წმინდა ანტონ მარტყოფელის ცხოვრება

წმინდა ანტონ მარტყოფელის ცხოვრება
ასურელ მამათა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია წმინდა ანტონ მარტყოფელს. მან საქართველოში საფუძველი ჩაუყარა ასკეტური მოღვაწეობის ერთ-ერთ ფორმას – მესვეტეობას. ეს წმ. მამა თავდაპირველად ედესაში მოღვაწეობდა, სადაც იესო ქრისტეს ხელთუქმნელი ხატი იყო დაცული. ღირსმა მამამ საქართველოში გამომგზავრებისას თან წამოაბრძანა დიდი სიწმინდე. მან თავისი სულიერი მოძღვრის – იოვანე ზედაზნელის კურთხევით, ქადაგებით მოიარა ზედაზნის ახლომახლო ადგილები, შემდეგ კახეთში დაჰყო გარკვეული ხანი, ბოლოს კი ,,დაემკვიდრა ჴევ საშინალი პოტანისასა”. წმ. ანტონმა მალე მოწაფეებიც გაიჩინა, რომლების მასთან ერთად შეუდგნენ ასკეტურ მოღვაწეობას.
წმინდა ანტომ მარტმყოფელის ,,ცხოვრების“ ავტორის თანახმად, უკაცრიელ ადგილას მცხოვრებ წმ. მამასთან ყოველ საღამოს მიდიოდნენ ირმები და საკუთარი რძით კვებავდნენ მას. ერთ საღამოს წმინდანთან შეშინებულები ირმები მივიდნენ, მათ უკან დაჭრილი ნუკრი მიჰყვებოდა. მალე მახლობელი დაბის მამასახლისიც გამოჩნდა, რომელიც ირმებზე სანადიროდ იყო გამოსული.
გაოგნებულმა მონადირემ დაინახა მხცოვანი მონაზონი, რომელსაც გულზე ხატი ეკიდა და ირმების ჯოგში იდგა. მამასახლისის ბრძანებით, წმ. ანტონი შეიპყრეს და როგორც “გრძნეული,“ ხელის მოსაჭრელად მჭედელთან წაიყვანეს. მჭედელმა შანთი გაახურა, მაგრამ როგორც კი წმინდა მამის ხელის მოსაჭრელად აღმართა, ძირს დავარდა და ორივე ხელი გაუხმა. მომხდარით გაოგნებულ მჭედელს ენა ჩაუვარდა, ანტონმა კი მას ჯვარი გადასახა და განკურნა. მამასახლისი მიხვდა, რომ მის წინაშე მადლით შემოსილი კაცი იდგა, თაყვანი სცა და შეევედრა: ,,რა გნებავს, თქვი და ყველაფერს მოგცემ”. ანტონმა ქვამარილის ნატეხი ითხოვა. მას მაშინვე მარილის ორი ლოდი მიართვეს, წმინდნმა მხოლოდ მცირეოდენი ჩამოტეხა და კვლავ თავის სადგომს მიაშურა, ქვამარილი კი ირმებისათვის სენაკის ახლოს დადო.
ამ სასწაულის შემდეგ წმინდა ანტონის სანახავად და მისგან კურთხევის მისაღებად უამრავმა ხალხმა იწყო სიარული.
ღირსმა ანტონ მარტმყოფელმა ძმებისთვის მონასტერი ააშენა, თვითონ კი ,,დაუტევა მონასტერი თჳსი, მოვლო ქვემო კახეთი ქადაგებით და დაემკვიდრა უვალსა მთასა ზედა ახეტას”. მალე ამ ადგილასაც ხალხმა იწყო მომრავლება. წმ. ანტონს კი განმარტოებით დაყუდება სურდა. ის ბოლოს აკრიანის მთაზე დაემკვიდრა, ამ ადგილს მოგვიანებით წმიდა ანტონ მარტმყოფელის პატივსაცემად ,,მარტყოფი“ ეწოდა.
წმიდა ანტონმა აკრიანში მაღალი სვეტი ააგო, ამ სვეტზე დაეყუდა და თხუთმეტი წლის განმავლობაში იქ მოღვაწეობდა.
როგორც ყველა დიდ მოღვაწეს, ღირს ანტონსაც უფლისგან წინასწარ ეუწყა ამქვეყნიდან განსვლის ჟამი, მან მოუწოდა მოწაფეებს, აკურთხა ისინი, გამოემშვიდობა და სალოცავად განმარტოვდა. რამდენიმე ხანში მოწაფეებმა ნახეს გარდაცვლილი მოძღვარი, რომელსაც მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის წინ მუხლი ჰქონდა მოყრილი.
მონასტრის ძმებმა მამა ანტონის პატიოსანი ნაწილები სვეტიდან ჩამოასვენეს და მონასტერში დააბრძანეს. მათ წმინდა მამა დიდი პატივით და მოწიწებით დაკრძალეს ტაძარში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინ.