მართლმადიდებელი ავტონომიური ეკლესიები

ეკლესიის ავტონომია გულისხმობს იმას, რომ ეკლესიას ჰყავს სინოდი, თვითონვე ირჩევს თავის მეთაურს, ან ამტკიცებს დედაეკლესიისგან წარდგენილ კანდიდატურას, ან თვითონ წარუდგენს დედაეკლესიას სამეთაურო კანდიდატს დასამტკიცებლად, ასევე ახდენს წმიდათა კანონიზაციას, მიმართავს სამწყსოს ეპისტოლეთი. ავტონომიურ ეკლესიას არ აქვს მირონის კურთხევის უფლება. მსახურებისას, როგორც წესი, მოიხსენიებენ ჯერ დედაეკლესიის მეთაურს, შემდეგ ავტონომიური ეკლესიის მეთაურს, ხოლო შემდეგ ადგილობრივ მღვდელმთავარს.მსოფლიოში ამჟამად არსებობს 3 ავტონომიური ეკლესია.

ავტონომიური ეკლესიები და მათი მეთაურები

1. სინას მთისა და რაითის ეკლესია

სინაის მთის ეკლესია დაარსებულია დედოფალ ელენესა და იმპერატორ იუსტინიანეს მიერ. სინაის ეკლესია კანონიკურად ექვემდებარება იერუსალიმის ეკლესიას. მისი იურისდიქცია ვრცელდება სინაის მთაზე, სადაც უფალმა ღმერთმა მოსე წინასწარმეტყველს გადასცა ძველი აღთქმის სჯული.
1973 წლის 23 დეკემბერიდან სინაის მთის ეკლესიას მწყემსმთავრობს– უნეტარესი დამიანე, მთავარეპისკოპოსი სინას მთის, ფარანისა და რაითის.
დაიბადა 1935 წლის 4 აპრილს ათენში.
1959 წელს დაამთავრა ათენის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტი.
1961 წელს მიღებულ იქნა სინას წმიდა მთაზე წმ. ეკატერინეს მონასტერში მორჩილად.
1962 წელს აღკვეცილ იქნა ბერად ხელდასხმულ იქნა დიაკვნად.
1965 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდელმონოზვნად.
1973 წლის 23 დეკემბერს იერუსალიმის პატრიარქ ბენედიქტეს მიერ ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად და არჩეულ იქნა სინას მთის მთავარეპისკოპოსად.
მთავარეპისკოპოსის რეზიდენცია – ქაიროში.
www.sinaimonastery.com

2. ფინეთის ეკლესია

ფინეთის ეკლესია დაარსებულია სერგი და გერმანე ვალაამელების მიერ. ამ ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება ფინეთის რესპუბლიკაზე. უნდა აღინიშნოს, რომ მართლმადიდებლობა ლუთერანობასთან ერთად გამოცხადებულია ფინეთის რესპუბლიკის სახელმწიფო რელიგიად. მრევლის ოდენობა 100 ათასამდეა. ფინეთის ეკლესია არის ერთადერთი მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც აღდგომასაც შესწორებული იულიუსისკალენდრით აღნიშნავს. როგორც ცნობილია, ის მართლმადიდებელი ეკლესიები, სადაც მოქმედებს ე.წ. „ახალი სტილი“, აღდგომას მაინც იულიანური კალენდრით ანგარიშობენ. ასე რომ, ყველა მართლმადიდებელი ეკლესია, გარდა ფინეთისა, აღდგომას ერთდროულად აღნიშნავს. ფინეთის ავტონომიური ეკლესია კანონიკურად ექვემდებარება მსოფლიო საპატრიარქოს.ფინეთის მართლმადიდებლური სამთავარეპისკოპოსო წარმოადგენს ავტონომიურ ეკლესიას კონსტანტინეპოლის ეკლესიის შემადგენლობაში.
ფინეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში სამი ეპარქიაა: კარელიის, ჰელსინკისა და ოულუსისა.ეპარქიების მმართველ ეპისკოპოსებს აქვთ მიტროპოლიტის ტიტულები.
ფინეთის ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის შემდეგ ფინეთის მართლმადიდებლური ეკლესია წარმოადგენს მეორე სახელმწიფო ეკლესიას. რეზიდენცია – კუოპიოში.
ფინეთის ეკლესიას მწყემსმთავრობს – უნეტარესი ლეონი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი, მთავარეპისკოპოსი კარელიისა და სრულიად ფინეთისა.
www.ort.fi

3. იაპონიის ეკლესია

იაპონიის ეკლესია დაარსებულია XIX ს. ბოლოსა და XX ს. დასაწყისში მოციქულთასწორი მღვდელმთავრის წმ. ნიკოლოზ კასატკინის მიერ. მასვე ეკუთვნის წმ. წერილისა და ლიტურგიკული წიგნების თარგმანი იაპონურ ენაზე. იაპონიის ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება იაპონიის კუნძულებზე. იგი კანონიკურად მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარება.
2000 წლის 14 მაისიდან იაპონიის ეკლესიას მწყემსმთავრობს– უნეტარესი დანიელი, მიტროპოლიტი ტოკიოსი და სრულიად იაპონიისა.
დაიბადა 1938 წელს ქალაქ ტოიობასში.
1956 წელს მოინათლა სახელით იუდა, მოციქულ იუდას, უფლის ძმის სახელზე.
1965 წელს დაამთავრა ტოკიოს სასულიერო სემინარია.
1969 წელს დაამთავრა ნიუ-იორკის წმიდა ვლადიმირის სახელობის სასულიერო სემინარია.
1969 წელს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად.
1971 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად.
1999 წელს ყოვლადუსამღვდელოესი თეოდოსის გარდაცვალების შემდეგ მომვალი მიტროპოლიტი გამორჩეულ იქნა სამ კანდიდატს შორის.
2000 წლის 14 მაისს შედგა ტოკიოს მთავარეპისკოპოსისა და სრულიად იაპონიის მიტროპოლიტის ინტრონიზაცია. რეზიდენცია – ტოკიოში.
მისამართი: Nicholai-Do 1-4 chome, Surugadai Kanda, Chiyoda-ku 101.
www.orthodoxjapan.jp

მომზადებულია სამართლის დოქტორ, დავით ჩიკვაიძის წიგნის –„საეკლესიო სამართლის“ (თბილისი, 2008) მიხედვით