მილოცვები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

მსოფლიო პატრიარქის მილოცვა






იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის მილოცვა








მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მილოცვა



მის უწმინდესობას და უნეტარესობას,
უწმინდეს და უნეტარეს ილია II-ს,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,
უფლის მიერ საყვარელო ძმაო და თანამწირველო!
გულითადად გილოცავთ როგორც თქვენი, ისე საქართველოს მთელი ეკლესიის ცხოვრებაში ღირშესანიშნავ დღეს, _ თქვენი საპატრიარქო აღსაყდრების 40 წლისთავს.
ოთხი ათეიული წლის წინ, ღვთის ნებითა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, თქვენ ახვედით უწმინდესთა და უნეტარესთა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთა ტახტზე.
მთელი ამ წლების განმავლობაში, მაცხოვრის შეწევნით, თქვენ აღასრულეთ მაღალი მსახურება ,,სიწმიდითა, მეცნიერებითა და სულგრძელებითა, სიტკბოებითა და სულითა წმიდითა, სიყუარულითა შეუორგულებელითა, სიტყჳთა ჭეშმარიტებისაჲთა, ძალითა ღმრთისაჲთა, საჭურველითა მით სიმართლისაჲთა მარჯუენისაჲთა და მარცხენისაჲთა” (2 კორ. 6, 6-7). ის, რომ ივერიის წმინდა მიწაზე ოდესღაც წმინდა ნინოს ღვაწლით დანერგულმა ჭეშმარიტი რწმენის მარცვალმა დღეს ასეთი უხვი ნაყოფი გამოიღო, _ ძირითადად თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობის პირადი დამსახურებაა.
როდესაც შეუდექით საპატრიარქო მსახურებას, თქვენ იყავით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მღვდელმთავარი; დიდი გზა განვლეთ და აწ უკვე ბრძანდებით ეკლესიის მეთაურობის ხანგრძლივობით მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში ყველაზე უხუცესი საჭეთმპყრობელი. თქვენი სიტყვა ავტორიტეტული და მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვინც გიცნობთ და უყვარხართ, ვინც თქვენთვის ლოცულობს და თქვენგან კურთხევას ითხოვს.
პავლე მოციქული ბრძანებს: ,,შეიძლება მრავალი მზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მაგრამ არა მრავალი მამა” (1 კორინთ. 4, 15). ჭეშმარიტად, თქვენ ბრძანდებით სულიერი მამა მრავალთა და მრავალთა შვილთა საქართველოს ეკლესიისა _ იერარქებისა, სამღვდელოთა და საეროთა და დაუღალავად ზრუნავთ თქვენი სამწყსოს სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, მოუწოდებთ და შთააგონებთ რა მათ, იცხოვრონ სახარებისეული მცნებებით.
მართლმადიდებელი საქართველოს მომავალზე ზრუნვის გამო, თქვენ წმინდა ნათლისღებით გახდით ნათლია მრავალშვილიანი ოჯახების ათასობით ბავშვისა, რითაც კეთილი საფუძველი განუმზადეთ (1 ტიმ. 6, 19) ქართველი ხალხის ბედნიერ მომავალს.
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, მრავალი ათეული წლის მანძილზე მე მქონდა თქვენთან თანამშრომლობის ბედნიერება, _ მათ შორის, საერთაშორისო ქრისტიანთაშორისი ორგანიზაციების ფორმატში, სადაც თქვენ მტკიცედ იცავდით მართლმადიდებლობის პოზიციებს.
ფრიად ვაფასებ თქვენს პირად წვლილს მართლმადიდებელთა ერთობის განმტკიცების საქმეში შეტანილს. ჩვენ მოგვიწია გვეღვაწა ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლთა და წარმომადგენელთა შეკრებებზე კონსტანტინოპოლსა და შამბეზში, სხვა მნიშვნელოვან ფორუმებზე. ამ ერთობლივი საქმიანობით ჩვენ მუდამ ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა სულის ერთობა მშვიდობის საკვრელში(ეფეს. 4, 3).
ფრიად მადლიერნი ვართ თქვენი ძალისხმევისა, რომელიც მიმართულია რუსეთისა და საქართველოს ეკლესიებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის განვითარებისთვის სხვადასხვა სამოღვაწეო სფეროში: მომლოცველობა, სტუდენტური და სამეცნიერო-საღვთისმეტყველო გაცვლითი პროგრამები.
წარმატებით დაასრულეთ რა მოსკოვის სასულიერო სემინარია და აკადემია, თქვენ არაერთხელ ბრძანდებოდით ჩვენი ეკლესიის სასურველი სტუმარი ჩვენი ეკლესიის სამი მეთაურის პატრიქრობისას, ღვთივკურთხეულ ივერიაში კი იღებდით მოსკოვის საპატრიარქოს მრავალ იერარქსა და სამღვდელო პირს.
ჩვენს ეკლესიაში მხურვალედ უყვარხართ და აფასებენ თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას. ჩვენი გულითადი გრძნობების ღირსეული გამოხატულების, ძმური სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად თქვენთან, საქართველოში, ვაგზავნი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობით დელეგაციას, ნიჟნი ნოვგოროდისა და არზამასის მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გიორგის ხელმძღვანელობით.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი სისავსისა და პირადად ჩემი სახელით ლოცვით ვუსურვებ თქვენს უწმინდესობასა და უნეტარესობას პირველიერარქის ღვაწლში ღვთის უხვ შეწევნას, სულიერი და ხორციელი ძალების განმტკიცებას და უფალში სიხარულს მრავალ და კეთილ წელს.
ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
კირილე



ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტის მილოცვა




რომის პაპის მილოცვა






დიდი ბრიტანეთის დედოფლის მილოცვა


მილოცვა მის უდიდებულესობა დედოფლისაგან
სიამოვნებით ვუგზავნი თქვენს უწმინდესობას უთბილესი გრძნობებით სავეს მილოცვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად თქვენი აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებით.
დიდი სითბოთი ვიხსენებ ჩვენს შეხვედრას 2011 წელს ლონდონში თქვენი ვიზიტის დროს.
მოხარული ვარ, რომ ჩვენს ხალხებს შორის ახლო ურთიერთობა სულ უფრო მტკიცდება.
გიგზავნით ჩვენს საუკეთესო სურვილებს და გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას.
დედოფალი ელისაბედი


სომხეთის პატრიარქის მილოცვა


მის უწმინდესობას, ილია II-ს,
უწმინდეს და უნეტარეს,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
თქვენო უწმინდესობავ!
სომხეთის სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მეთაურის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანისგან შევიტყვეთ, რომ ა. წ. 25 დეკემბერს თქვენ აღნიშნავთ თქვენი ინტრონიზაციის 40 წლისთავს.
ამ ღირსშენანიშნავ თარიღთან დაკავშირებით, ყოველთა სომეხთა სულიერი ცენტრიდან, წმიდა ეჩმიაძინის წმიდა საყდრიდან, ვუგზავნით თქვენს უწმინდესობას ჩვენს ლოცვებსა და კეთილ სურვილებს და გილოცავთ აღსაყდრების 40 წლისთავის იუბილეს!
ოთხი ათწლეულის განმავლობაში თქვენ ერთგული მსახურებით ავრცელებთ ღვთის სიტყვასა და სახარებას, მეთაურობთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მოიპოვეთ თქვენი სულიერი შვილების სიყვარული და პატივისცემა.
თქვენი პატრიარქობის პერიოდში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სულიერად აღორძინდა, მიაღწია ახალ წარმატებებს უფლის მიერ ბოძებულ მისიის აღსრულებაში.
თქვენთვის ამ საზეიმო დღეს აღვავლენთ ლოცვებს ყოვლადმოწყალე ღვთისადმი და გისურვებთ ჯანმრთელობას მრავალი წლის მანძილზე, უფლის მიერ თქვენთვის ბოძებული კეთილმორწმუნე სამწყსოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკეთილდღეოდ.
ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით,
გარეგინ II
ყოველთა სომეხთა პატრიარქი და კათოლიკოსი

ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარის მილოცვა





მის უწმინდესობას,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,
ილია II-ს
ერთი შემოქმედის სახელით!
თქვენო უწმინდესობავ!
ამ უმნიშვნელოვანეს დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიიღეთ ჩემი გულითადი მილოცვა თქვენი ინტრონიზაციის დიდებულ თარიღთან – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქად თქვენი უწმინდესობის არჩევის 40 წლისთავთან დაკავშირებით.
უზენაესის ნებით, თქვენ ღირსი გახდით უდიდესი პატივისა პატრიარქის ხარისხში გემსახურათ მშვიდობის, სიკეთისა და სამართლიანობის იდეალების გამარჯვებისთვის, ყველა ადამიანთან თანამშრომლობით, მიუხედავად მათი ეროვნებისა და აღმსარებლობისა. განსაკუთრებულ პატივად მიმაჩნია, რომ წილად მხვდა ბედნიერება მრავალი წლის განმავლობაში მეთანამშრომლა თქვენს უწმინდესობასთან – თანამედროვეობის უდიდეს სულიერ ლიდერთან, კავკასიის უბრძენეს ხუცესთან.
გულითადად გილოცავთ თქვენ და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა სულიერ შვილს დამდეგ შობა-ახალი წლის დღესასწაულს და ქართველ ხალხს ვუსურვებ ჯანმრთელობას, მადლმოსილ წარმატებებს და უზენაესი შემოქმედის შეწევნას. ამ საზეიმო დღეს გულწრფელად გისურვებთ, რომ ამ ახალ წელს გავამრავლოთ მეტად ფასეული გამოცდილება ჩვენი რელიგიათშორისი თანამშრომლობისა, რომელმაც სასურველი ნაყოფი გამოიღო და მთელ კავკასიაში მშვიდობისა და თანხმობის მიღწევის საქმეს ემსახურება.
თქვენთვის და მთელი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი შვილებისათვის ამ მეტად მნიშვნელოვან დღეებში მიიღეთ ჩემი გულითადი მილოცვა ასევე თქვენი უწმინდესობის დაბადების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით. განსაკუთრებულ პატივად მიმაჩნია გამოვხატო ჩემი უღრმესი პატივისცემა და ძმური სიყვარული, გისურვოთ კეთილდღეობა და წარმატებები თქვენს ღვთივკურთხეულ მოღვაწეობაში. მწამს და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შემდგომშიც ერთად ვიქნებით ჩვენი ერებისა და ქვეყნების _ საქართველოსა და აზერბაიჯანის _ ინტერესების სადარაჯოზე _ მტკიცედ ვიდგებით ჩვენ მიერ გაცხადებული ერთობლივი თვალსაზრისის დაცვაში – რომ ერთადერთი გზა კავკასიის ბედნიერი მომავლისა არის მშვიდობა, ეროვნებათშორისი და რელიგიათშორისი ურთიერთქმედება, კეთილმეზობლობა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება.