობრწყინდა ჯერ კიდევ იმ დღეს, საიდანაც ათვლას ვიწყებთ – აღდგომის დღეს. ძველი და ახალი აღთქმის დიდი იდუმალების შემცველია აღდგომა ქრისტესი, საიდანაც ცხადად ვიხილეთ, რომ ღვთის წყალობა წინასწარ იყო ნაუწყები რჯულის მეშვეობით, ხოლო რჯული აღსრულდა წყალობის საშუალებით. როგორც ოდესღაც ებრაელ ხალხს ეგვიპტიდან გამოყვანისა და 50-ე დღეს ტარიგის შეწირვის შემდეგ სინას მთაზე რჯული მიეცა (გამოს. 19:17), ასევე, ქრისტეს ვნების შემდეგ, როდესაც მოაკვდინეს ჭეშმარიტი ტარიგი ღვთისა, მისი აღდგომიდან 50-ე დღეს მოეფინა სულიწმიდა მოციქულებსა და სხვა მორწმუნეებს. ამიტომ განსაკუთრებული გულისმისყოფის გარეშეც შეიცნობს ქრისტიანი, რომ ძველი აღთქმის საწყისები დაემორჩილა ახალი აღთქმის საწყისებს და რომ იმავე სულით მოგვეცა მეორე აღთქმა, რომლითაც – პირველი.


ანაზდად იგრგვინა ზეცით, თითქოს გრიგალი აგუგუნდაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ. 3. და მოევლინა მათ ენები, თითქოს ალისანი, და სათითაოდ მოეფინა ყოველ მათგანს.

როგორც მიწის პირის გასაახლებლად (ფს. 103:30) „სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ“ (დაბ. 1:2) და თავდაპირველი ბნელის გასაფანტად ახლი სინათლე ელავდა, ასევე ცეცხლის ენების ელვარებაში ჩნდება ცეცხლოვანი მჭევრმეტყველება და უფლის სხივგაბრწყინებული სიტყვა, რომელსაც შესამეცნებლად და ცოდვის აღმოსაფხვრელად დაემატა განათლების უნარი და წვის ძალა. თუმც, საყვარლებო, ყოვლადმშვენიერია თვით აღსრულებულის გარეგანი სახე და ეჭვს არ ექვემდებარება, რომ ადამიანის ხმის ამ მხიარულ ჟღერადობაში სულიწმიდის დიდება გამოსჭვივის, მაინც ნურავინ იფიქრებს, რომ გრძნობად ხორციელ თვალებს შეეძლოთ, მისი ღმრთეებრივი არსი დაენახათ.
წმინდა ლეონ დიდი, რომის პაპი (მე-5 ს.)

ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ, როგორც სული ამეტყველებდა მათ.

სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ. უპირველესად, ღვთის მადლმა ინება, რომ მოციქულების სიტყვა ქმედითი ყოფილიყო, რადგან რა საჭიროა ქადაგება, თუკი მსმნელი არ იქნება? მოციქულებს ენების ნიჭი სწორედ იმიტომ მიეცათ ყველა სხვა ნიჭზე უწინ, რომ მათ სხვადასხვა ქვეყანაში უნდა ექადაგათ. ბაბილონის გოდოლის მშენებლობისას ერთი ენა მრავალ ენაზე გაიყო, ახლა კი მრავალი ენა ერთ ადამიანში გაერთიანდა; სულიწმიდის შთაგონებით ერთი და იგივე ადამიანი ამეტყველდა სპარსულ, რომაულ, ინდურ და მრავალ სხვა ენაზე. ამგვარად, მოციქულებმა მიიღეს ენების ნიჭი, რადგან წინ სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადსხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხის წინაშე ქადაგება ელოდებოდათ.
როგორც სული ამეტყველებდა მათ. მოციქულები საკუთარი ძალებით კი არ ლაპარაკობდნენ, არამედ ღვთის სულისგან იუწყებოდნენ, ქადაგებდნენ, ანუ მსმენელს შეაგონებდნენ და განუმარტავდნენ წმინდა წინასწარმეტყველების მიერ გამოთქმულ მოწმობას ქრისტეს შესახებ.


