მხატვრობა

მისი უწმინდესობა 20-მდე ხატის ავტორია. ისინი თემატურად და ტექნიკურად საკმაოდ მრავალფეროვანია. მათ შორისაა „ყოვლად წმინდა სამება“ „ჩვენთან არს ღმერთი“ „ძველთა დღეთა“ „ივერიის ღმრთისმშობელი“ „პლატიტერა“ „მთავარანგელოზი მიქაელი“ და „მთავარანგელოზი გაბრიელი“ „წმინდა დავით წინასწარმეტყველი“ „ღვთივდაცული საქართველო“ „წმინდა მეფენი სოლომონი ვახტანგი და თამარი“ (მათგან წმინდა ვახტანგისა დაწმინდა თამარის ხატები რამდენიმე ვერსიითაა შექმნილი)
პატრიარქის მიერ დაწერილი ხატების ძირითადი ნაწილი სამების საკათედრო ტაძარსა და საპატრიარქო რეზიდენციაშია დაბრძანებული. ორი კი- მანგლისის ღვთისმშობლისა და რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის ტაძრების კუთვნილებაა.
აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი ხატებიდან ორი ფრესკულია – ღვთივდაცული საქართველო ძველ საპატრიარქო რეზიდენციაშია, წმინდა მეფე თამარისა კი დიდუბის ღმრთისმშობლის ტაძრის მოხატულობის ნაწილია. გარდა ამისა, პატრიარქი სამების საკათედრო ტაძრის გუმბათში დასახატი მაცხოვრის გამოსახულების ესკიზის და ერთი სკულპტურული პორტრეტის (შიოლა ღუდუშაურის) ავტორიცაა.
ყოვლადწმინდა სამება 1,20 X1,20 სმ. ხე, ტილო, ტემპერა
მისი უწმინდესობის ქმნილებათაგან ერთ-ერთი გამორჩეული ყოვლადწმინდა სამების ხატია. იგი იკონოგრაფიულადაც და მხატვრულადაც კლასიკური მიმართულებისაა. კომპოზიციის აღნაგობაში, ფიგურების წყობასა და პროპორციებში, გამომეტყველებაში, სახეებისა და სამოსის შეფერილობასა და დამუშავებაში, ისევე როგორც უკანა პლანის დეტალებში შუა საუკუნეების მართლმადიდებლური ხატწერის საუკეთესო ტრადიციების ცოდნა ჩანს.
თუმცა კი, იკონოგრაფიულ-იკონოლოგიური თვალსაზრისით ეს გამოსახულება ნოვატორულიცაა, ვგულისხმობთ ხატის კომპოზიციის წრიულ სქემას, რასაც ამ შინაარსის გამოსახულებათა შორის ანალოგი არ ეძებნება. წრე უსასრულობის, მარადისობის სიმბოლოა და აქედან გამომდინარე, პატრიარქის მიერ დაწერილი ხატი თვალნათლივ წარმოაჩენს ყოვლადწმინდა სამების მარადიულ მეუფებას. თავის მხრივ წრეს ფონად სწორკუთხედი აქვს, რაც სამების ყოვლისმომცველი მადლის ქვეყნიერების ოთხივე მიმართულებით გავრცელებას ნიშნავს. ხატის კუთხეებში სერაფიმ-ქერუბიმთა გამოსახვით კი სამწმინდა და ერთარსება ღმერთი, შემოქემდი ხილულთა ყოველთა და არახილულთა, ზეციურ ძალთა გარემოცვაში იხილვება.
სიმბოლურია ხატის ფერადოვნებაც. მისი კოლორიტი ოქროსფერი, ძოწისფერი, წითელი, ლურჯი და მწვანე ფერებისგან შედგება. მათგან მეტწილად გამოყენებული ოქროსფერი, ძოწისფერი და წითელი ფერია, რითაც ერთი მხრივ, სამოთხის უნივთო და დაუღამებელი ბრწყინვალება გადმოიცემა, მეორე მხრივ, კი წარმოჩინდება საშინელი სამსჯავრო, კაცობრიობის განკითხვა და მართალთა მარადიული ნეტარება.
