როგორც ცნობილია, აფხაზურ საიტზე აპსნწპრესს.ინფო გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიმდინარე წლის 9 იანვარს მისმა ყოვლადუწმინდესობამ მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომეოს I თავის რეზიდენციაში მიიღო ე. წ. `აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის საბჭო~, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: არქიმანდრიტი დოროთე (დბარი), მღვდელმონოზონი ანდრია (ამფარი), იეროდიაკონი დავითი (სარსანია), თემურ ძიძარია და გერმანე მარშანია. აღნიშნულის გამო საქართველოს საპატრიარქო დაუკავშირდა მსოფლიო პატრიარქის მთავარ მდივანს, არქიმანდრიტ ბართლომეს (სამარასი), რომელმაც განაცხადა, რომ ეს შეხვედრა დანიშნა პირადად მან, რადგან აფხზთა მხრიდან გამოგზავნილი იყო არაერთი წერილი მსოფლიო პატრიარქთან აუდენციის თხოვნით და, როგორც ამის მსურველ ნებისმიერ ქრისტიანს, აღნიშნულ პიროვნებებსაც მიეცათ საუბრის შესაძლებლობა. არქიმანდრიტმა ბართლომემ კატეგორიულად უარყო მსოფლიო პატრიარქისგან `აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის საბჭოს~ წევრების მიწვევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და თქვა, რომ არ არის სწორი ამ ფაქტს ეწოდოს მსოფლიო პატრიარქთან `ოფიციალური ვიზიტი~, ან თუნდაც `ოფიციალური შეხვედრა~ მან ასევე განაცხადა შემდეგი: კონსტანტინეპოლის სინოდზე გარკვევით ითქვა, რომ აფხაზეთი ტერიტორიულად საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ხოლო აფხაზეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შედის. აქედან გამომდინარე, აფხაზი სამღვდელოების საკითხი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პრეროგატივას წარმოადგენს. დაწვრილებით ინფორმაციას კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II მსოფლიო საპატრიარქო უახლოეს მომავალში მიაწვდის.