აბრაამი – დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი

მაღალყოვლადუსამღვდელოესი აბრაამი
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი
ერისკაცობაში – ამირან მამიას ძე გარმელია
დაიბადა:1948 წლის 15 ნოემბერს, ქ. სოხუმში.
ანგელოზის დღე: 22. 10; ქრისტესშობის კვირის წინა კვირა – მამათმთავარი აბრაამის ხსენება
ბერად აღკვეცა: 03. 01. 1988წ.
დიაკვნად კურთხევა: 03. 04. 1988 წ.
მღვდლად კურთხევა: 29. 05. 1988წ.
ეპისკოპოსად კურთხევა: 25. 12. 1992წ.
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 25. 12. 1996წ.
მიტროპოლიტობა ებოძა: 28. 11. 2000წ.
სკუფიაზე ბრილიანტის ჯვარი: 16. 11. 2008წ.
ტელ.: (+995 32) 252 00 98
მობ.: (+995 599) 27 75 57
ფაქსი: (+995 32) 251 74 68; 822 42 01 99 (ევროპა)
დასავლეთ ევროპის ეპარქია (ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, მალტა, საფრანგეთი, შვეიცარია)
ვრცლად:
მიტროპოლიტი აბრაამი, ერისკაცობაში ამირან მამიას ძე გარმელია, დაიბადა 1948 წლის 15 ნოემბერს ქ. სოხუმში. 1953 წლიდან მისი ოჯახი ცხოვრობს თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ა.ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე, რო¬მელიც დაასრულა 1971 წელს. სხვადასხვა დროს ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას.
1986 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1988 წელს.
1988 წლის 3 იანვარს წილკნელმა ეპისკოპოსმა ზოსიმემ (შიოშვილი) აღკვეცა ბერად და უწოდა სახელად აბრაამი. იმავე წლის 3 აპრილს მის მიერვე ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად. 1988 წლის 29 მაისს, სულთმოფენობის დღე-სასწაულზე, თბილისის ანჩისხატის ტაძრის კურთხევის დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აკურთხა მღვდელმონაზვნად. მსახურობდა ჯერ დმანისის სიონის, ხოლო შემდეგ გელათის მონასტრის წინამძღვრად.
1989 წლის მაისიდან 1990 წლის ივლისამდე იმყოფებოდა ქ. რეგენსბურგის (გერმანია) აღმოსავლეთის ეკლესიათა ინსტიტუტში.
1990 წლის 1 სექტემბრიდან 1991 წლის 30 ოქტომბრამდე მსახურობდა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში.
1990 წლის სექტემბრიდან თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში კითხულობდა ლექციებს ძველ აღთქმაში.
1991 წლის 21 ოქტომბერს, ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში, ხოლო 30 ოქტომბრიდან დაინიშნა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრად.
