საქართველოს საპატრიარქოს განცხადება თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მდებარე ეკლესიასთან დაკავშირებით 22 იანვარი, 2012 წელი

როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, ახალი წლის დღეებში, თბილისის ძველ უბანში, ვერცხლის ქუჩაზე მდებარე წმ. ნიკოლოზის უმოქმედო ეკლესიაში, რომელსაც სომხები `სურბ ნშან~-ს უწოდებენ, გაჩნდა ცეცხლი და ტაძარი დაზიანდა.ეს ფაქტი, ჩვენს გულისტკივილს იწვევს. სამწუხაროა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია გარკვეულ ცდომილებებს შეიცავს.საქართველოს საპატრიარქოს მიაჩნია, რომ ვერცხლის ქუჩაზე მდებარე ტაძარში პირველ რიგში უნდა განხორციელდეს გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაოები, შემდეგ კი უნდა შეიქმნას ერთობლივი კომისია, რომელიც ჩაატარებს არქეოლოგიურ კვლევებს და დადებს სათანადო დასკვნას. ამ საქმეში კი აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა როგორც საქართველოს საპატრიარქოს, ისე სომხური მხარის წარმომადგენლებმა, რათა მიუკერძოებლად განისაზღვროს ტაძრის წარმომავლობა, აქედან გამომდინარე კი, _ მისი კუთვნილების საკითხი. ანალოგიური მიდგომით უნდა განხორციელდეს სხვა სადაო ტაძრების მეცნიერული შესწავლა და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს პარიტეტულ საწყისებზე მათი გადაცემა სომხეთში, ლორე-ტაშირის ეპარქიაში, საქართველოს ეკლესიისთვის, საქართველოში კი, _ სომხური მხარისთვის.