„ბუნება და ადამიანი“ (პატრიარქის საკვირაო ქადაგება 14.02.2016)

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ამინ.
ჩვენთან არს ღმერთი!
„ჩვენთან არს ღმერთი“ – ეს სიტყვები ბიბლიიდანაა და ებრაულად გამოითქმება, როგორც „ემანუელ“. როდესაც ჩვენ ამ სიტყვებს ვამბობთ, ღრმად უნდა ჩავწვდეთ მისშინაარსს. ზერელედ არ უნდა ვთქვათ ეს სიტყვები. თუ ჩვენთან არს ღმერთი, ყველაფერი დამშვიდდება. ეს ქვეყანა და ადამიანები მღელვარე ზღვას ჰგავს.
ადამიანები ემსგავსებიან ბუნებას, ანდაცბუნება ემსგავსება ადამიანებს. ეს ძალიან საყურადღებოა. როდესაც ხალხი მშვიდდება, ბუნებაც მშვიდდება და პირიქით – როცა ბუნება ღელავს ადამიანიც ღელავს.
რა ახასიათებს დღევანდელ ადამიანს? – უპირველეს ყოვლისა, – უიმედობა. იმედი არ აქვს ხვალინდელი დღისა, იმედი არა აქვს მოყვასისა, ადამიანისა და იმედი არა აქვს თავისი თავის. არ იცის, ხვალ რა მოელის. ამიტომ, როცა ვლოცულობთ, უნდა ვთხოვოთ უფალს: „გახსენ გული და გონება ჩვენი, რათა ვცნათ ჭეშმარიტება შენი“. უფალი ბრძანებს – „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (იოანე 14.6). თუ ჩვენ გავიგებთ ამას – ჩვენ გადავრჩებით.
სახარების ერთ ეპიზოდში, როდესაც მოციქულები, უფალთან ერთად, ნავში არიან, ძლიერ აღელდა ზღვა, მაცხოვარს კი ეძინა. შეშინებულმა მოციქულებმა გააღვიძეს: „მოძღვარო, მოძღვარო, ვიღუპებით“(ლუკ. 8.24),უფალმა კი დაამშვიდა ზღვა. აი, ასეთ მდგომარეობაშია დღეს ქვეყანა, ჩვენ ვართ უფალთან ერთად იმ ნავში და ჩვენ ვთხოვოთ მაცხოვარს, რომ დაამშვიდოს ქვეყანა და ადამიანები.
ადამიანი დამშვიდდება იმ შემთხვევაში, თუ დაუახლოვდება უფალს. უფალი განსწმენდს მის გულსა და გონებას და სიმშვიდეს მიმადლებს მას.
თქვენ ალბათ მიგიქცევიათ ყურადღება, ადამიანი როცა კარგად ლოცულობს, სიმშვიდე შემოდის მის გულში.
ღმერთმა დაგლოცოთ და სიმშვიდე მოგცეთ.
ღმერთმა გაგახაროთ და დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს ბუნება და ადამიანი. ამინ.
ჩვენთან არს ღმერთი!