ღირსი იოანე ზედაზნელის, შიო მღვიმელისა და ისე წილკნელის ცხოვრება

იოანე ზედაზნელის ცხოვრება და მოღვაწეობა

საქართველოში ბერმონაზვნური ცხოვრების დაფუძნება ასურელი მამების სახელს უკავშირდება. მათ საფუძველი ჩაუყარეს ასკეტური მოღვაწეობის ორივე ფორმას: მარტომყოფობასა და მონასტრულ ძმობას. ამ წმინდა მამებმა მოციქულებრივი ღვაწლიც იტვირთეს. მათ ჩვენს ქვეყანაში განამტკიცეს წმინდა ნინოს მიერ ნაქადაგები სარწმუნოება. მათი სულიერი მოძვარი იყო წმინდა იოანე ზედაზნელი. მემატიანის ცნობით, წმ. იოანე იყო შუამდინარეთიდან, კერძოდ, ანტიოქიიდან. იგი სულიწმიდის წინამძღვრობით მოვიდა ქართლში და მცხეთის მახლობლად დასახლდა.
ღირსი მამა თავისსავე ქვეყანაში შემონაზვნდა. ის მრავალი ქრისტიანული სათნოებით იყო შემკული. იყო მდაბალი, გამორჩეულად მმარხველი. თვისთა ცოდვათა განმცდელი იოანე მთელ დღეებს ცრემლთა დენასა და ღვთისადმი ვედრებაში ატარებდა. ჰაგიოგრაფის სიტყვებით, მადლმოსილი მამა იოანე შორეულ ღმერთს, ვითარცა ახლობელს, ისე ხედავდა. იგი ვარსკვლავივით ბრწყინავდა და ღვთის შემწეობით მრავალ სასწაულს აღასრულებდა: ავადმყოფებს კურნავდა და გაჭირვებულებს შეეწეოდა.
წმ.იოანემ ზურგი აქცია ამ სოფლიურ სიამეთ, დატოვა საცხოვრებელი და უდაბნოს მიაშურა. იქ, ერთ გამოქვაბულში, თავის მოწაფეებთან ერთად ფარულად დაემკვიდრა. აქედან აგზავნიდა ზოგჯერ მოწაფეებს საზრდელის მოსატანად. გამოქვაბულში ფარულად დამკვიდრებული თავისი ერთგული მსახური ღმერთმა მაინც გამოაჩინა. აღსრულდა უფლის სიტყვები: „რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს.“
როცა მამა იოანეს ადგილსამყოფელი განცხადდა, მასთან მიჰყავდათ სნეულები და ეშმაკეულნი, რომლებიც ღვთის ძალით და მამა იოანეს ლოცვით იკურნებოდნენ. მან უდაბნოში მრავალი სასწაული აღასრულა.
წმ. მამა ამქვეყნიურ პატივს გაურბოდა, ამიტომაც გადაწყვიტა, წასულიყო ისეთ ადგილას, სადაც ვერავინ მიაგნებდა. მან თავის მოწაფეებს უთხრა: „მე წავალ უცხო ადგილას, ხოლო თქვენ აქ დარჩით და ილოცეთ ჩემთვის.“
მათ უპასუხეს, რომ მოძღვარს მარტო არ გაუშვებდნენ და ისინიც მასთან ერთად წავიდოდნენ, რათა არ მოჰკლებოდნენ იმ სულიერ წყაროს, რომელსაც მისგან სვამდნენ, ის იყო მათი სულების წინამძღვარი და მისი შეწევნით მოელოდნენ ღვთის წყალობას.
ასე, სულიერი სიყვარულით შეკრულნი, სულიწმიდის წინმძღვრობით თავიანთი ქვეყნიდან წამოვიდნენ და მცხეთაში მოვიდნენ, თაყვანი სცეს ცხოველ სვეტს, რომელიც თავად ღმერთის ხელით იყო აღმართული.