ხოლო იერუსალიმში იყვნენ იუდეველნი, ღვთისმოსავი კაცნი ყველა ხალხისაგან, როძლებიც არიან ცის ქვეშ.


ღვთისმოსავი კაცნი. ეს ძირითადად ის ადამიანები იყვნენ, რომლებმაც საკუთარი სამშობლო, სახლი და ნათესავები დაუტევეს და იერუსალიმში დამკვიდრდნენ, რაც უკვე მათი მხრიდან ღვთისმოსაობის ნიშანი იყო. გამოთქმა: ყველა ხალხისაგან გამოყენებულია ნაცვლად გამოთქმისა: მრავალი ხალხისგან. წმინდა წერილს ახასიათებს სიტყვათა ასეთი მონაცვლეობა, როდესაც „ყველა“ ნიშნავს „მრავალს“. მაგალითად, ნათქვამია: „მოვაფენ ჩემს სულს ყოველ ხორციელზე“ (იოვ. 3:1); „ვინაიდან ყველა თავისას ეძებს და არა იესო ქრისტესას“ (ფილიპ. 2:21); „როგორც დაწერილია: არავინაა მართალი“ (რომ. 3:10).
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი


ეს ხმა რომ გაისმა, შემოკრბა მთელი ხალხი და შეშფოთდა, ვინაიდან თითოეული ისმენდა, როგორ მეტყველებდნენ ისინი მის საკუთარ ენაზე. 7. უკვირდა ყველას და განცვიფრებულნი ეუბნებოდნენ ერთმანეთს: განა ყველა ესენი, ვინც ლაპარაკობენ, გალილეველნი არ არიან? 8. როგორღა ვისმენთ სათითაოდ ჩვენს საკუთარ ენას, რომელშიც ნაშობნი ვართ?

იერუსალიმში იმ დროს მრავალ ენაზე მოლაპარაკე ხალხი იყო შეკრებილი. როდესაც ციდან ჩამომავალი ხმა გაიგონეს იმ სახლში, სადაც ქრისტეს მოწაფეები იყვნენ, მაშინვე ყველამ იქით მიაშურა ამბის გასაგებად. ხალხი შეშფოთდა, – წერს წმინდა ისტორიკოსი, – განცვიფრდა, როცა გაიგონა, რომ მოციქულები თითოეული მათგანის მშობლურ ენაზე ამტყველდნენ. თავიდან ისინი ამ სასწაულებრივმა ხმამ შეაშფოთა, მერე კი ძრწოლამ და განცვიფრებამ მოიცვა და ერთმანეთს ეკითხებოდნენ: განა ყველა ესენი, ვინც ლაპარაკობენ, გალალეველნი არ არიან? – ანუ ჩვენი ენების არმცოდნენი. მაშ, როგორღა ვისმენთ სათითაოდ ჩვენს საკუთარ ენას?


პართელნი და მიდიელნი, ელამიტები და შუამდინარეთის, იუდეის, კაპადოკიის, პონტოსა და ასიის მკვიდრნი, 10. ფრიგიისა და პამფილიის, ეგვიპტისა და კირენეს მომიჯნავე ლიბიის მხარის მცხოვრებნი, რომით მოსულნი, იუდეველნი და პროზელიტნი, 11. კრიტელნი და არაბნი ვისმენთ, როგორ ღაღადებენ ისინი ჩვენი ენით ღვთის სიდიადეს.

ამ უამრავ ხალხში, – ამბობდნენ ისინი ერთმანეთში, – არიან პართელნი და მიდიელნი, ელამიტები და შუამდინარეთის, იუდეის, კაპადოკიის, პონტოსა და ასიის მკვიდრნი, ფრიგიისა და პამფილიის, ეგვიპტისა და კირენეს მომიჯნავე ლიბიის მხარის მცხოვრებნი. აქ არა მხოლოდ იერუსალიმის მცხოვრებნი იმყოფებიან, არამედ უცხო ქვეყნებიდანაც მოსულნი: რომაელნი, იუდეველნი, ასევე, წარმართობიდან იუდეველობაში მოქცეულნი, აგრეთვე, კრიტელნი და არაბნი, მაგრამ ყველანი ჩვენ-ჩვენ ენაზე ვისმენთ ღვთის დიდებას ამ გალილეველებისგან. იუდეველები რომ გაფანტულნი იყვნენ მთელი მსოფლიოს ქვეყნებში, წარმართებთან ცხოვრობდნენ და მათგან მიიღეს თავიანთი სახელწოდებები, ეს ნურავის გაუკვირდება, რადგან ბევრი მათგანი აღმოსავლეთ ქვეყნებში გადაასახლა ასურელმა მეფეებმა თაგლათფალნასარმა და სალმანასარმა, ასევე, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა, ეგვიპტეში კი ეგვიპტის მეფე ნექაომ: „ადგა მთელი ხალხი დიდიან-პატარიანად და მხედართმთავრები და ეგვიპტეში გადაიხვეწნენ ქალდეველების შიშით“ (1 ნეშ. 5:26; 4 მეფ. 18:11; 4 მეფ. 3:14; 4 მეფ. 23:34; 4 მეფ. 25:26). ბევრი მათგანი დასავლეთ ქვეყნებში აღმოჩნდა და რომში დასახლდა, როდესაც ისინი რომაელებმა დაიპყრეს. გასაკვირი უფრო ის არის, რომ გულმოწყალე ღვთის განგებულებამ ისე მოაწყო, რომ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხის ასეთი სიმრავლე აღმოჩნდა იმ დროს იერუსალიმში, მაშინვე იმ სახლთან მოიყარა თავი, რომელშიც ქრისტეს მოწაფენი იყვნენ და ყოვლადდიდებული სასწაულის მოწმენი გახდნენ – უწიგნური ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავებულ მრავალ ენაზე ალაპარაკდნენ. სწორედ ამის გამო იწამეს „და შეემატათ იმ დღეს [ქრისტეს მიმდევრებს] სამი ათასამდე სული“ (საქმ. 2:41).
მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი





წმინდა სახარება წმინდა იოანე მახარებლისაგან
საკითხავი – ინ. 7:37-52; 8:12


ხოლო დღესასწაულის უკანასკნელ, დიდ დღეს ადგა იესო, შეჰღაღადა და თქვა: ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას.

მადლი არცერთ ადამიანს, ვისაც კი ცხონება სურს, არასდროს უარყოფს. როგორც მოჩუხჩუხე წყარო არავის უშლის, დატკბეს და დარწყულდეს მისი სუფთა და ხვავრიელი წყლით, ასევე, ღვთის მადლი მზადაა, ყველა დაატკოს, ვისაც ამის სურვილი აქვს. მაცხოვარი ოდნავადაც არ ასხვავებს უბადრუკსა და მდიდარს და სახარებაში თავისი საღმრთო ხმით ყველას მოუწოდებს: ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას.
ღირსი ეფრემ ასური


ვისაც სწამს ჩემი, როგორც ამბობს წერილი, მისი მუცლიდან წარმოდინდებიან ცოცხალი წყლის მდინარენი.

იუდეველებმა მშვენივრად იცოდნენ, რომ ეს კაცი არ იყო მათნაირი, ის უფრო იმას ჰგავდა, ვისაც წმინდანებისთვის ცხოვრების წყაროს წყალი აქვს გამზადებული და ვის შესახებაც ესაია წინასწარმეტყველი საუბრობს (ეს. 12:3). იგი მართლაც იყო ისეთი, როგორც ნათლის გამობრწყინება, როგორც ცოცხალი წყლის მდინარე, რომელიც თავის დროზე ედემის ბაღს რწყავდა (დაბ. 2:10). ახლა კი ყველას აძლევს სულს და ამბობს: ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას. ვისაც სწამს ჩემი, როგორც ამბობს წერილი, მისი მუცლიდან წარმოდინდებიან ცოცხალი წყლის მდინარენი. ამგვარი ლაპარაკი ადამიანს არ შეეძლო, არამედ – მხოლოდ ცოცხალ ღმერთს, რომელსაც ნამდვილად ძალუძს ცხოვრების მოცემა, რომელიც ნამდვილად აძლევს ადამიანებს სულს.

