დავითი – აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი

მაღალყოვლადუსამღვდელოესი დავითი
აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი
საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების ცენტრის თავმჯდომარე.
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული საეკლესიო გალობის ცენტრის თავმჯდომარე.
სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრის თავმჯდომარე.
ერისკაცობაში – ირაკლი რომანის ძე მახარაძე
დაიბადა: 1960 წლის 3 თებერვლას, ქ. თბილისში
ანგელოზის დღე: ამაღლების შემდგომი ხუთშაბათი
დიაკვნად კურთხევა: 23. 11. 1988წ.
მღვდლად კურთხევა: 25. 12. 1988წ.
ბერად აღკვეცა: 28. 10. 1991წ.
ეპისკოპოსად კურთხევა: 24. 5. 1992წ.
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 25. 12. 1996წ.
მიტროპოლიტობა ებოძა: 28. 11. 2000წ.
მისამართი: ქ. თელავი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა #8
მობ.: (+995 599) 50 65 70
ალავერდის ეპარქია (ქ. თელავი, ქ. ახმეტა, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტები)
კათედრა ალავერდში, რეზიდენცია ალავერდსა და თელავში
ვრცლად:
აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ერისკაცობაში ირაკლი რომანის ძე მახარაძე, დაიბადა 1960 წლის 3 თებერვალს ქ. თბილისში.
1976 წელს დაამთავრა ქ. თბილისის მე-18 საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა ქ. თბილისის პოლიტექნიკური ინტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1981 წელს.
1981-1983 წლებში, როგორც არქიტექტორ-რესტავრატორი, მუშაობდა ძეგლთა დაცვის სამმართველოში, “ქართულ ფილმში”, არქეოლოგიურ ექსპედიციებში და სხვა.
1984 წლიდან ირაკლი მახარაძე გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია.
1986-88 წ.წ. ჯერ კიდევ ერისკაც ირაკლი მახარაძის გარშემო შეიკრიბა ადამიანთა ჯგუფი, რომლებმაც დავით გარეჯის ლავრის ტერიტორიაზე აღადგინეს ტერასები, გაწმინდეს წყალსაცავები და მოაწყვეს შიდა ეზო. ეს იყო სტუდენტთა ჯგუფი, რომელთა აქტიურობითაც გახმაურდა და ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა გარეჯის უდაბნოში საბჭოთა სამხედრო ძალების საწვრთნელი პოლიგონის დამანგრეველი მოქმედებების შესახებ, რასაც შემდგომში პოლიგონის გაუქმება მოჰყვა.
იმ დროს, 70-80-იან წლებში, სასულიერო ლიტერატურა ძნელად იშოვებოდა. წმიდა წერილიც კი ძველებური საბეჭდი მანქანის მეშვეობით მრავლდებოდა და ასე ვრცელდებოდა მორწმუნეებში. ირაკლი მახარაძემ, თავისი სახარება რომ ჰქონოდა, მისი მხედრულად გადაწერა დაიწყო. მოგვიანებით, როდესაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ გადაწყვიტა ეტრატზე გადაეტანა წმიდა წერილი, მას მოუთხრეს ადამიანის შესახებ, რომელმაც გარეჯში ხელით დაიწყო სახარების გადაწერა. მოგვიანებით ირაკლი მახარაძე პატრიარქს წარუდგინეს, რის შემდეგაც ეს უაღრესად საპასუხისმგებლო საქმე მას დაევალა. თავდაპირველად სახარების მაკეტი უნდა გამზადებულიყო. სამუშაო უამრავ სირთულესთან იყო დაკავშირებული: წიგნის არასტანდარტული ზომა, მუშაობისათვის საჭირო, უკვე მივიწყებულ-დაკარგული მასალის (ეტრატის, მელნის, კალმის) მოძიება-დამუშავების ძალზე რთული და შრომატევადი პროცესი. მაკეტის შედგენაში მას დახმარებას უწევდა მამა რომან მახარაძე, რომელიც გამოცდილი მხატვარი და წიგნის გრაფიკოსი იყო. 1986-87 წ.წ. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწყო სახარების (1.5 მX80 სმ) გადაწერა ნუსხურად ეტრატზე (ხბოს ტყავზე). დღეს თბილისის სამების საპატრიარქო ტაძარში დაბრძანებულია ოქროჭედური ოთხთავი, რომელშიც მათეს სახარება და მარკოზის სახარების ნაწილი მეუფე დავითის მიერ გარეჯაში გადაწერილი ხელნაწერია.