მამა იოანემ წმ. სვეტის წინაშე ხელები აღმართა, თვალები ზეცად აღაპყრო და ცრემლმორეულმა მადლობა შესწირა უფალს. ღმერთმა მას მცხეთის მახლობლად, ჯვრის მონასტრის ჩრდილოეთით, ერთი მთა უჩვენა და უბრძანა, ამ მთის წვერზე ასულიყო. წმინდანი ავიდა მთაზე, თაყვანი სცა ჯვარს, შემდეგ მოწაფეებთან ერთად ღვთისგან უწყებულ მთას ესტუმრა და თქვა: „აქა დავემკვიდრო, რამეთუ მთნავს ესე.“
წმ. იოანემ მარტო ცხოვრება ინება. მან თავის მოწაფეებს შეახსენა, რომ ამ ქვეყნის სასარგებლოდ გამოგზავნა ისინი უფალმა, რადგან აქ ქრისტიანობა ახალი დანერგილი იყო. მოძღვარმა ურჩია, რომ თითოეული მათგანი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წასულიყო და ხალხი ქრისტიანობაში განემტკიცებინა.
წმ. იოანემ ზოგი კახეთში გაგზავნა, ზოგი – კუხეთში, ზოგი – ზენა სოფლებში, ნეტარი დავითი – გარეჯის უდაბნოში, სხვები კი გარემო მცხეთის მახლობელ ადგილებში.
ბერები მოძღვრის კურთხევას დაემორჩილნენ და სხვადასხვა ადგილას დაემკვიდრნენ: ზოგი – ჭალაში, ზოგი – გამოქვაბულში,… ხოლო ისიდორე _ სამთავისის ჭალაში.
ასე განეშორნენ ისინი ერთმანეთსა და სულიწმიდის მადლით ასკეტურ მოღვაწეობას შეუდგნენ. მათთან მორწმუნეები მიდიოდნენ, ღვთის შეწევნით, სნეულები იკურნებოდნენ და რწმენაში მტკიცდებოდნენ.
თავად ნეტარი იოანე მთაზე დაემკვიდრა და კეთილ საქმეებს აღასრულებდა, რათა ხელცარიელი არ წარმდგარიყო ღვთის წინაშე. ის დღე ნიადაგ გულმხურვალედ ლოცულობდა და მარხულობდა.
ამ მთაზე წყალი არ იყო. ნეტარი იოანე ხედავდა მოწაფეების მძიმე შრომას, თუ როგორ ჩადიოდნენ ისინი მთის ძირში, როგორ იკიდებდნენ წყლით სავსე ჭურჭელს და მაღლა ამოჰქონდათ. ბერს შეეცოდა სულიერი შვილები და ცრემლით ევედრა ღმერთს, რათა იმ მთის წვერზე, სადაც ცხოვრობდნენ, წყალი აღმოცენებულიყო.
ღმერთმა შეისმინა ბერის ლოცვა და აღმოცენდა ტკბილი, გრილი და სასწაულთმოქმედი წყალი, რომელიც დღემდე მოდის.
ამ სასწაულის შესახებ მთის მახლობლად მცხოვრებლებმა გაიგეს; მათ მოჰყავდათ უძლურნი და ამ წყალს რომ იცხებდნენ, იკურნებოდნენ. დღესაც, ვინც ამ ადგილთან სარწმუნოებით მივა, უფლისგან სასწაულს მიიღებს.
წმ. იოანემ არ ინება, რომ ამ ადგილზე მრავალი ადამიანი დამკვიდრებულიყო, მან მარტო ყოფნა ირჩია, მცირე ზომის გამოქვაბული იპოვა და იქ დაემკვიდრა.
მიუხედავად იმისა, რომ წმ. მამა გამოქვაბულში მარტო და შეჭირვებით მოღვაწეობდა, ის ისე გამობრწყინდა, როგორც განთიადის ვარსკვლავი. მისი ამბავი მთელმა ქართლმა გაიგო, რადგან ანთებული სანთელი სასანთლეში უნდა ენთოს და უნათებდეს ადამიანებს.