ესა თქვა სულზე, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, ვინაიდან ჯერ კიდევ არ იყო მათზე სული, რადგან ჯერ კიდევ არ განდიდებულიყო იესო.

როდესაც იოანე მახარებელი ამბობს: ჯერ კიდევ არ იყო მათზე სული, რადგან ჯერ კიდევ არ განდიდებულიყო იესო, იგულისხმება, რომ განდიდებული არ იყო მისი სხეული, რადგან დიდების უფალი კი არ იდიდების [განდიდებული როგორღა უნდა განდიდდეს?!], არამედ უფლის სხეული იღებს დიდებას, როცა მასთან ერთად ზეცაში ადის.
წმინდა მღვდელთმთავარი ათანასე დიდი

ამის გაგონებაზე ბევრმა თქვა ხალხში: ჭეშმარიტად ეს არის წინასწარმეტყველი.

იუდეველები უკუღმართი ცნებებით იყვნენ დაავადებულნი. ერთნი ამბობდნენ: ეს არის წინასწარმეტყველი; მეორენი – „ხალხს აცდუნებს“ (მუხ. 12); მესამენი -„გალილეიდან კი არა, ბეთლემიდან უნდა მოვიდეს ქრისტე“ (მუხ. 41-42); მეოთხენი -„ქრისტე როდესაც მოვა, არავის ეცოდინება, საიდან არის“ (მუხ. 27). მოკლედ, აზრები გაიყო და დიდი ცილობა იყო ხალხში, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება, როდესაც ბრბო აღელვებულია.

მეორენი ამბობდნენ: ეს არის ქრისტე; სხვები კი კითხულობენ: განა ქრისტე გალილეიდან მოვა?

როდესაც უფალმა თქვა: „წერილი ამბობს“ (მუხ. 38), რატომ არ მოიყვანა იქვე ამის მტკიცებულება? იუდეველები სათანადოდ არ უსმენდნენ მის ლაპარაკს, მათი მიზანი არ იყო ჭეშმარიტების შეცნობა. ამიტომაც არაფერს პასუხობს, თუმცა ისმოდა კითხვა: განა ქრისტე გალილეიდან მოვა? მანამდე ნათანაელმა უფრო მკაცრად და მძაფრად გამოთქვა: „განა შეიძლება ნაზარეთიდან კეთილი გამოვიდეს რამე?“ (ინ. 1:46), მაგრამ უფალს კი არ გაუკიცხავს, პირიქით, შეაქო, როგორც ჭეშმარიტი ისრაელელი. ახლა კი ეს იუდეველები, იმათ მსგავსად, რომელნიც ნიკოდიმოსს ეუბნებოდნენ: „გამოიკვლიე და ნახე, რომ გალილეიდან არასოდეს აღმდგარა წინასწარმეტყველი“ (ინ. 7:52), ამას ამბობდნენ არა ჭეშმარიტების დასადგენად, არამედ ქრისტეს შესახებ აზრის უარსაყოფად. ნათანაელს კი ჭეშმარიტება უყვარდა და ზუსტად იცოდა, თუ რა ეწერა წმინდა წერილში მაცხოვრის შესახებ. ამრიგად, რადგანაც იუდეველებს მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდათ – გაექარწყლებინათ აზრი, რომ ის ქრისტეა, ამიტომაც არ გაეხსნა იგი მათ.

წერილი ხომ ამბობს, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან და ბეთლემიდან, ანუ იმ ადგილიდან მოვა, საიდანაც იყო დავითი.