1992 წლის 21 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით დადგენილ, ხოლო 25 დეკემბერს ხელდასხმულ იქნა ნიკორწმინდელ ეპისკოპოსად. 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში არქიმანდრიტმა აბრაამმა ამ სიტყვებით მიმართა უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, წმიდა სინოდის წევრებს:
„უსაზღვროა წყალობა ღვთისა, რომელმაც თქვენი უწმიდესობისა და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევით და საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით გამომარჩია მე, უღირსი მონა ღვთისა, ეპისკოპოსად ნიკორწმინდის სამწყსოისა.ცღვთისა განგებით, მისი მადლითა და ულევი მოწყალებით ვდგევარ მე ამ წმიდა ტაძარში, წმიდათა წმიდა თაღებს ქვეშ, სასულიერო ხარისხში ახალი ამაღლების წინ. ამ დღეებში, როცა ეკლესია მარხვით და გაძლიერებული ლოცვით ემზადება ბეთლემის საოცრების-ცხოვრების მომცემელი ქრისტეს შობისათვის, მე განვიცდი ძლიერ მღელვარებას – ესოდენ დიდი პატივისათვის, სიხარულს – ესოდენ დიდი ნდობისათვის, შიშს ესოდენ დიდი პასუხისმგებლობის გამო. ღვთისგან ბოძებული მადლით, მე მოძულე ვარ ყოველგვარი განდიდებისა, მაგრამ ეპისკოპოსის პატივი მახარებს, მახარებს არა როგორც განდიდება, არამედ როგორც ღვთისაგან ბოძებული გზა, რომლითაც მისი ძლიერების და ჭეშმარიტების მოყვარე ქართველ ერს უნდა ვემსახურო. ამ უდიდეს მოვალეობასა და პასუხისმგებლობას მე ვიტვირთავ თქვენი უწმიდესობისა და უნეტარესობის მამამთავრული შემწეობის იმედით. მე მჯერა, რომ არ მომაკლებთ თქვენს მზრუნველობას, რომელსაც წლების მანძილზე იჩენდით ჩემი უღირსების მიმართ. უმორჩილესად გთხოვთ, ილოცოთ და შეევედროთ უფალს, რათა მან შემაძლებინოს ეს უმძიმესი სამსახური ღვთისა და ჩემი მშობლიური ხალხის წინაშე. ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, მამანო და ძმანო, დედანო და დანო, ილოცეთ ჩემთვის, რათა ღმერთმან ღირსეულად შემასრულებინოს ეს მეტად საპასუხისმგებლო მოვალეობა. ჩემი მომავალი მსახურების სირთულე განპირობებულია ჩვენი ერისათვის ესოდენ რთული და წინააღმდეგობით აღსავსე დროით, დროით, როცა ერის ერთი ნაწილის ცნობიერებიდან, სამწუხაროდ, ამოიშალა ის უდავო და უპირობო ჭეშმარიტება, რომ ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია მრავალტანჯულ საქართველოს მშვიდობა, დიდება და ამაღლება მოუტანოს, არის ჩვენთვის ჯვარცმული უფალი, რომელმაც გოლგოთიდან მოუწოდა ქართველ ერს, როცა ინება, რომ ქრისტიანული სამყაროს უდიდესი სიწმინდე _ კვართი უფლისა, ქართულ მიწას მიბარებოდა. ჩვენი ერი აწარმოებს ურთულეს და უთანასწორო ბრძოლას, და ამ ბრძოლაში გამარჯვების მოტანა შეუძლია მხოლოდ უფალს წყაროს ყოველგვარი სიცოცხლისა და გამარჯვებისა. ამ პირობებში განუზომლად დიდია ეკლესიის მსახურთა როლი. მათ უნდა სძლიონ ცთუნებას და მიიტანონ ყოველ ადამიანამდე არა მოაზროვნეთა, არა ფილოსოფოსთა, არა მეცნიერთა და პოლიტიკოსთა დროით და სივრცით შეზღუდული სისტემები, არამედ უფლის სიტყვა-მარადიული და უცვლელი. ამ სიტყვის მოტანა და ამ სიტყვით ცხოვრება უნდა იყოს ქრისტიანთა მიზანი, რამეთუ პავლე მოციქული ბრძანებს: `არა მსმენელნი სჯულისანი განმართლდეს წინ ღმრთისა, არამედ მყოფელნი სჯულისანი განმართლდეს“ ვგრძნობ რა უდიდეს პასუხისმგებლობას ღვთისა, თქვენი უწმიდესობის და ერის წინაშე, მე ვეცდები აღვასრულო წმიდა პავლე მოციქულის სიტყვები: „სახე ექმნენ მორწმუნეთა მათ სიტყვით, სვლით, სიყვარულით, სულიერობით, სარწმუნოებით და სიწმინდით“.