ერთ დღეს იოანეს ერთი მოწაფე წყაროსთან წყლის ასაღებად მოვიდა. აქ მას დიდი დათვი დახვდა. მოწაფეს შეეშინდა, უკან გამოიქცა და ბერს აუწყა. წმ. მამა დათვთან მივიდა და უთხრა: „თუ არ დაგილევია წყალი, დალიე და წადი, ამის შემდეგ, ვინც კი ამ მთაზე შეგხვდება, არავის ავნო.“ დათვი მაშინვე დაემორჩილა ბერს, როგორც მონა და თავჩაღუნული მშვიდად გაბრუნდა უკან.
წმინდა იოანე ზედაზნელის მოწაფეები, ღვთის მადლით, სულიერად გაბრწყინდნენ, მათ სხვებიც განანათლეს და მრავალი მონასტერიც ააშენეს, ეს მონასტრები დღემდე შემორჩენილია და მრავალ სასწაულს და კურნებას აღასრულებს.
წმ. იოანეს ერთმა მოწაფემ, სახელად თათემ, მთის ძირში ააშენა მონასტერი, სადაც უამრავი მონაზონი მოღვაწეობდა.


წმინდა შიო მღვიმელის და ევაგრეს ცხოვრება
წმინდა შიო მღვიმელი სულიწმიდის წინამძღვრობით მცხეთაში მოვიდა, მან ღრმა ხევი იპოვა და პატარა ნაპრალში დაეყუდა. ეს ადგილი ფიცხელი უდაბნო იყო, სადაც ზამთარიც და ზაფხულიც მკაცრი იცოდა.
გამოქვაბულში დამკვიდრებული ღირსი მამა გამუდმებული ლოცვით და ცრემლით იატაკს ასველებდა.
უდაბნოში ხორცისათვის ნუგეშისსაცემი არაფერი მოიპოვებოდა, კაცთმოყვარე ღმერთმა დაინახა რა წმ. შიოს გულმოდგინება და მოთმინება, შესაწევნელად მტრედი გამოუგზავნა, რომელიც ყოველდღე ბერს საზრდოს უზიდავდა. უფალმა გამოქვაბულის მარჯვენა მხარეს მდებარე კლდიდან წმ. მამას სამყოფი წყალიც აღმოუცენა. როცა შიომ ღვთის ასეთი წყალობა იხილა, მას მადლობა შესწირა. იგი იზრდებოდა სულით და ადიდებდა უფალს. მალე ის, ღვთის მადლით, უხილავ მტერზე გაძლიერდა.
ღმერთმა ინება წმ. შიოს სულში დაფარული სინათლე ხალხში ისე გამოცხადებულიყო, როგორც მოკაშკაშე ვარსკვლავის ბრწყინვალება.
ეს ამბავი ასე მოხდა:
იმ პერიოდში ცხოვრობდა ერთი მთავარი, სახელად ევაგრე, ის იყო ქრისტეს მოყვარე, საღმრთო წიგნთა მცოდნე და ქრისტიანი მშობლების შვილი. ერთხელ ღვთის შთაგონებით მან თავის შვილებს და მონებს უთხრა, წასულიყვნენ სანადიროდ. Gმათ გადაიარეს მტკვარი და მივიდნენ იმ ადგილას, სადაც ბერი იყო დამკვიდრებული.. ყველა აქეთ-იქით გაიფანტა. Eევაგრე მარტო იდგა და თვალებით ნადირს ეძებდა.
მოულოდნეად მან დაინახა მტრედი, რომელმაც წმინდა შიოს საზრდელი მიართვა. ევაგრე ამის ხილვამ ძალიან გააოცა. მან ის ადგილიც დაინახა, სადაც წმინდანი შევიდა. მონადირენი სახლში დაბრუნდნენ, მეორე დღეს კი ისევ ამ ადგილას მოვიდნენ.