1988 წლის 23 ნოემბერს ირაკლი მახარაძე დიაკვნად აკურთხეს, ამავე წლის 25 დეკემბერს კი -მღვდლად. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებით (ბრძ. N181) იგი გარეჯის მონასტრისა და ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1991 წ. 28 ოქტომბერს მამა ირაკლი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ბერად აღიკვეცა დავითის სახელით. აღკვეცის საიდუმლო სხალთის მამათა მონასტერში შესრულდა.
1992 წლის 24 მაისს დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი დავითი (მახარაძე) წმინდა სინოდის განჩინებით ხელდასხმულ იქნა ნიკორწმინდელ ეპისკოპოსად.
24 მაისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა იღუმენ დავითის ნიკორწმინდელ ეპისკოპოსად კურთხევა. მან თავისი გამოსვლა ამ სიტყვებით დაიწყო…
“თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,
ყოვლად სამღვდელონო მღვდელმთავარნო, ბერმონაზონნო, მონაზონნო, დანო და ძმანო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო.
ამ წუთს გული ჩემი ორი გრძნობითაა სავსე: სიხარულითა და სინანულით. “წყალობათა შენთა, უფალო, უკუნისამდე უგალობდე”. მადლი ღვთისა, სახიერება მისი უკიდეგანოდ აღავსებს ქვეყანას და გულს ცოდვილი იღუმენისა დაწვავს ცეცხლითა უნივთოთა, რომ არა მისი კაცთმოყვარება. ჩემს განვილ გზას რომ გადავხედე, შიშმა შემიპყრო, რადგან ღვთის უსაზღვრო მოწყალება ვითარცა მარგალიტი წინაშე ძაღლთა და ღორთა დავაბნიე, შევიქენი უბოროტეს, უძვირეს ყოველთა და ნუ უფალო, ნუ აღდგებინ წყალობა შენი რისხვად. ყოვლადტკბილო იესო, მონაზონთა დიდებაო, მაცხოვნე, მაცხოვარო ჩემო…
სინანულით იმიტომ, რომ უფალმა, ვითარცა ხე დანერგული თანაწარსადინელსა წყალთასა გამომზარდა და მასვა წყალი ცხოველი; როგორც უდაბნოს მწველი მზე, ცოდვის ცხელი უფსკრულისაგან აღმომიყვანა და უდაბნოში დამარწყულა. “ღმერთი ჩემი შესავედრებელ და ძალ ჩემდა”. ჩემი ნებით არაფერი არ მომხდარა, რადგან “თვინიერ მისსა არცა ერთი რა იქმნა, რაოდენი რა იქმნა”. ვსასოებ მამასა, ვევედრები ძესა, მფარველობასა ვთხოვ სულსა წმიდასა, ერთარსებაო, დაუსაბამო სამებაო, დიდება შენდა.
ღვთის სიკეთე განუზომელია და რაც კაცთაგან შეუძლებელია, ღვთისათვის შესაძლებელია. მან უკეთ უწყის, რისი შეძლება მაქვს, რისი მოქენე ვარ. “რადმე იქადონ უკეთურებითა ძლიერი”. უფალმან ყოვლად ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინა, განაკვირვა ქვეყანა უბიწოებამან ღვთისმშობლისამან, უტყვ იქმნენ მჭევრმეტყველნი და ფილოსოფოსნი. მართალი ბრძანებაა – მუშაკობა ესე უმადური შრომაა. ამის მაგალითი სახარებაა თავად: “იყო ნათელი ჭეშმარიტი, სოფელსა შინა იყო და სოფელი მის მიერ შეიქმნა. და სოფელმან იგი ვერ იცნა.” მაგრამ იმავდროულად, დიდი სიხარულიცაა, რადგან “რაოდენთა იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ხელმწიფება შვილ ღმრთისა ყოფად.”
