ღირსი მამა დავით გარეჯელი (VIს.)

ღირსი მამა დავით გარეჯელი (VI ს.)
ღირსი მამა დავით გარეჯელი შუამდინარეთიდან, კერძოდ, ასურეთიდან იყო. ჯერ კიდევ ყრმა წმინდანი იოანე ზედაზნელს დაემოწაფა და მასთან ერთად საქართველოში გამოემგზავრა.
მამა დავითმა თავდაპირველად სამოღვაწეოდ თბილისი აირჩია. ის თავის მოწაფესთან, ლუკიანესთან ერთად, ქალაქის დასავლეთით მდებარე მთის ფერდობზე, ერთ გამოქვაბულში დასახლდა და იქვე პატარა სამლოცველო მოაწყო. ბერები მცენარეებით იკვებებოდნენ და დღეებს ლოცვაში ატარებდნენ. მამა დავითის ლოცვით გამოქვაბულის მახლობლად სასწაულმოქმედმა წყალმა ამოხეთქა. ამ წყაროს წყალობით მრავალი სნეული იკურნებოდა.
ამ დროს თბილისში ცეცხლთაყვანისმცემლობა მძვინვარებდა. მამა დავითმა თავისი დაუღალავი შრომით და ანგელოზებრივი ცხოვრებით ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე ბევრი წარმართი მოაქცია.
მოგვები ხედავდნენ, რომ წმინდანი ხალხში უფრო და უფრო დიდ სიყვარულს იხვეჭდა. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ, შეებღალათ მისი სახელი. ერთ დღეს საქადაგებლად ქალაქში ჩამოსულღირს მამას მეძავი ქალი მიუახლოვდა, მან წმინდანის გარშემო შეკრებილ ხალხს უთხრა, რომ მამა დავითმა მასთან იმრუშა და მისგან ბავშვს ელოდა. უფლის მსასოებელმა მოძღვარმა ქალს მუცელზე რკინის კვერთხი შეახო, რომელზეც ჯვარი იყო გამოსახული და ნაყოფს უბრძანა, ნამდვილი მშობლის ვინაობა გაემხილა. მანაც ვიღაც მჭედელი დაასახელა. ამ ამბის მოთავე მოგვებმა ქალს ქვები დაუშინეს. მათ იქ მყოფებიც აჰყვნენ. ღირსმა დავითმა ვერ შეძლო მათი შეჩერება და ხალხმა ცილისმწამებელი ქვებით ჩაქოლა. ამ ამბის შემდეგ გულგატეხილმა ბერმა ლუკიანესთან ერთად ქალაქი დატოვა. იმ ადგილას, სადაც წმიდა მამა ხშირად ქადაგებდა, ამჟამად ქაშუეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაა აღმართული.
გადმოცემის მიხედვით, მეძავმა ქალმა ბავშვის ნაცვლად ქვა დაბადა, რის გამოც ამ ადგილზე აღმართულ ტაძარს „ქვაშვეთი,“ ანუ ქაშუეთი ეწოდა.
ღირსმა მამამ, განდეგილთა წესისამებრ, ხალხისგან მოშორებით ისურვა მოღვაწეობა. ამისთვის მან კახეთში, ყარაიას ველზე გადაშლილი გარეჯის უდაბნო ამოირჩია, ეს იყო მზისგან გადამწვარი, ქვეწარმავლებით სავსე კლდოვანი ადგილი. წმინდანი ლუკიანესთან ერთად კლდეში გამოკვეთილ პატარა გამოქვაბულში დამკვიდრდა. ღირსი მამები იქვე ამოსული მწვანილეულობით იკვებებოდნენ. ზაფხულში, როცა ძლიერი სიცხისგან ყველაფერი გადახმა, ლუკიანე შიშმა შეიპყრო. მოძღვარმა ის გაამხნევა და უთხრა, რომ უფალი უნუგეშოდ არ დატოვებდა. მართლაც, მალე მათ წინ ორი ირემი გაჩნდა, რომელთც თან ნუკრი ახლდათ. გახარებულმა ლუკიანემ ირმები მოწველა. ღირსი მამა დავითი და მისი მოწაფე ამის შემდეგ ირმების რძით იკვებებოდნენ. ლუკიანემ ღმერთს მადლობა შესწირა, რწმენაში განმტკიცდა და აღუთქვა, რომ ამიერიდან აღარასოდეს იწუხებდა მოკვდავი და დაუდგრომელი ხორცისთვის, არც ამ წარმავალი წუთისოფლისთვის და საზრდელისთვის, „ვითარცა ურჩი და ურწმუნო ისრაელი, მომხსენებელი ხორცთა და სიავეთა ეგჳპტეთა.“