ისევ გაიფანტა ყველა სანადიროდ, ხოლო ევაგრე კვლავ გამოქვაბულის მახლობლად იდგა, მან ისევ იხილა მტრედი, რომელსაც წმინდა მამასთან საკვები მიჰქონდა. ნეტარი ევაგრე მტრედის კვალს გაჰყვა. მან იხილა წმინდა შიო, რომელიც გამოქვაბულში იჯდა და ჰკითხა: „ვინ ხარ ან რა გსურს?“ ბერმა უპასუხა: „კაცი ვარ უცხო, ქრისტეს მოსავი და ვცხოვრობ ამ პატარა გამოქვაბულში, რათა დაყუდებით აღვასრულო ჩემი ცხოვრების დღეები და სათნო ვეყო ღმერთს.“ ევაგრემ უთხრა: „ცოცხალია უფალი, მე შენ არ დაგტოვებ და აღარ წავალ სახლში.“
ხოლო ბერმა უთხრა: „შვილო, შენ ვერ აიტან უდაბნოს სიფიცხეს, რადგან ვხედავ, რომ ფუფუნებით ხარ აღზრდილი.“ ევაგრემ უპასუხა: „დღესვე რომ მოვკვდე, არ მიგატოვებ.“
როცა ბერმა მისი გონების სიმტკიცე ნახა, უთხრა: „მე რასაც გეტყვი, იმას გააკეთებ.“ ევაგრე სიხარულით დასთანხმდა. ბერმა მას თავისი კვერთხი მისცა და უთხრა: „წადი, ჩემი კვერთხი ჩაყავი მტკვარში, იგი წყალს გააპობს და მიწაზე გაივლი. შემდეგ სახლში წადი, გაყიდე ყველაფერი და უკან დაბრუნდი. როცა მიაღწევ მტკვარს, კვლავ ჩაყავი კვერთხი და თუ გზას მოგცემს, მოდი ჩემთან და თუ არ მოგცეს, წადი სახლში, რადგან მიხვდები, რომ ღმერთს არ უნდა ის საქმე, რისკენაც შენ ისწრაფვი.“
ევაგრე ბერს შეევედრა, ამ ადგილიდან არსად წასულიყო. როცა ის მდინარეს მიადგა, ჩაჰყო შიგ კვერთხი, წყალმა გზა მისცა და ევაგრემ ხმელეთზე გაიარა. ევაგრემ მთელი ქონება გაყიდა, ყველაფერი წესისამებრ განაგო და მტკვართან მოვიდა, წყალი გაიპო და ამ გზით კვლავ ბერთან დაბრუნდა. ნეტარმა შიომ მას უთხრა, რომ ამიერიდან უდაბნოში ძმები გამრავლდებოდნენ. ამიტომ საჭირო იყო, ეკლესია იმ ადგილას აეშენებინათ, სადაც უფალი უბრძანებდა.
ისინი ავიდნენ ქედზე, რომლის ძირშიც წმინდა შიო იჯდა და ლოცვა დაიწყეს. Bბერმა აიღო ცეცხლი, დაიყარა ხელზე და დადო ზედ საკმეველი. საკმევლის სურნელი ზევით აღემართა, როგორც სვეტი, ქედის დასავლეთით წავიდა და ერთ ადგილას, ხევში გაჩერდა. მამა შიომ ამ ადგილას უფლის სადიდებლად ეკლესია ააშენა, ხოლო ევაგრე შემონაზვნდა.
მათი სახელი შორს გავარდა, წმ. მამებს ბევრი მიმბაძველი გამოუჩნდა და ძმობა გამრავლდა.
საჭიროება მოითხოვდა, რომ ბერებს სახედარი ჰყოლოდათ საზრდელისა და წყლის მოსატანად.
ადგილი, სადაც ძმები მოსაგრეობდნენ, კლდოვანი და ტყიანი იყო, იქაურობა სავსე იყო მხეცებით, რომლებიც ვირებს ვნებდნენ. ძმები ამის გამო შეწუხებულები იყვნენ.
წმინდა შიო ღმერთს შეევედრა, მოეყვანა მასთან ეს მხეცები. ლოცვის დროს ყველა მხეცი მასთან მივიდა. მან ჰკითხა, თუ რატომ ვნებდნენ ვირებს. ბერმა იესო ქრისტეს სახელით უბრძანა მათ ამ ადგილიდან შორს წასულიყვნენ, ხოლო ერთი უნდა დარჩენილიყო ღვთის სადიდებლად დ ძმების ვირები ემწყემსა. ყველა ცხოველი მაშინვე დაემორჩილა ბერს და იქაურობას გაშორდა. ერთი მგელი კი დარჩა და წმ. შიოს წინაშე მოწიწებით დადგა როგორც მონა.
