სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2017)

ა.წ. 23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაულზე წირვის დაწყების წინ და დამთავრებისას კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ შემდეგი განცხადებები გააკეთა:
ჩვენთან არს ღმერთი
გილოცავთ გიორგობას. წმინდა გიორგის ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ეხლა მე მინდა წაგიკითხოთ ბრძანება, რომელიც დღეს დაიწერა: სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დადგენილია მიტროპოლიტი, მაღალყოვლადუსამღვდელოესობა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი. ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. აქსიოს!

ჩვენთან არს ღმერთი
ყველას გილოცავთ გიორგობას. ეს არის ისტორიული გიორგობა. წმინდა გიორგიმ ინება, რომ მყავდეს მოსაყდრე და ასეთი არის მეუფე შიო. მეუფე შიოს ვულოცავ ამ მაღალ წოდებას და იმედი მაქვს, რომ გაამართლებს დაკისრებულ საქმეს. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა.
გუშინ დიდი განსაცდელი გამოიარა საქართველომ, მაგრამ ღმერთი მფარველია ჩვენი. ორივე მხარეს არის მსხვერპლი. ჩვენ განვიცადეთ ეს მწუხარება. ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს, ღმერთმა გვაშოროს შინაური და გარეული მტერი.
ჩვენთან არს ღმერთი.