წმინდანები მარხვის დღეებში: ოთხშაბათს და პარასკევს საზრდელს საერთოდ არ იხმევდნენ. ირმებიც კვირის ამ დღეებში არ მოდიოდნენ. იმ სენაკის ქვემოთ, სადაც წმ. მამები მკვიდრობდნენ, ერთი გამოქვაბული იყო. ამ გამოქვაბულში საზარელი მხეცი ბინადრობდა, რომელსაც თვალები ცეცხლივით უელავდა. ერთ დღეს ირმებმა, რომლებიც, ჩვეულებისამებრ, მამების დასაპურებლად მოდიოდნენ, ამ გამოქვაბულის წინ გაიარეს. მხეცმა მათ ნუკრი მოსტაცა და შეჭამა. შეშინებულმა ირმებმა მამა დავითთან მიირბინეს. წმიდა მამამ თავისი კვერთხი აიღო და საზარელი მხეცის საპოვნელად ირმების კვალს გაჰყვა. მამა დავითმა კვერთხი ზე აღაპყრო და მხეცს იმ ადგილიდან შორს გადახვეწა უბრძანა. საზარელი ცხოველი წმინდანის ბრძანებას დაემორჩილა, მაგრამ ის-ის იყო მტკვარში უნდა ჩასულიყო, რომ ის ციდან ჩამოტყორცნილმა მეხმა მეყსეულად დაწვა. ანგელოზმა დავითს აუწყა, რომ მხეცი მდინარიდან ზღვაში შესვლას აპირებდა, სადაც იგი ხალხს დიდ ზიანს მოუტანდა, ამიტომაც მასზე მოწეული რისხვა ღვთისგან მოვლენილი სასჯელი იყო.
უდაბნოში, სადაც წმიდა მამა დამკვიდრდა, ბევრი ნადირი იყო. ერთხელ მონადირეები ირმებს დასახოცად დაედევნენ. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც წმინდა ბერის წინ მორჩილად მდგომი ირმები იხილეს. ირმებს ლუკიანე წველიდა. გაკვირვებული მონადირები მამა დავითს ფეხებში ჩაუვარდნენ და შეევედრნენ, მასთან დარჩენის ნება მიეცა. წმინდანმა მათ მამაშვილურად სთხოვა, თავიანთ სოფლებში დაბრუნებულიყვნენ და იქ ემსახურათ, ობლებსა და გლახაკებს შეწეოდნენ და ღმერთი ასმაგად მიაგებდა.
უკან დაბრუნებულმა მონადირეებმა მამა დავითის ამბავი ხალხში გაავრცელეს. ქრისტეს ტკბილი უღლის ტვირთვის მოსწრაფე ადამიანები უდაბნოსაკენ გაემართნენ, რათა ყოველივე თავიანთი თვალით ეხილათ. წმინდა ბერის კურთხევით მათ სასმელი წყლის შესაგროვებლად კლდეში დიდი ქვევრები ამოჭრეს და სუსხიანი ზამთრისაგან თავდასაცავად სენაკები გამოკვეთეს.
გარეჯელ მამებს თავისი სათნოებით ცნობილი ბერი დოდო შეუერთდა, ის წარმოშობით კახელი თავადი იყო, გვარად ანდრონიკაშვილი, ბერად შედგომის შემდეგ კი ნინოწმინდაში განმარტოებით მოღვაწეობდა. როცა მამა დავითმა დაინახა „სიმახვილე დოდოს გონებისა საღმრთოსა შინა“, შესთავაზა, მოპირდაპირე კლდის წვერზე სენაკები გაეშენებინა და თან მეუდაბნოეთა ნაწილი წაეყვანა.
ღირსმა დოდომ კლდის წვერზე ორასზე მეტი სენაკი ააგო, მოგვიანებით კი ღვთისმშობლის ტაძარიც ააშენა. ასე ჩამოყალიბდა გარეჯის კომპლექსის ერთ-ერთი განშტოება – დოდოს რქა.