ისინი, ვინც საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდნენ და ხან ამბობდნენ: „არავის ეცოდინება, საიდან არის იგი“ (მუხ. 27), ხანაც – ბეთლემიდან მოვა, ცხადია, ჭეშმარიტების დადგენის შემდეგაც არ შეწყვეტდნენ წინააღმდეგობის გაწევას. თუნდაც არ სცოდნოდათ მისი წარმოშობის ადგილი, კერძოდ, ბეთლემიდან რომ იყო, რადგან უფალი ნაზარეთში ცხოვრობდა, – თუმცა არც ეს ამართლებდა მათ, იმიტომ, რომ იგი იქ არ შობილა, – მაგრამ ნუთუ არც მისი მოდგმა იცოდნენ, კერძოდ, რომ იგი დავითის სახლიდან და ტომიდან უნდა მოსულიყო? თუკი არ იცოდნენ, მაშ როგორღა ამბობდნენ: წერილი ხომ ამბობს, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან მოვა? მაგრამ იმ სიტყვებით ამის დაჩრდილვასაც ცდილობდნენ. მასთან მისულებს რატომ არ უნდა ეთქვათ: შენი მოქმედებები ჩვენ გვაოცებს, მაგრამ რადგანაც თავად გვეუბნები, რომ უნდა გიწამოთ, წმინდა წერილიდან გამომდინარე, ამიტომ გვითხარი, როგორ შეესაბამება შენს სიტყვებს წმინდა წერილი, რომლის თანახმადაც ქრისტე ბეთლემიდან უნდა მოვიდეს, შენ კი გალილეიდან მოხვედი? მაგრამ მათ არაფერი ამის მსგავსი არ უთქვამთ, პირიქით, ყველაფერს ბოროტი განზრახვით ლაპარაკობდნენ.
წმინდა მღვდელთმთავარი იოანე ოქროპირი

და მის გამო დიდი ცილობა ატყდა ხალხში.

ადამიანები ამაოდ კამათობენ და სხვადასხვა აზრზე დგებიან: ერთნი მას წინასწარმეტყველად მიიჩნევენ, მეორენი – ქრისტედ. აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი ის იყო, რომ ისინი არც ქრისტეს იცნობდნენ და არც წმინდა წერილის ზუსტი აზრი ესმოდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ რომ დაეჯერებინათ, რომ იესო სხვა კი არ არის, არამედ რჯულში ნაუწყები წინასწარმეტყველია, მაშინ ასეთ უდროო დროს წარმოშობილ აზრთა სხვადასხვაობას თავიდან აიცილებდნენ.

ზოგიერთს მისი შეპყრობა სურდა, მაგრამ ვერავინ დაადო ხელი.

უფლის შესაპყრობად მღვდელთმთავრებისა და ფარისევლებისგან წარგზავნილნი, თავიანთი კადნიერი საქციელისათვის საკმაოდ მოხერხებულ შემთხვევად მიიჩნევდნენ ხალხში ამტყდარ ცილობას. მათი ვარაუდით, ხალხი არ შეუშლიდა ხელს იესოს შეპყრობას და საერთოდაც არ იდარდებდა, რაც უნდა შემთხვეოდა მას, პირიქით, გაუხარდებოდა კიდეც იმ კაცის თავიდან მოშორება, რომელიც მათში მტრობისა და შფოთის წარმოშობის მიზეზი გახდა. მაგრამ ვერავინ დაადო ხელი, – არა მისდამი პატივისცემის გამო, ანდა იმიტომ, რომ მრისხანებას ღვთისმოსაობის ლაგამი ამოსდეს, არამედ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ თავად ქრისტეს ძალით იყვნენ შეჩერებულნი. უფალმა იცის დრო, როდის უნდა ევნოს ჩვენ გამო, ახლა კი იუდეველებს აკავებს უხილავი ძალით. მართალია, უწმინდურებს იგი სასიკვდილოდ უნდა გაეწირათ, მაგრამ ამ უწმინდურობის აღსრულების დრო ჯერ არ დამდგარიყო.
წმინდა მღვდელთმთავარი კირილე ალექსანდრიელი

მაშინ მივიდნენ მსახურები მღვდელმთავრებსა და ფარისევლებთან, ხოლო მათ უთხრეს: რატომ არ მოიყვანეთ იგი? 46. მსახურებმა მიუგეს: არასოდეს კაცს არ ულაპარაკია ისე, როგორც ლაპარაკობს ეს კაცი.