ბერებს ერთი ძმა ჰყავდათ, სახელად კონონი. ერთხელ მისი ვირი კლდეზე გადაიჩეხა. როცა მგელმა ვირები უკან მოიყვანა, დათვალეს და ერთი აკლდა. კონონი წმინდა მამასთან მოვიდა და უსაყვედურა. ის ყველაფერს მგელს აბრალებდა. ამის გაგონებაზე მგელი მივიდა კონონთან და კაბის კალთაზე მოქაჩა. შიომ ბერს უთხრა, გაჰყოლოდა. მგელმა იგი იმ მთის კალთასთან მიიყვანა, სადაც ვირი გადაიჩეხა. მათ ნახეს, რომ სახედარი მკვდარი იყო.
როცა კონონი წმინდა მამასთან მივიდა, უთხრა, რომ მგელი უდანაშაულო იყო.

წმ. ისე წილკნელის ცხოვრება
ახლა იოანეს ერთი მოწაფე ისე გავიხსენოთ, რომელიც განთქმული იყო ყოველგვარი სათნოებით, ის იყო სამოთხის ნერგი, ყვავილი მშვენიერი.
ეს ნეტარი მამა კათალიკოსმა წილკნის ეპისკოპოსად აკურთხა. ისეს თავი ამ პატივის ღირსად არ მიაჩნდა, მაგრამ კათალიკოსმა მაინც დაასხა ხელი და ღვთისმშობლის ეკლესიაში წარგზავნა.
წმინდა ეპისკოპოსმა ისემ თავისი სამწყსოს სწავლა და წვრთნა დაიწყო. იგი ჩრდილოეთისკენ წავიდა, რადგან იქ მრავალი კერპმსახური იყო.
მამა ისე კერპთაყვანისმცემლების წინააღმდეგ მშვიდად ქადაგებდა. მას სურდა, სასწაულების ძალით მოექცია ისინი, იგი სნეულებს კურნავდა, ეშმაკეულებს განასხამდა. ამ გზით წმ. ისემ მრავალი სული მოაქცია. მან კერპები დაამსხვრია და მათ ნაცვლად ტაძრები ააშენა, ყველა რწმენაში განამტკიცა და კეთილი საქმეებით შემკული თავის საეპისკოპოსოში დაბრუნდა.
გამოხდა ხანი, წმინდა იოანემ ინება, რომ თავისი მოწაფეები ენახა და გაეგო, რა სულიერ სიმაღლეზე იყვნენ ისინი.
როცა იგი ღვთისმშობლის ტაძართან მივიდა, დაუძახა შიოს. მათ სიყვარულით მოიკითხეს ერთმანეთი დაDდასხდნენ. როგორც წესი, წმინდა მამამ სასმელი მოითხოვა, ელია დიაკონმა მას სავსე ჭიქა მიარვა. ნეტარმა იოანემ ისეს უთხრა, რომ პირველად ეპისკოპოსს ელოცა, თავად კი შენდობა ითხოვა. წმიდა იოანემ აიღო წყლით სავეს ჭიქა, ილოცა, ჯვარი გადასახა და ჭიქა ჰაერში გააჩერა, შემდეგ დადგა ისე, თითქოს მიწაზე იდგა. ვინც პეტრეს მადლი მისცა, რომ წყალზე, როგორც მიწაზე, გაევლო, მანვე მიანიჭა იოანეს ამ სასწაულის აღსრულების ძალა.
წმინდანს ასე ჰაერში ეჭირა ჭიქა, მან ჰკითხა მოწაფეებს, ვინ აიღებდა ამ ჭიქას ჰაერიდან. არავინ იკადრა, რომ ხელი ეხლო. მაშინ იოანემ გადასახა ჭიქას ჯვარი, აიღო და სამივემ ნაკურთხი წყალი იხმია.