ახლადნაკურთხ ეპისკოპოს აბრაამს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ამ სიტყვებით მიმართა:
„ამა წლის 21 დეკემბერს შემდგარი წმიდა სინოდის სხდომა ჭეშმარიტად ისტორიული იყო, რადგანაც ამ სხდომაზე გამორჩეულ იქნა ორი საეპისკოპოსო კანდიდატი, რის შედეგადაც საქართველოში დღეს არსებულ თხუთმეტივე ეპარქიას საკუთარი მღვდელმთავარი ჰყავს, რასაც საქართველომ ორასი წლის მანძილზე ვერ მიაღწია, ამას ღვთის მადლითა და წყალობით ახლა მივაღწიეთ. თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, მეუფეო აბრაამ, წმიდა სინოდის სახელით გილოცავთ ამ დიდი პატივის მიღებას. განგება ღვთისა აღსრულდა თქვენზედა. მართალია, მძიმე დროს ვცხოვრობთ, მაგრამ ეს დრო ამავე დროს ბედნიერიცაა, რადგან ჩვენ ღვთის მრავალ წყალობას მოვესწარით. თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, არჩეული ხართ მღვდელმ¬თავრად ნიკორწმინდის ისტორიული ეპარქიისა. ნიკორწმინდის ეკლესია წმიდა ნიკოლოზის სახელობისაა და თქვენ უშუალოდ მისი მფარველობისა და წინამძღვრობის ქვეშ მოგიწევთ ყოფნა. წმიდა ნიკოლოზი, რომელსაც ჩვენ ყოველთა ქართველთა დიდი კათოლიკოს-პატრიარქი ვუწოდეთ, იქნება თქვენი შემწე და მეოხი წინაშე ღვთისა. ჩვენ ისეთ დროს ვცხოვრობთ, როცა მრევლის მოსვლას კი არ უნდა დაველოდოთ, არამედ თვითონ უნდა მივიდეთ მასთან და ვაჩვენოთ რწმენისა და სიყვარულის ძალა, სათნოება და მაღალი ზნეობა. მოძღვარსა და მითუმეტეს მღვდელმთავარს, განსაკუთრებით ორი რამ უნდა ახასიათებდეს: სიწმინდე და მშვიდობა. მუდამ გახსოვდეს მეუფეო, რომ თქვენი სიმშვიდითა და სამწყსოს თვითეულ წევრთან მშვიდობიანი დამოკიდებულებით ბევრს მიაღწევთ თქვენი მოღვაწეობის მანძილზე… წმიდა მღვდელ¬მთავარი ნიკოლოზი და წმიდა დიდმოწამე გიორგი იყოს მფარველი და წინამძღვარი თქვენი… მიიღე კვერთხი ესე და დალოცე მრევლი საქართველოსი, რომელიც ლოცულობდა დღეს შენი სულიერი ამაღლებისათვის“.
1993 წლის 19 ივლისს ეპისკოპოსი აბრაამი დაინიშნა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორად. მეუფე აბრაამის რექტორობის პერიოდში თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ ახალ წარმატებებს მიაღწია ადმინისტრაციული სტრუქტურის, სასწავლო-სამეცნიერო მუშაობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. მომთხოვნელობა და ყურადღებიანობა როგორც პროფესორ-მასწავლებლების, ასევე სტუდენტების მიმართ სასულიერო სასწავლებელში შემოქმედებით გარემოს ამკვიდრებდა. მეუფე აბრაამის ძალისხმევით 1994 წლიდან ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობისა და ქრისტიანული ანთროპოლოგიის ფაკულტეტების ბაზაზე შეიქმნა საღვთისმეტყველო ინსტიტუტი. 1994-2000 წლებში გაიხსნა საქართველოს ისტორიის, ღვთისმეტყველების, ხელოვნებათმცოდნეობის, ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენების კათედრები. რექტორის ინიციატივით დაარსდა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გაზეთი „თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია“. სასულიერო აკადემიის მიღწევებზე ვრცლად ისაუბრა მეუფე აბრაამმა სასწავლებლის ათი წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო სესიაზე, რომელიც 1998 წელს გაიმართა საქართველოს საპატრიარქოში.