ისინი წავიდნენ იესო ქრისტეს შესაპყრობად, მაგრამ თვითონვე აღმოჩნდნენ მისი სიტყვების ტყვეობაში. ამრიგად, წარმგზავნელებმა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ჰქონდათ მისი სიტყვები მოსმენილი, არაერთი მის მიერ აღსრულებული სასწაულო ენახათ და მის შესახებ წინასწარმეტყველება წაეკითხათ, მაინც ვერ ისარგებლეს ყოველივე ამით, თუმცა ხლხში ბრძნებად ითვლებოდნენ. წარგზავნილები კი პირიქით, ხალხთან მისი ერთი საუბრის მოსმენით დატყვევდნენ, რადგან ჯერ კიდევ შეურყვნელი გონება ჰქონდათ. საოცარია არა მხოლოდ მათი კეთილგონიერება, არამედ – სიმამაცეც. ისინი არ ამბობენ: „იმიტომ არ შევიპყარით ქრისტე, რომ ხალხის ამბოხებას მოვერიდეთ“ და არც თავის გასამართლებელ სხვა რამ არგუმენტს იგონებენ, არამედ პირდაპირ სიმართლეს ეუბნებიან და ქრისტეს სიბრძნეს უცხადებენ მათ.
სწავლული ბერი ევფთვიმე ზიღაბენი


ფარისევლებმა უთხრეს მათ: ნუთუ თქვენც გაცდუნათ?

აი, ფარისევლების ღვარძლი! მათ იციან, რომ უფალ იესო ქრისტეს სწავლება ჭეშმარიტად ზეციური თაფლია, ატკბობს და იზიდავს მსმენელთა გულებს. ნაცვლად იმისა, რომ თავიანთი მსახურებისთვის ეკითხათ, რა უთხრა და რას ასწავლიდა იესო ქრისტე, რა გზით მიიყვანა ისინი ასეთ განცვიფრებამდე და მიდრიკა თავისი სახელის სადიდებლად, ლანძღავენ მათ და ეკითხებიან: ნუთუ თქვენც ცდუნდით, მსგავსად სხვა უსწავლელი და გაუნათლებელი ადამიანებისა? თქვენ, რომლებიც მუდმივად ისმენთ ჩვენს სწავლებას? მათ სურთ, დაარწმუნონ ისინი, რომ ქრისტე არ უნდა იწამონ.

ნუთუ მთავართაგან ან ფარისეველთაგან ვინმემ ირწმუნა მისი? 49. მაგრამ ეს ხალხი, რომელმაც არ იცის რჯული, დაწყევლილია.

იუდეველი მთავრები ხელმძღვანელობდნენ ხალხის შეკრებებს. მისი წარმომადგენლები იყვნენ, ასევე, სენატში. ფარისევლები კი რჯულის მოძღვრები და მისი დამცველები იყვნენ და ღვთისმოყვარე და კეთილის მოქმედ ადამიანებად ითვლებოდნენ. რადგანაც ადამიანის გულის განწყობაზე დიდი გავლენა აქვს ერში დაფასებული, სწავლული და ღვთისმოსავი ადამიანების აზრს. ამიტომ ეუბნებიან ისინი თავიანთ მსახურებს: ნუთუ მთავართაგან ან ფარისეველთაგან ვინმემ ირწმუნა მისი? ამით სურთ, დაარწმუნონ ისინი, რომ იესო ქრისტე კი არ უნდა იწამონ, არამედ, პირიქით – შეიძულონ. მხოლოდ მდაბიო და რჯულის უცოდინარმა დაწყევლილმა ხალხმა ირწმუნაო, – ეუბნებიან. აი, ასეთი იყო ფარისევლების სიტყვა თავიანთი მსახურებისადმი. სინამდვილეში წყევლა თავად მათ მოეწიათ, ვინაიდან რჯულის თანახმად, „წყეულიმც იყოს, ვინც გატეხს ამ რჯულის სიტყვებს და არ შეასრულებს მათ!“ (2 რჯ. 27:26). ფარისევლებმა იცოდნენ, რას ასწავლიდა რჯული მესიის შესახებ. ისინი ხედავდნენ, თუ როგორ სრულდებოდა ეს სწავლება იესო ქრისტეზე, მაგრამ შურისგან შეჭმულებმა არ უერთგულეს რჯულის სიტყვებს და არ ირწმუნეს ქრისტე. ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ ისინი ცრუობდნენ, როცა ამბობდნენ – მთავრებსა და ფარისეველთა შორის არავინ ირწმუნა ქრისტე, მაშინ, როცა რთვითმხილველი მახარებელი ამოწმებს: „მთავართაგანაც მრავალმა იწამა იგი“ (ინ. 12:42) და ზოგიერთმა ფარისეველმაც, რადგან ამავე მახარებლის თანახმად, ნიკოდიმოსიც ერთ-ერთი მათგანი იყო.
მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი


უთხრა მათ ნიკოდიმოსმა, რომელიც ღამით მივიდა მასთან, და თვითონაც ერთი მათგანი იყო: 51. განა ჩვენი რჯული განსჯის კაცს, თუ წინასწარ არ მოუსმინა და გაიგო, რა ჩაიდინა? 52. მიუგეს და უთხრეს: იქნებ შენც გალილეველი ხარ? გამოიკვლიე და ნახე, რომ გალილეიდან არასოდეს აღმდგარა წინასწარმეტყველი.

ფარისევლებმა განაცხადეს, რომ მთავრებთაგან არც ერთს არ უწამია ქრისტე, ის მხოლოდ რჯულის უცოდინარებმა იწამეს. ნიკოდიმოსი მათ სამართლიანად საყვედურობს და ასეთ კითხვას უსვამს: განა ჩვენი რჯული განსჯის კაცს, თუ წინასწარ არ მოუსმინა და გაიგო, რა ჩაიდინა?
ამით იგი აჩვენებს, რომ მათ არ იციან რჯული და არ იცავენ რჯულის კანონს. თუკი რჯული განაწესებს, რომ არცერთი ადამიანის სიკვდილით დასჯა არ შეიძლება, სანამ მას წაყენებულ ბრალდებაზე პასუხს არ გააცემინებენ, ქრისტეს შემთხვევაში ეს წესი არ იქნა დაცული. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ისინი რჯულის დამრღვევნი არიან. ხოლო რადგანაც მათ თქვეს, რომ მთავრებს შორის არავინ ირწმუნა ქრისტე, მახარებელი შენიშნავს, რომ იყო ერთი ასეთი, რათა აჩვენოს, რომ მთავრებმაც ირწმუნეს იგი. მართალია, ჯერჯერობით ისინი არ ამჟღავნებდნენ სათანადო კადნიერებას, მაგრამ ქრისტეს ერთგულნი რჩებოდნენ. იხილე, როგორ ფრთხილად ამხელს მათ ნიკოდიმოსი! მას არ უთქვამს: თქვენ მისი მოკვლა გსურთ და და გამოძიების გარეშე სჯით ადამიანს, როგორც მატყუარას. არა, მას ასე არ უთქვამს, არამედ დიდი შემწყნარებლობით ელაპარაკება, რათა შეაჩეროს მათი ძლიერი აღტყინება და მკვლელობის უგუნური მცდელობა. ამიტომ მიმართავს იგი რჯულის კანონს და ამბობს: განა ჩვენი რჯული განსჯის კაცს, თუ წინასწარ არ მოუსმინა და გაიგო, რა ჩაიდინა? ე. ი. არა უბრალოდ უნდა მოუსმინო, არამედ – ყურადღებით. სწორედ ამას ნიშნავს სიტყვები: და გაიგო, რა ჩაიდინა, – ანუ რა სურს ბრალდებულს, რატომ სურს და რისთვის: ხომ არ აპირებს საზოგადოებრივი წყობის დამხობას და ხალხის მტერი ხომ არ არის? ვინაიდან მათ ასე ივარაუდეს და თქვეს, რომ მთავართაგან არავინ ირწმუნა ქრისტე, ამიტომ არ გასცეს ნიკოდიმოსს პასუხი – არც მკაცრი და არც შემწყნარებლური.
მართლაც, აბა, მითხარი, რა თანმიმდევრობა არსებობს იმაში, რომ ნიკოდიმოსის სიტყვებს, რჯული განუსჯელად არავის სჯისო, ისინი ასე უპასუხებენ: იქნებ შენც გალილეველი ხარ? ნაცვლად იმისა, რომ თავი ემართლებინათ, განუსჯელად არ გადაგვიწყვეტია მისი შეპყრობა, ან არ იყო აუცილებელი მისი თავდაცვითი სიტყვის მოსმენაო, ფარისევლები საკმაოდ უხეშად და მკაცრად ეუბნებიან: გამოიკვლიე და ნახე, რომ გალილეიდან არასოდეს აღმდგარა წინასწარმეტყველი. კი მაგრამ, რა თქვა ასეთი ამ კაცმა (ნიკოდიმოსმა)? განა ის, რომ ქრისტე წინასწარმეტყველია? არა, მან მხოლოდ აღნიშნა, რომ სასამართლოს გარეშე არ შეიძლება ადამიანის მოკვლა. ისინი კი მას საყვედურით მიმართავენ, როგორც წმინდა წერილში განუსწავლელ ადამიანს. მათი პასუხი იგივეა, ვინმეს რომ უთხრა: წადი და შეისწავლე. სწორედ ამას ნიშნავს სიტყვები: გამოიკვლიე და ნახე.
წმინდა მღვდელთმთავარი იოანე ოქროპირი

