მილოცვები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ გიორგი მარგველაშვილის მილოცვა:
,,თქვენო უწმინდესობავ, გილოცავთ იუბილეს და აღსაყდრების 40 წლისთავს.
რა არის მნიშვნელოვანი ამ თარიღებში, რომლის დროსაც ჩვენ ვიკრიბებით და ერთმანეთს ვუზიარებთ სიხარულს? მნიშვნელოვანია, რომ ამ თარიღების აღნიშვნისას, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა შევაჯამოთ და კიდევ ერთხელ შევხედოთ თქვენს მოღვაწეობას და ღვაწლს.
თქვენო უწმინდესობავ, ნებისმიერი ქრისტიანის ცხოვრება ეს არის ბრძოლა, ბრძოლა, როგორც ადამიანის შიგნით, ასევე იმ გამოწვევებთან, რომელსაც საზოგადოება და ამქვეყნიური პრობლემები, მის წინაშე აყენებს.
ამ მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნისას ჩვენ ვგრძნობთ ძალას, რადგან სწორედ ამ გამოწვევების დამმარცხებელ ადამიანს ვხედავთ, არა იდეებში, არა წიგნად, არამედ ცოცხლად ვხედავთ ადამიანს, რომელმაც დაამარცხა ძალიან ბევრი სირთულე.
რეალურად ვხედავთ ადამიანს, რომელმაც დაამარცხა ამპარტავნება, ვერცხლმოყვარება. ადამიანმა, რომელმაც დაამარცხა ის გამოწვევები, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს და ამ გამოწვევათა დამარცხებით თავისი თავი, ჩვენი ერი ძალად აქცია.
გმადლობთ თქვენო უწმინდესობავ, ამ საოცარი მაგალითისთვის, რომელიც ჩვენ გვაძლიერებს“.



საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ გიორგი კვირიკაშვილის მილოცვა:
,,თქვენო უწმინდესობავ, მინდა, საქართველოს მთავრობის სახელით, დიდი სიყვარულით მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი ყველა ჩვენგანისთვის – თქვენი იუბილე; ასევე, მოგილოცოთ აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე; მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა და დიდხანს მეუფება.
თქვენი მეუფება არის არა მხოლოდ წყალობა ჩვენი ერისთვის, არამედ ეს არის სასიცოცხლო საჭიროებაც. იმ გამოწვევების ფონზე, სადაც ჩვენი ქვეყანა იმყოფება დღეს, თქვენი პატრიარქობა არის ჩვენი უდიდესი სიძლიერე და, რა თქმა უნდა – სასიცოცხლო აუცილებლობა. ამიტომ, მინდა გისურვოთ დიდხანს მეუფება, მინდა საქართველოს ვუსურვო გაძლიერება, რასაც თქვენ ყოველდღიურად, ყოველწუთიერად აკეთებთ.
მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველა იმ იმედისთვის, ყველა იმ ნუგეშისთვის, რომელსაც თქვენ უხვად უზიარებთ ჩვენს ქვეყანას.
ასევე მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე _ ამ ორი უმნიშვნელოვანესი გამოცემის დასრულება და ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს არის კიდევ ერთი ბურჯი ჩვენი ეკლესიის სიძლიერის, ჩვენი ავტოკეფალიის განმტკიცების საქმეში. მინდა, მივულოცო იმ სამეცნიერო გუნდს, რომელმაც ამ გამოცემებზე იმუშავა, მინდა მივულოცო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, ბატონ ზაზა აბაშიძეს და ყველა მეცნიერს. რა თქმა უნდა, ეს გამოცემები არის იმ ადამიანების სახელების უკვდავყოფაც, რომლებმაც თაობების მანძილზე იმუშავეს ამ ორ უმნიშვნელოვანეს გამოცემაზე. გილოცავთ დღევანდელ დღეს. ყველას გილოცავთ ახალ წელს და დამდეგ შობას.“



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონ ირაკლი კობახიძის მილოცვა:
,,ეს არის დღესასწაული სრულიად საქართველოსთვის. 40 წლის წინ ნამდვილად განსაკუთრებული მადლი ხვდა წილად ჩვენს ქვეყანას, როდესაც თქვენ გახდით ქართული ეკლესიის და ჩვენი სულიერების საჭეთმპყრობელი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი თითოეული ჩვენგანისთვის, სრულიად საქართველოსთვის.
40 წლის განმავლობაში თქვენი ყოველდღიური მოღვაწეობითა და ცხოვრებით, გვაძლევდით მაგალითს იმისა, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და როგორ უნდა დავუდგეთ გვერდით ერთმანეთსა და ჩვენს სამშობლოს.
კიდევ ერთხელ, მინდა, მოგილოცოთ დაბადების დღე, ქედს ვიხრი თქვენს წინაშე და ვულოცავ სრულიად საქართველოს.
დღეს ჩვენ ვართ ისტორიული მოვლენის მონაწილენი და მომსწრენი. ნამდვილად ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა ბიბლიის აკადემიური ტექსტის გამოცემა. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ქართული ისტორიოგრაფიისთვის, მას აქვს ძალიან დიდი სამეცნიერო და საგანმანათლებლო მნიშვნელობა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში, ხელნაწერთა ინსტიტუტის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელთა მხარდაჭერის გარეშე ეს საქმე ვერ შედგებოდა. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის.“



ისრაელის პრეზიდენტის მილოცვა



აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის მილოცვა