აღნიშნულთან ერთად ხატის ღირსება მისი შესრულების დიდებულ მანერაშიც ვლინდება. მოქნილი კონტური, სახეებზე „შუქ-ჩრდილის“ ფაქიზი მოდელირება, სამოსის ნაკეცების ნახატის გამართულობა, ფერების ჰარმონიული შეხამება, ტონალობის სიმდიდრე, რბილი გრადაცია და გაღიავების დახვეწილი სისტემა განსაკუთრებულ მხატვრულ იერს ანიჭებს იკონოგრაფიულადაც გამორჩეულ გამოსახულებას.
ამ თვისებათა გამო პატრიარქის ეს ხატი თანამედროვე საეკლესიო მხატვართა შორის მისაბაძ ნიმუშად იქცა და საკმაოდ მოკლე დროის განმავლობაში საქართველოს ეკლესია-მონასტრებში მისი მსგავსი მრავალი ხატი გაჩნდა. მან მჭიდროდ დაიმკვიდრა ადგილი ქართულ საეკლესიო ხელოვნებაშიც და მართლმადიდებლურ სამყაროსთვისაც ცნობილი შეიქმნა (იგი ბოლო დროს ათონზე, ბერძენთა მიერ დაწერილ „კოლხეთის ღვთისმშობლის“ ხატზეც გამოისახება).
ივერიის ღვთისმშობლის ხატი
მისი უწმინდესობის ხატებს შორის ორი ყოვლადწმინდა დედა ღვთისას ეძღვნება. ერთი მათგანი ვლაქერნის ღვთისმშობლის, ანუ ვლატიტერას მსგავსია, მეორე კი – ივერიის ღვთისმშობლის იკონოგრაფიული ტიპისაა. ეს უკანასკნელიც ისევე, როგორც „სამების“ ხატი გამართულია როგორც კომპოზიციურად ისე სტილურად. მასში ორიგინალის „პორტაიტისას“
დამახასიათებელი მთელი რიგი ნიშნები იკვეთება. დაბალი შუბლი, ნუშისებრი თვალების შედარებით ვიწრო ჭრილი, ოდნავ კეხიანი მოგრძო ცხვირი, თხელი ტუჩები და ვიწრო ნიკაბი, დახვეწილი ხელის მტევნები, ფიგურების ცენტრისკენ მიმართება და თვალთა არაშემხვედრი არამედ მიღმური მზერა,
მნიშვნელოვნად აახლოებს ამ ხატს მის პირველ ნიმუშთან, კომნენოსთა სტილის ერთ-ერთ თვალსაჩინო ნაწარმოებთან. ამავე დროს, პატრიარქის მიერ დაწერილი ხატი სახეთა ფერის სიმუქით იქცევს ყურადღებას და გამოსახულების სიძლიერით ახდენს განსაკუთრებულ ზემოქმედებას.
ასევე შთამბეჭდავია წმინდა ვახტან გორგასლის სრულფიგურიანი გამოსახულება. ახოვანი აღნაგობა, გამართული დგომა, სახის შეუპოვარი გამომეტყველება და ჯვრიანი ბაირაღის მტკიცედ პყრობა, ძლევამოსილ მეფე-მხედართმავრად წარმოგვიდგენს მის პიროვნებას. საგულდაგულოდაა ნაწერი ამ ოქროსფერფონიან ხატზე ლითონის აბჯარი, პატიოსანი თვალებით შემკული ხმალი და ძოწისფერი სამეფო მანტია. გულდასმითაა გამოყვანილი წმინდა მეფის მდიდრული შესამოსლის ყველა ცალკეული დეტალი. ხატის ფერადოვან კომპოზიციაში ძალზე ეფექტურადაა განაწილებული თეთრი ბაირაღი და გრაგნილი.