და ბოლოს ენას არ ძალუძს გამოთქვას სიკეთე აურაცხელი. პასუხისმგებლობა დიდია, ჯვარი მძიმე. ვიცი, რომ შემეწევა, უწმიდესო და უნეტარესო, თქვენი ლოცვა-კურთხევა. ვსასოებ ლოცვით შეწევნაზე თქვენგან, ყოვლად სამღვდელონო, ბერნო და ერნო; რომელი არს მარჯვენით ღმერთისა, რომელი ამაღლდა ზეცად და დაემორჩილნეს მას ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი, მეცა მას მიველტვი, მეოხებითა ღვთისმშობლისათა, ღირსი დავით გარეჯელისათა, წმიდისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის ეპისკოპოსისათა და ყოველთა ღვაწლთა გაბრწყინვებულთა, კვალად ნუ მიმანდონ კაცობრივსა განზრახვასა ყოვლადწმიდაო დედოფალო, და დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა ნუ დამაგდებ, არამედ მეოხ-გვეყავნ და გვაცხოვნენ.
უფალო, მომეცი ძალა, რათა სიმშვიდითა სულიერითა მივიღო ყოველივე, რასაცა მომიტანს დღენი ესე…
ქრისტე აღსდგა… ნამდვილვე აღსდგა…” (61, 1992, 5).
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აღნიშნა: “ბრძანებითა და განგებითა ყოვლადწმიდისა სამებისა, მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, დღეს მოხდა ხელდასხმა თქვენი ნიკორწმინდის ეპარქიის ეპისკოპოსად. დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერავინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენითა. მართლაც დიდია უფალი და საოცარია და საკვირველი საქმენი მისნი და ადამიანის გონება უძლურია მისწვდეს ამ საკვირველებას. მართლაც ამ რამდენიმე წლის წინ ვინ წარმოიდგენდა იმას, რომ რიგითი არქიტექტორი, რომელიც დავით გარეჯის მონასტერში სამეცნიერო მუშაობისათვის წავიდა, გახდა მსახური ღვთისა, მორჩილი ღირსისა მამისა დავით გარეჯელისა და შემდეგ აღყვანილ იქნებოდა ეპისკოპოსის ხარისხში. მე მინდა ერთხელ კიდევ შევსწირო მადლობა ყოვლადწმინდა სამებას, რომელიც თვითონ ირჩევს მსახურთა თვისთა. იქ ხდება კურთხევა და სამღვდელო ხარისხში აყვანა ეკლესიის მსახურისა, ჩვენ მხოლოდ აღმსრულებელნი ვართ ღვთის ნებისა. ღირსმა მამა დავით გარეჯელმა აღზარდა მამა დავითი, რომელსაც ეს სახელი სწორედ ღმერთშემოსილი მოძღვრის მოსახსენებლად ეწოდა; აღზარდა მამა დავითმა და წმიდა მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა ნიკორწმინდის ეპარქიაში შეიფარა. მართლაც დიდია და საოცარი განგება ღვთისა. მაგრამ ყოველ ჩვენგანს უნდა ახსოვდეს, რომ ეს არის არა ჩვენი დამსახურება, არამედ წყალობა და განგებისა და ნებისა ღვთისა. თავმდაბლობა, მორჩილება განცდაი. თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა უნდა ჰქონდეს ყოველ ადამიანს, განსაკუთრებით კი სასულიერო პირს, მოძღვარს, ეპისკოპოსს, პატრიარქს. თქვენ, თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, მუდამ უნდა გახსოვდეთ ეს ფიცი, რომელიც თქვენ ამ წმიდა ტაძარში ღვთისა და ერის წინაშე დადეთ, რომ მტკიცედ დაიცავთ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, ერისა და ეკლესიის ერთიანობას. დღეს, როცა მრავალი ხილული და უხილავი მტერი ჰყავს ქართველ ერს და საქართველოს ეკლესიას, ეპისკოპოსს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, ეპისკოპოსი დგას ქალაქის თავზე გამოსულ არწივზე. ეს ნიშანია იმისა, რომ როგორც