წმიდა იოანემ მამა შიოს უთხრა: „ჯერ არს მადლის მიცემა ღმრთისა რომელმან ჰყო ჩუენ შორის საკვირველი ესე.“
წმინდა შიო დაემორჩილა ბერს, მოიღო ნაკვერჩხალი, დაიდო მარჯვენა შიშველ ხელზე, მასზე საკმეველი მოათავსა და ყველა იქ მყოფს უკმია. ამ სასწაულმა ყველა გააკვირვა, ისინი ადიდებდნენ ღმერთს, რომელმაც მისცა ასეთი მადლი მის მოშიშებს.
წმინდა იოანემ მოწაფეებს უთხრა, რატომ უკვირდათ ეს ამბავი, ცეცხლმაც იცის ღვთისმოშიშთა მორიდება, მან (ცეცხლმა) იცნო სამი ბაბილონელი ყრმა, რომელთა დაწვაც ქალდეველებმა გადაწყვიტეს. ცეცხლში ჩაყრილებს ზემოდან ცვარი ეპკურათ, მათ გარშემო მდგომარენი დაიწვნენ, ყრმანი კი უვნებლად გადარჩნენ, რადგან კაცთათვის შეუძლებელი ღვთისთვის შესაძლებელია.
ამის შემდეგ შეხედა წმინდა იოანემ წმინდა ისესდა უთხრა: „მამაო მფლობელო, გვაკურთხე, რათა გვქონდეს ეს კურთხევა შენს გასახსენებლად.“
წმინდა ისე სულიწმიდის მადლით იყო სავსე და ურჩებას ვერ იკადრებდა. ისადგა, ზეცაში აღაპყრო ხელები და ღმერთს შეევედრა, შემდეგ მუხლებზე დაემხო და მიწა ცრემლებით დაალტო. მან უთხრა ბერს: „ლოცვა ჰყავ ჩემთვის, წმინდაო მამაო და მცირედ შემომიდეგ.“
ისე მდინარე ქსნისკენ გაეშურა. წმინდა მამებიც წყალთან მივიდნენ, წმიდა ისემ ზევით აღაპყრო თვალი და აცრემლებული შეევედრა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს: „მოვედ ჩემზედა, წმიდაო დედოფალო, შეწევნა მომეც შენგან შობილისაგან, რათა ეს წყალი დაგვემორჩილოს.“
წმ. მამამ ლოცვის დასრულების შემდეგ წყალს კვერთხი დაადო და თქვა: „სახელითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა გეტყვი შენ, წყალო, შემოუდეგ კვერთხსა ამას ჩემსა.“ მართლაც, სულიწმიდის მადლით, წყალი მყის შეუდგა ღმერთშემოსილ მამებს.
კვერთხის შეხებისთანავე მიწაში ღრმული გაჩნდა და წყალი ზემოთ, ამ ღარში, ავიდა.
ასე, მამის, ძისა და სულიწმიდის მადლით და სახელით, აიყვანა წმ. ისემ წყალი წილკანში, სადაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარია.
ეს ყველაფერი მცხეთის მოსახლეობამ და გარემო სოფლების მცხოვრებლებმა იხილეს და ადიდებდნენ ღმერთს.
ასეა ოდითგანვე: ერთი დიდი მამა ჰაერს იმორჩილებს, მეორე ცეცხლის ბუნებას დაშრეტს და წარსდევნის მის მხურვალებას, სხვა კი წყალსა და მიწის ბუნებას დაიმორჩილებს.
ამის შემდეგ წმ. შიო იოანესა და მამამთავართა თანხმობით დაყუდებით ცხოვრებას შეუდგა. მან გადაიწერა პირჯვარი, უდაბნოში შევიდა, მოუწოდა ძმებს, დამოძღვრა ისინი და სთხოვა, წინამძღვარი გამოერჩიათ, თავად კი ამ მღვიმეში სურდა დაყუდება და აქვე აღსრულება.