ყურადღებას იქცევს მეფის ფეხქვეშ მის მიერ გასრესილი გველის ნახვაც, რითაც ეს ხატი გვაგონებს მეხუთე საუკუნის რავენის მთავარეპისკოპოსის სამლოცველოს მოზაიკურ გამოსახულებას, სადაც აბჯარასხმული იესო ქრისტე ასევე ფეხით სრესს ასპიტს, ანუ უკეთურ ძალას.
არქაული სტილის ნიშნები პატრიარქის სხვა ხატებშიც იკვეთება. მისი „ჩვენთან არს ღმერთი“, სამების ტაძრის გუმბათისთივს შექმნილი „მაცხოვარი“, „ძველთა დღეთა“, „წმინდა დავით წინასწარმეტყველი“, „წმინდა მეფე დავით გორგასალი“ (პირველი ვარიანტი), – ნახატის სიმარტივითა და მკაფიოობით, ფერთა სისუფთავით, წერის სადა მანერით, ხაზის გამომსახველობით და სახეთა უშუალო, ოდნავ სევდიანი გამომეტყველებით ადრექრისტიანული ხელოვნების ნიმუშებთან ასოცირდება. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა გადიდებული თვალების სულში ჩამწვდომი გამოხედვა, რაც მხატვრული სახის სიძლიერით ხიბლავს მაყურებელს და განაწყობს მას გამოსახულების სულიერი სიღრმის აღსაქმელად (ფამგვარი ექსპრესიულად გადიდებული თვალები და წრფელი გამომეტყველება აქვთ წმინდანებს VI-VII საუკუნეების კოპტურ ხატებზე და IX-X საუკუნის ისეთ ცნობილ ქართულ ძეგლებზე როგორიცაა არმაზის კანკელი, ოპიზის საფასადო რელიეფი, უსანეთის სტელა და სხვა).
მისი უწმინდესობის მიერ დაწერილ მეფეთა ხატებს შორის თამარ მეფის ხატებიცაა. ისინი, ერთი მხრივ, შუა საუკუნეების კედლის მხატვრობაში შემორჩენილ მისივე პორტრეტებთან ტოვებს გარკვეულ მსგავსებას, მეორე მხრივ კი, ააშკარავებს ჩვენიპატრიარქის უდიდეს სიყვარულს წმინდა მეფე თამარის მიმართ.
ერთი სახასიათო ნიშანი, რომელიც პატრიარქის ყველა ხატში აშკარად ვლინდება წმინდა სახეთა განსაკუთრებით ბრძნული არაამქვეყნიური სიმშვიდეა, რის გამოც მაცხოვრის მიერ მთაზე წარმოთქმული სიტყვები გვახსენდება – „ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთი მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა“ (მათე 5.5) და ჩვენი გული და გონება სიმშვიდის მადლით იღვსება.
ცალკე უნდა ითქვას ძველი საპატრიარქოს (სიონის ქ.N4 ) კედელზე ნახატი ფრესკული ხატის – „ღვთივდაცული საქართველო“-ს შესახებაც. იგი მრავალფიგურიანია და ერთი შეხედვით ადამიანი ვერც აღიქვამს მთავარ შინაარს, რადგან წინა პლანზე სჩანს წმინდა გიორგი, მთავარანგელოზი მიქაელი, მთავარანგელოზი გაბრიელი, „ჩვენთან არს ღმერთი“ და ამ კომპოზიციის სხვა ფიგურები. არადა ფრესკის არსი საქართველოა. მისი წარსული, აწმყო და მომავალი.

ჯვარზე დასვენებული საქართველო მისცურავს ცხოვრების ოკეანეში. ჯვარს აქ ორი დატვირთვა აქვს: ა) გამოხატავს ჩვენი ერის თავდადებას მართლმადიდებლური სარწმუნოებისადმი (ქრისტეს ჯვარს ეცვა ჩვენთვის და ჩვენ ჯვარს ვეცვით ქრისტესთვის). ბ) სწორედ ამ თავდადების გამო არის, რომ საქართველო საუკუნეთა მანძილზე არ დაინთა მიწიერი-ბიწიერი ყოფის მორევში და დღემდე კვლავაც ღვთის საუფლოსკენ მისცურავს დაუბრკოლებლად.