და ყველანი თავიანთ სახლებში წავიდ-წამოვიდნენ.

ისინი გაბრაზდნენ ნიკოდიმოსის სიტყვებზე, და იმის შიშით, რომ კიდევ რომელიმე მთავარს მსგავსი რამ არ ეთქვა, ადგნენ და დაიშალნენ – ყველანი თავიანთ სახლებში წავიდ-წამოვიდნენ.
სწავლული ბერი ევფთვიმე ზიღაბენი

8:12. ხელახლა მიმართა იესომ და უთხრა მათ: მე ვარ ნათელი ქვეყნისა; ვინც გამომყვება, ბნელში კი არ ივლის, არამედ ექნება სიცოცხლის ნათელი.
ამრიგად, ისმინე უფლის ხმა, რომელიც ჩემთვის (კარგი იქნება თუ თქვენთვისაც), რომელიც ვსწავლობ და ვასწავლი ასეთ საიდუმლოებებს, საკმაოდ გასაგებად ღაღადებს: მე ვარ ნათელი ქვეყნისა. ამისათვის„მოედით მისა და განათლდით და პირსა თქუენსა არა ჰრცხუენეს“ (ფს. 33:6). ხელახლა შობის დროა – მაშ, ვიშვეთ ზეციდან! აღორძინების დროა – მაშ, აღვორძინდეთ პირველ ადამში! ნუ დავრჩებით ისეთნი, როგორიც ახლა ვართ, არამედ ისეთები გავხდეთ, როგორიც შეგვქმნეს. „ნათელი ბნელში ნათობს“, ანუ მთელ ხორციელ ცხოვრებას ანათებს, თუმც ბნელი ნათელს დევნის, მაინც ვერ მოიცვა იგი (ინ. 1:5), რაც ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე ძალა უსირცხვილად მიადგა ხილულ ადამს, მაგრამ დამარცხდა მასთან. ამიტომ მოდით, განვეშოროთ ბნელს, მივეახლოთ ნათელს და შემდგომ ამისა, როგორც შვილნი სრულყოფილი ნათლისა, ჩვენც სრულყოფილი ნათელი გავხდეთ!
წმინდა მღვდელთმთავარი გრიგოლ ღვთისმეტყველი