არწივი ხედავს ყველაფერს ქალაქში, ასევე ეპისკოპოსის მახვილ თვალსაც არ უნდა გამოეპაროს არაფერი, რაც მის ეპარქიაში ხდება. ომფორი, რომელიც თქვენ კურთხევისას მოგასხით, სიმბოლოა თქვენი სამწყსოსი, რომელიც თქვენ მხრებით უნდა ზიდოთ, განსაკუთრებული ყურადღება გზასაცდენილებს უნდა მიაქციოთ. უნდა გახსოვდეთ, რომ არცერთი კაცი არაა თავის მტერი და როცა ის ცოდვას ჩადის, ამას ბოროტი სულის ზეგავლენით და უმეცრებით აკეთებს. ამიტომაც ყოველი ღონე უნდა იხმაროთ მისი ბოროტების ტყვეობისაგან გამოსახსნელად და ქრისტიანობის გზაზე დასაყენებლად. დღეს თქვენ აღყვანილ ხართ მღვდელმთავრის ხარისხში და ამიერიდან წინაშე ღვთისა პასუხს აგებთ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ეპარქიის სამღვდელოებასა და მორწმუნე ერზეც, რომელიც თქვენ უნდა დამწყსოთ ლოცვითა და სულიერებით, რომელიც თქვენ ყოველთვის გახასიათებდათ, თქვენ უნდა მიაღწიოთ იმას, რომ არცერთი ცხოვარი არ წარწყმდეს. მღვდელმთავარმა მაგალითი უნდა უჩვენოს სამღვდელოებას და ერს თავმდაბლობისა, მორჩილებისა, სარწმუნოებისა, სიყვარულისა, ცოდვათა მიტევებისა.
ახალი ეპისკოპოსის კურთხევა უდიდესი მოვლენაა ქართული ეკლესიისა და ჩვენი ერის ცხოვრებაში, ამიტომ ყველას ვულოცავ ამ დღეს, მაგრამ განსაკუთრებით ვულოცავ რაჭას ახალ ეპისკოპოსს. ახალ ეპისკოპოსს იქ ელოდება ნიკორწმინდა, ბარაკონი, მრავალძალი… დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი ჩვენგანი და პირველ რიგში რაჭის მოსახლეობა მხარში ამოუდგება ახალ ეპისკოპოსს და რაჭის სიწმინდენი ახალი ძალით გამობრწყინდებიან. მიიღე კვერთხი ესე, რომელიც არის სულიერ ძლიერების სიმბოლო და დალოცე ერი სრულიად საქართველოსი.” (61, 1992, 5).
1992 წლის 21 დეკემბერს წმინდა სინოდის განჩინებით ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი დავითი (მახარაძე) გადაიყვანეს ბოდბის ეპარქიაში, რომელსაც განაგებდა 1993 წლის 28 აგვისტომდე.
1992-1993 წლებში მეუფე დავითი ხელმძღვანელობდა საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილებას.
1993 წლის სექტემბრიდან ეპისკოპოსი დავითი ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავრად დაადგინეს.
1996 წლის 25 დეკემბერს ალავერდელი ეპისკოპოსი დავითი აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში, ხოლო 2000 წლის 28 ნოემბერს აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის მაღალი სამღვდელმთავრო წოდება მიენიჭა.
1988 წლიდან მეუფე დავითი საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოს თავმჯდომარეა. 2003 წლის თებერვლიდან კი შეიქმნა საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრი, რომლის თავმჯდომარეა უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, თავმჯდომარის მოადგილე კი – მეუფე დავითი.
2008 წლის 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი წმინდა სინოდის სხვა წევრებთან ერთად წმიდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.
წლების მანძილზე ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი არის საპატრიარქოსთან არსებული საეკლესიო გალობის ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრი, 2006 წლიდან კი გალობის ცენტრის თავმჯდომარეა.