ეს მგზავრობა რომ წარმატებული იყოს, მას მცველობას მთავარანგელოზები უწევენ, წმინდა გიორგი კი შემოქმედის შეწევნით და სულიწმინდის მადლით ლახვრავს ბოროტ ძალას (გველეშაპს), რომელიც საქართველოს დანთქმას ლამობს.
საქართველოს დაჰყურებს კრავი – მაცხოვარი, რომლის წარწერაც გვამცნობს რომ რჩეულთა სახელები იწერება ცხოვრების წიგნში და ვერარა ძალა ამ სახელებს ვერ წარხოცავს.
საინტერესოა ამ ფრესკის მხატვრული გადაწყვეტაც – ხალვათი კომპოზიცია, მარტივი ნახატი, სტატიკური ფიგურები, ლოკალური ფერების კონტრასტულობა და ხაზგასმული სიბრტყობრიობა სრულიად დემატერიალიზებულს ხდის მთელ გამოსახულებასაც და მის ცალკეულ დეტალებსაც. წმინდა გიორგის სახე და ფიგურა, ისევე როგორც თეთრი რაში, ისეა დაწერილი, რომ მათში ფიზიკური სხეული სრულიად უარყოფილია. აქედან გამომდინარე, ცხადია რომ ხატზე მხედარი სულიერი სხეულით წარმოგვიდგება და მამის, ძის და სულიწმინდის ძალით სძლევს ამა სოფლის მაცდუნებელ ბოროტებას.
ამ ხატის თავისებურებას წარმოადგენს ისიც, რომ მისი სახისმეტყველების ამოცნობას ვრცელი ასომთავრული წარწერებიც ეხმარება. ესაა ტექსტები წმინდა წერილიდან, რაც შეესატყვისება უფლის ყოვლისშემძლეობასა და მფარველობას.
პატრიარქის მიერ შექმნილი ხატების განხილვისას, რამდენიმე სიტყვა მის მიერ ნახატ პორტრეტებზეც უნდა ითქვას. ისინიც ხატების მსგავსია და თან, მისი უწმინდესობის ადამიანურ გრძნობებსა და სიყვარულსაც ნათლად გამოხატავს. ქართლოსის, შიოლა ღუდუშაურის და დედ-მამის პორტრეტები ამ ჟანრის გამორჩეული ნიმუშებია და ეს იმიტომ, რომ პატრიარქის ადამიანური განცდაც ჩვეულებრივისგან განსხვავებული და რა თქმა უნდა, რომ მასზე აღმატებულია.
ეს ცხადად ჩანს მშობლების პორტრეტებში, რომლებშიც ლაკონური და სადა მანერით დიდი დამაჯერებლობითაა გადმოცემული პიროვნული მსგავსებაც, ინდივიდუალური ხასიათიც და მათდამი მხატვრის დამოკიდებულებაც.
ამპორტრეტებში პატრიარქის, როგორც ფერმწერის ნიჭი ვლინდება და იგრძნობა მისი უდიდესი სიყვარული და პატივისცემაც მშობლებისა და ნათესავების მიმართ.
პატრიარქის ხატებსა და პორტრეტებზე საუბრის გაგრძელება რა თქმა უნდა, კიდევ შეიძლება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მათი უფრო ღრმად წვდომა
მომავლის საქმეა.სამომავლოდ, ალბათ, სხვა ხატები და პორტრეტები შეიქმნება რომლებიც მისი უწმინდესობის ლოცვებთან, ქადაგებებთან და საგალობლებთან ერთად ქართველი ერის სულიერი საუნჯის ფასდაუდებელ განძად დარჩება.არ მოკლებოდეს ჩვენს ეკლესიას, ქვეყანასა და ერს სრულიად საქართველოს
კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს ლოცვა-კურთხევის მადლი და ღვთის წინაშე შემწეობა!

T