„სასულიერო აკადემია მოწოდებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის მოამზადოს სამეცნიერო და პედაგოგიური კადრები, – აღნიშნა მეუფე აბრაამმა, – დღეისათვის მას მჭიდრო ურთიერთობა აქვს საზღვარგარეთის მართლმადიდებელ სასწავლებლებთან და ორგანიზაციებთან, კერძოდ მართლმადიდებელი სასულიერო სასწავლებლების საერთაშორისო ორგანიზაცია სინდესმოსთან, ათენის, თესალონიკის, ბუქარესტის უნივერსიტეტებთან, პარიზის წმიდა სერგის სახელობის საღვთისმეტყველო ინსტიტუტთან, მოსკოვისა და პეტერბურგის სასულიერო აკადემიებთან და სხვ… თბილისის სასულიერო აკადემია აქტიურად თანამშრომლობს საერო უმაღლეს სასწავლებლებთან… ღრმად გვწამს, რომ ქართველ საზოგადოებასთან, ინტელიგენციასთან თანამშრომლობით აკადემია მომავალში კიდევ უფრო აღორძინდება, მეცნიერებითა და სულიერებით საღვთო მადლში დარწმუნებული და წარმატებული, მაცხოვრის უკვდავ ცოდნასთან ზიარებით, თავის სიკეთეს მის კედლებს გარეთაც განფენს, რათა ყველას უწინამძღვროს იმ მაცხოვნებელი მადლის შეცნობისაკენ, რომლის გარეშე უმეცრება და წყვდიადი სუფევს“.
მეუფე აბრაამი მიიჩნევდა: „რელიგიისა და სარწმუნეობის სწავლა აბსტრაქტულად, სახელმძღვანელოებით შეუძლებელია, ამდენად ეკლესიურობის, ლიტურგიკულ ცხოვრებაში შესვლის გარეშე არ არსებობს რელიგიური განათლება. ეკლესიის საიდუმლოებებში მონაწილეობის გარეშე არ არსებობს ღვთაებრივი მადლმოსილება. ეკლესიის დევნის დროს, როცა არ არსებობდა მართლმადიდებლური განათლების სისტემა, არ გამოიცემოდა საჭირო საღვთისმეტყველო ლიტერატურა, იკრძალებოდა საჯარო ქადაგება, სწორედ ლიტურგია ინახავდა მართლმადიდებელ სარწმუნოებას, სწორედ საეკლესიო საიდუმლოებების მეშვეობით უჩვენებდა ეკლესია მისადმი მტრულ დამოკიდებულებაში მყოფ და მისგან გაუცხოებულ სამყაროს თავის უძლეველობას და მარადიულობასო„ მეუფე აბრაამის რექტორობის პერიოდში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებელთა ძალებით ჩატარდა სამი საერთაშორისო კონფერენცია, სამეცნიერო კონფერენციები: „ერეკლე II-ის გარდაცვალებიდან 200 წლისთავი“, „უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის გარდაცვალებიდან 80 წლისთავი“, „საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 80 წლისთავი“, „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 20 წლისთავი“.
მეუფე აბრაამმა დიდი ღვაწლი დასდო 1996-1998 წლებში გურჯაანისა და საგარეჯოს, 1998-2002 წლებში ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიებს. მეუფე აბრაამი 1995 წლის 20 ივნისიდან 2002 წლის 17 ოქტომბრამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო განყოფილებას. 1996 წლის 25 დეკემბერს იგი აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2000 წლის 28 ნოემბერს – მიტროპოლიტის ხარისხში. 2007 წლის 21 დეკემბერს დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2008 წლის 16 ნოემბერს მიტროპოლიტი აბრაამი დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.
პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
წიგნიდან: ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)