2002 წლის 1 მარტს, მეუფე დავითის ლოცვა-კურთხევითა და ძალისხმევით, საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, ალავერდის საკათედრო ტაძარში აღესრულა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი ქართული ტრადიციული გალობით. ტაძარში სხვადასხვა ტაძრის მგალობელთა 6-მა გუნდმა (45-მა მგალობელმა) სრულად იგალობა დედა ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი.
ალავერდის ეპარქიაში მეუფე დავითის სამღვდელმთავრო მსახურების პირველი წლებიდანვე აღდგა ყოველდღიური წირვა-ლოცვა ქ. თელავის ღვთაების – ფერისცვალების ტაძარში. აქვე მდებარეობს მღვდელმთავრის რეზიდენცია და ღვთაების დედათა მონასტერი.
1995 წელს მეუფე დავითის ლოცვა-კურთხევით ხახულის ღვთისმშობლის სახელობის შუამთის დედათა მონასტერში განახლდა სამონასტრო ცხოვრება. მონასტრის ისტორიისთვის განსაკუთრებული მოვლენა იყო მთავარი სიწმიდის, ხახულის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ახალი პირის შექმნა. ხატის პერანგი შეიქმნა შუასაუკუნეებისდროინდელი საოქრომჭედლო ტექნიკით, რასაც სამი წელი დასჭირდა. ხატის ზურგზე 44 სანაწილეა ამოკვეთილი. მხატვრობა და მოოქროვილი ვერცხლის პერანგი შესრულებულია ორიგინალის მიხედვით. ძველი წესის თანახმად, ხახულის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ახალი პირი 40 დღის მანძილზე დედანთან პირი-პირს მიდებული საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდში იყო დაბრძანებული; 2006 წ. 7 (20) სექტემბერს კი, მონასტრის დღესასწაულის – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის წინა დღეს ხატი მონასტერში მიბრძანდა.
ახალი შუამთის ხახულის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მონასტერში 2007 წლიდან მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები. უკვე განახლებულია მონასტრის აღმშენებლის თინათინ დედოფლისდროინდელი სამრეკლო (XVI ს.). 2008 წელს დასრულდა მთავარი ტაძრის რესტავრაცია. მთლიანად შეიცვალა ტაძრის სახურავი, ძველი ქართული აგურით ნაგები კედლები გაიწმინდა, აღდგა და ტაძარს პირვანდელი სახე დაუბრუნდა.
ახალი შუამთის მონასტრის ტერიტორიაზე მეუფე დავითის ლოცვა-კურთხევით 2001 წელს დასრულდა წმინდა გიორგის სახელობის კელია-სამწირველოს მშენებლობა, სადაც მონაზონთა მცირე კრებული ცხოვრობს.
2006-2008 წლებში სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა ძველი შუამთის მონასტერში. გაიწმინდა კედლები და მთლიანად შეიცვალა სახურავი. აგრეთვე ჩატარდა შუამთის ტყეში არსებული მცირე ზომის სკიტების რესტავრაცია.
ისტორიული სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო თელავში, გიგოს გორაზე, სადაც 1920-1930-იან წლებში ქართველ თავადაზნაურებსა და სასულიერო პირებს ხვრეტდნენ, ახალი ეკლესიის აგება. ამ ადგილზე 2001 წელს იკურთხა წმიდა ნინოს ახლად აშენებული ტაძარი.
2005 წლიდან ალავერდის მამათა მონასტერში სამონასტრო ცხოვრების აღორძინებასთან ერთად, მონასტრის აღდგენა-განახლებაც დაიწყო. 2006 წლიდან მიმდინარეობს მნიშვნელოვანი და მასშტაბური სარესტავრაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები. დროთა განმავლობაში ეზოში დაგროვილი მიწა ფენებად მოიჭრა და ძველმა გალავანმა თავისი სახე დაიბრუნა. პარალელურად ეზოსა და გალავნის გარშემოსავლელის მოპირკეთება-მოსწორება მიმდინარეობს, დასასრულს მიუახლოვდა მე-17 საუკუნის დღემდე შემორჩენილი ერთადერთი საეპისკოპოსო სახლის და მამათა სენაკების რესტავრაცია-მშენებლობა. შეიცვალა გადახურვა, კვლავ განახლდა მონასტრის ძველი, ისტორიული დარბაზები, აღდგა გალავნის გარეთ მდებარე მე-16 საუსკუნის აბანო და მონასტრის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული შენობა – ფეიქარ-ხანის საგრილობელი, სადაც ალავერდის ეპარქიისა და კონკრეტულად ალავერდის მონასტრის სიგელ-გუჯრები და სხვა ისტორიული დოკუმენტაცია განთავსდება.
2006 წელს აღდგა ალავერდის მონასტრის ისტორიული მარანი. არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა მონასტრის მარნის არსებობა, რომელიც დაახლოებით 50 ტონამდე ღვინოს იტევდა. ქვევრების ნაწილი შესაბამისი შესწავლა-დამუშავების შემდეგ დაკონსერვდა და მარნის პერიმეტრშივე მიწით დაიფარა, ხოლო ნაწილი დაზიანებული ქვევრებისა მონასტრის მუზეუმის ექსპოზიციაში გამოიფინა. დღეს მონასტრის მარანი 30 ტონამდე ღვინოს აწარმოებს.
2007 წელს ალავერდის მონასტრის ტერიტორიაზე დაიწყო სიძველეთსაცავის მშენებლობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება. მისი მთავარი მიზანია ეკლესიის წიაღში კვლავ დაივანოს სიწმიდეებმა. პროექტში გათვალისწინებულია საეკლესიო ხელოვნების ნიმუშებისა და ხელნაწერთა ფონდების საცავებთან სარესტავრაციო სახელოსნო-ლაბორატორიების მოწყობა მეცნიერთათვის.
ჩატარდა არქეოლოგიური შესწავლა ალავერდის საკათედრო ტაძრის სტოვნის ნაწილში, რაც მოსამზადებელი ეტაპია ტაძრის რესტავრაციის დასაწყებად.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალავერდის მონასტერში ძველი სასწაულთმოქმედი ხატების ასლების მობრძანება. დღეს ალავერდის საკათედრო ტაძარში დაბრძანებულია პეტრიწონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ბულგარეთიდან, მაცხოვრის და ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატები ათონის მთიდან. ალავერდის ტაძრისთვის შეიქმნა წმიდა ქეთევან დედოფლის ხატი, რომელშიც დიდმოწამის წმიდა ნაწილია ჩაბრძანებული.
2007-2008 წლებში აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის ლოცვა-კურთხევით დაიწყო იყალთოს სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია-რეკონსტრუქცია. სამუშაოების პირველ ეტაპს მონასტრის ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლა წარმოადგენს. იყალთოს მონასტრის აღორძინება სასულიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის აღორძინებას ითვალისწინებს.
2002 წელს ქ. თელავში დაარსდა წმიდა მოწამეთა შალვა, ბიძინა და ელიზბარის სახელობის ალავერდის ეპარქიის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, რომელსაც ალავერდელი მღვდელმთავარი ხელმძღვანელობს.
1999-2004 წლებში მცხეთა-თბილისის ეპარქიაში, ჩაკიდულ თხემებად წოდებულ ადგილზე, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა კურთხევით ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა ააშენა წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერი, სადაც 2004 წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაარსდა დედათა სავანე, რომლის ზედამხედველობა ალავერდელ მიტროპოლიტს მეუფე დავითს დაევალა. აქ შუამთის დედათა მონასტრიდან გადმოვიდა მონაზონთა მცირე კრებული. მონასტერი ეწევა საგამომცემლო საქმიანობას.
2007 წლის 25 დეკემბერს მიტროპოლიტი დავითი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით
ამჟამად ეპარქიაში მოქმედ 40 ეკლესია-მონასტერში ღვთისმსახურებას აღასრულებს 30-მდე სასულიერო პირი.
პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
წიგნიდან: ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)