შეწუხებული ძმები მწარედ ტიროდნენ, მოძღვარი კი ნუგეშს სცემდა მათ.
ყველამ ერთხმად გამოარჩია წინამძღვრად ყოვლად ქებული ევაგრე.
წმინდა ევაგრე იყო ბუნებით მშვიდი და გულით მდაბალი. მან ასე მიმართა ძმებს: „ვერ შევძლებ ძმათა მსახურებას.“
მოძღვარმა ნეტარ ევაგრეს უთხრა, რომ თუ დაემორჩილებოდა, საუკუნო დიდებას დაიმკვიდრებდა, თუ არა და დაისჯებოდა ურჩობის ბრალით.
ამის შემდეგ წმ. ევაგრემ დაიწყო ძმების მსახურება.
ხოლო მღვიმეში დამკვიდრებული წმინდა შიო, უდაბნოს მკვიდრი და მშვენიერი ყვავილი, ნერგი უკვდავებისა, კეთილი ნაყოფის გამომღებელი, გულმხურვალედ ელოდებოდა ღვთის სასუფეველს.
იოანე ზედაზნელმა კი გამოქვაბულში იღვაწა კეთილად. მან მოუწოდა მოწაფეებს, მთის ძირში მყოფ თათეს და ელია დიაკონს. დამოძღვრა ისინი და ამცნო, რომ მისი სხეული დაფლულიყო ამ ადგილას, სადაც მრავალი ჭირი ენახა.
ის მომღიმარი სახით უყურებდა მასთან მოსულთ და სული განუტევა. მოწაფეები მწარედ ტიროდნენ მოძღვართან განშორების გამო.
მოხდა ისე, რომ ისინი წმ. იოანეს სიტყვას ეურჩნენ. მათ არ მოსწონდათ ის ადგილი, სადაც მოძღვარი უნდა დაეკრძალათ.
მოვიდნენ მღვდლები, დიაკვნები, ერი და ბერი, წამოაბრძანეს წმინდანის ნეშტი და თათეს მონასტერში დააბრძანეს. მათ პატიოსანი ლუსკუმა შექმნეს, სადაც ნეტარი მამის წმინდა ნაწილები ჩაასვენეს.
წმინდა იოანემ არ აპატია სულიერ შვილებს ურჩება, მას უნდოდა მისი სხეული იქ დაფლულიყო, სადაც იღვაწა და მადლი ღვთის მოიპოვა. ამიტომაც იმ ადგილას, სადაც მოწაფეებმა მისი სხეული დაკრძალეს, მიწა იძრა.
აქ მაცხოვრებლებს გაახსენდათ, რომ ეს განსაცდელი ძმების ურჩობის გამო ხდებოდა, მათ ყოველივე მამამთავარს აუწყეს. იგი მღვდლებთან და დიაკონებთან ერთად წავიდა და წმიდა იოანეს სხეული დიდი მოწიწებით დააბრძანა იქ, სადაც წმ. მამამ მათ უანდერძა.
ამის შემდეგ მიწისძვრა შეწყდა და მრავალი სასწაულიც აღესრულა.
მრავალი ხნის შემდეგ წმინდა კლემენტოზ კათალიკოსმა წმინდა სამების სადიდებლად აღმოსავლეთ მხარეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელზე სხვა ეკლესია ააშენა. იოანეს ერთ-ერთმა მოწაფემ კი ალავერდი ააგო, სადაც დღემდე მრავალი სასწაული აღესრულება, სხვამ გამოქვაბული გამოთხარა, სხვებმა კახეთში დააფუძნეს მონასტრები. დავითი გარეჯის უდაბნოში დაემკვიდრა. მან ამ ადგილებიდან ეშმაკები აოტა და მრავალი სასწაული აღასრულა. ერთმა მოწაფეთაგანმა ზემოთ მონასტერი ააშენა, სადაც ვერც დედაკაცი შედის და ვერც ფრინველი იბუდებს.
ყოველივეს მოხსენება შეუძლებელია. წმინდა ისე წილკნელი ეპისკოპოსის სამარხი კი დღემდე შემორჩა.