წმ. დავით გარეჯელს განმარტოებით ლოცვა უყვარდა. ამისთვის წმიდანი კლდის ნაპრალში შედიოდა, მიწას ცრემლებით ალტობდა და ზეციური მამის წინაშე გულმხურვალედ ლოცულობდა. ერთხელ, განმარტოებით ლოცვისას, მასთან შეშინებული კაკაბი მოფრინდა. მალე კაკაბს ქორი მოჰყვა და ნადირობის ეშხში შესული ბარბაროსიც მოჯირითდა. წმინდა მამამ უცნობ მხედარს აუწყა, რომ კაკაბი მისგან მფარველობას ითხოვდა და მისი მოკვლის ნებას არ მისცემდა. მონადირემ ყურად არ იღო წმინდანის ნათქვამი და ხმალი ახლა მის მოსაკლავად აღმართა. ბარბაროსს მაშინვე ხელი ჰაერში გაუშეშდა. ის უცებ გამოერკვა და სინანულმა შეიპყრო, ატირებული მამა დავითს სულიერად და ხორციელად განკურნებას სთხოვდა. წმინდა მამის ლოცვით ასეც მოხდა. ბარბაროსს სახელად ბუბაქარი ერქვა, ის წმიდანს შეევედრა, რომ მისი დავრდომილი შვილიც განეკურნა. ღმერთმა ისმინა მისი ვედრება და შინდაბრუნებულ ბუბაქარს გამოჯანმრთელებული ბავშვი ხტუნვა-ხტუნვით მიეგება. იგი იმ დროს განკურნებულიყო, როდესაც მამა დავითი მასზე უდაბნოში ლოცულობდა.
ბუბაქარმა სახედრებს პური და მხალი აჰკიდა და სამივე ვაჟიშვილის თანხლებით მეუდაბნოეებთან დაბრუნდა. მათ სურსათ-სანოვაგის ნაწილი მამა დავითს დაუტოვეს, დანარჩენი კი, წმინდანის თხოვნით, ღირს დოდოს წაუღეს, რათა მისგანაც ლოცვა-კურთხევა მიეღოთ. ბუბაქარიცა და მისი თანმხლები ადამიანებიც მოინათლნენ. ახლადნათელღებულებმა ბერებისათვის კლდეში ეკლესია გამოკვეთეს. მოგვიანებით ეს ეკლესია ღირსმა ბერმა ილარიონმა განასრულა.
მამა დავითმა წესად შემოიღო, რომ ვინც მათთან დარჩენას გადაწყვეტდა, კლდეში სენაკი გამოეკვეთა და სამი წელი განმარტოებით ეცხოვრა. ეს ერთგვარი გამოცდა იყო უფლისკენ სავალ გზაზე. გამოსაცდელი ვადის შემდეგ ბევრი მათგანი მონასტერში აღარ ბრუნდებოდა, განდეგილობას ირჩევდა და სიცოცხლის ბოლომდე თავის სენაკში რჩებოდა. ასე იზრდებოდა მეუდაბნოე მამათა რიცხვი. ძმათა სიმრავლის გამო ლუკიანემ გარეჯის უდაბნოში კიდევ ერთი სამონასტრო კერა, ნათლისმცემელი, გააშენა.
გამოხდა ხანი და დავით გარეჯელმა წმიდა ადგილთა მოსალოცად იერუსალიმში წასვლა გადაწყვიტა. მან ლუკიანე მოიხმო და სამწყსოზე ზრუნვა დაავალა. მამა დავითმა მოწაფე დამოძღვრა და რამდენიმე ძმის თანხლებით წმინდა ქალაქისაკენ გაემართა. როდესაც ბერები მადლის ქედად წოდებულ მთას მიეახლნენ, წმინდა ქალაქიც გამოჩნდა. იერუსალიმის მხილველმა დავითმა მადლობის ნიშნად ხელები ზეცად აღაპყრო, შემდეგ კი ქვითინით მიწაზე დავარდა. წმიდა მამამ თავი წმინდა ქალაქში შესვლის ღირსად არ მიიჩნია. სანამ მისი მხლებლები იერუსალიმის სიწმინდეებს სტუმრობდნენ, ის ქალაქის კარიბჭესთან მხურვალედ ლოცულობდა. წმიდანმა მადლის ქედიდან დიდი რწმენით სამი ქვა წამოიღო.
იმ ღამით იერუსალიმის პატრიარქ ილიას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ უფლის სარწმუნო მონა დავითს მთელი იერუსალიმის მადლი თან წაეღო. პატრიარქმა წმინდანს მალემსრბოლი დაადევნა და მათი პირით უფლის ნება ამცნო – ერთი ქვა წაეღო, ორი კი უკან დაებრუნებინა, რათა სრულად არ მოჰკლებოდა მადლი ქრისტეს ქალაქს.
მამა დავითმა, მართლაც, იერუსალიმს ორი ქვა უკან დაუბრუნა, ხოლო მესამე გარეჯში, ეკლესიაში, დაასვენა. უდაბნოს უამრავი ხალხი მოაწყდა, რათა ამ დიდი სიწმინდისთვის თაყვანი ეცა. ღვთის ნებით, ქვა სასწაულმოქმედი ძალით აღივსო – მისი შეხებით უკურნებელი სენისგან შეპრობილები რჩებოდნენ. მამა დავით გარეჯელის მოტანილი მადლის ქვა დღესაც კურნავს მასთან სარწმუნოებით მოსულთ. ამ სიწმინდის გარეჯის უდაბნოში ჩამობრძანების შემდეგ საძმო რიცხვობრივად გაიზარდა.
მამა დავითი დრო და დრო სენაკებში განმარტოებულ ბერებსაც სტუმრობდა, ამხნევებდა და ანუგეშებდა მათ. ერთ-ერთი მათგანის სენაკში მწარე წყალი მოწვეთავდა. ამ წყლით მორწყული მხალი საჭმელად თითქმის უვარგისი იყო. იქ მოღვაწე ბერი თავს იმით ინუგეშებდა, რომ სანაცვლოდ საუკუნო სატანჯველს აიცილებდა. ერთ დღეს მასთან სტუმრად მოსულ წმიდანს ბერი თავის გასაჭირს მოუყვა. მამა დავითი ბერის სიმშვიდემ და მორჩილებამ ძალიან გაახარა. მისი ლოცვით უფალმა წყალი დაატკბო და მხალიც გემრიელი გახდა.
გავიდა ხანი. ღირსსა და სანატრელ დავითს უფალმა აუწყა, რომ მალე ზეციურ სავანეში განისვენებდა. კეთილმა მწყემსმა უდაბნოში მცხოვრები ძმები მოიხმო და უკანასკნელად დამოძღვრა ისინი: „ნუ შეძრწუნდებით და ნუცა აღშფოთდებით, არამედ უფროსღა განმტკიცდით და განმძლავრდით და სცანით ამაოებაჲ ესე საწუთოსა დაუდგრომლისა, რამეთუ ყოველნივე წარმავალ ვართ წერილისაებრ და არარაჲ სოფლისა პირს მდგომად შერაცხილთაგანი დადგრების, ხოლო სული, ვითარ უკვდავისა მიმღებელი, ღვთისაგან საუკუნოდ დაადგრების და გუეგულვების მიღება კეთილთა გინა ბოროტთა, რომელიც ასევე ვიმოქმედეთ ცხოვრებასა ამას შინა“.
ღირსი მამა უფლის წმინდა ხორცსა და პატიოსან სისხლს ეზიარა, ღვთისადმი ხელები აღაპყრო და მადლობის შემწირველმა მისმა სულმა მრავალმოღვაწე გვამი დატოვა.
გარდაცვლილი წმინდანის სხეულს კურნების ძალა მიემადლა. უფალმა იესო ქრისტემ სიკვდილის შემდეგაც ადიდა თავისი მსახური. წმინდანის გვამმა ერთ ბრმადშობილს თვალის ჩინი დაუბრუნა.
წმინდა დავით გარეჯელი მოწაფეებმა იმავე სენაკში დაკრძალეს, სადაც მან მრავალი წელი იღვაწა. მის საფლავზე დიდხანს იდო იერუსალიმიდან ჩამოტანილი ქვა, რომელიც სასწაულთმოქმედი მადლით კურნავდა მასთან რწმენით მიახლებულთ.
ვინც ღირსი და საკვირველმოქმედი დავით გარეჯელის საფლავს სარწმუნოებით თაყვანს სცემს, სულიერი და ხორციელი ტკივილებისაგან დღესაც სასწაულებრივად იკურნება.