მაღალყოვლადუსამღვდელოესი იოანე
რუსთველი მიტროპოლიტი
წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახ. განათლების ცენტრის თავმჯდომარე
ერისკაცობაში – გურამ ვახტანგის ძე გამრეკელი
დაიბადა: 28. 10. 1946 წელი. ქ. თბილისი
ანგელოზის დღე: 11სექტემბერი. წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხსენება.
დიაკვნად კურთხევა: 19. 08. 1987წ.
მღვდლად კურთხევა: 24. 04. 1988წ.
ბერად აღკვეცა: 11. 09. 2008წ.
ეპისკოპოსად კურთხევა: 14. 09. 2008წ.
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 27. 06. 2010წ.
მიტროპოლიტობა ებოძა: 28. 08. 2011წ.
ვრცლად:
ეპისკოპოსი იოანე, ერისკაცობაში გიორგი ვახტანგის ძე გამრეკელი, დაიბადა 1946 წლის 28 ოქტომბერს, თბილისში, ცნობილი მეცნიერ-ისტორიკოსის ოჯახში. 1963 წელს დაამთავრა თბილისის N41-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გეოლოგიის ფაკულტეტზე, შემდეგ სწავლა განაგრძო ნოვოჩერკასკის გეოლოგიის ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1969 წელს. 1970-1975 წლებში მუშაობდა ვალეს გეოლოგიურ ჯგუფში, 1975-1985 წლებში მუშაობდა თბილისის გეოლოგიურ სამმართველოში. 1983 წლიდან იგი სიონის საპატრიარქო ტაძრის სტიქაროსანია. 1985-1988 წლებში სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, 1987 წელს აკურთხეს დიაკვნად.
1988 წელს, მენელსაცხებელთა კვირას, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აკურთხა მღვდლად.
1988 წლიდან მსახურობდა ანჩისხატის ეკლესიაში. 1989 წლის იანვრიდან სიონის საპატრიარქო ტაძარში.
1989 წლის 8 თებერვალს დაინიშნა სიონის საპატრიარქო ტაძრის პროტოპრესვიტერად და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორად. საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს პერიოდში მოუხდა რექტორობა მამა გიორგის, ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა, პერმანენტული საპროტესტო აქციები ქმნიდა იმის საშიშროებას, რომ სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ჩაშლილიყო სასწავლო პროცესი, მაგრამ მამა გიორგიმ სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად მოახერხა სასწავლო პროცესის შენარჩუნება. მამა გიორგიმ უწმიდეს¬სა და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარ¬ქთან ერთად მთავრობის სასახლესთან გაატარა 1989 წლის 9 აპრილს დილა, როდესაც საბჭოთა არმიის ნაწილებმა მოაწყვეს მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეთა რბევა და ხოცვა-ჟლეტა.¬
1993 წლის 19 ივლისიდან პროტოპრესვიტერი გიორგი უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით განთავისუფლდა აკადემიის რექტორობიდან და დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარედ. XX საუკუნის 90-იანი წლებიდან საქართველოში დაფუძნდა არაერთი მართლმადიდებელი სასწავლებელი, გიმნაზია, სასულიერო სკოლა, გარდა ამისა, საერო უმაღლეს სასწავლებლებში შეიქმნა რელიგიათმცოდნეობის კათედრები, რელიგიათმცოდნეობის ფაკულტეტები. ასეთ დიდ საქმეს თან სდევდა ამ სფეროში გაუცნობიერებელ ადამიანთა მიერ ახალი სახელმძღვანელოებისა და პროგრამების შედგენა, რომელთა უმრავლესობა შორს იყო მართლმადიდებელი სარწმუნოებისაგან. საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტმა მამა გიორგის ხელმძღვანელობით უდიდესი სამუშაო შეასრულა, რათა სასულიერო პროფილის სასწავლებლებში ქრისტიანული სწავლება ჭეშმარიტ მართლმადიდებელ დოგმებზე ყოფილიყო დაფუძნებული. პროტოპრესვიტერი გიორგი პრინციპული, პატრიოტი და მიუკერძოებელი პიროვნებაა. მან სავსებით სამართლიანად, არ გაიზიარა განათლების სფეროში მიმდინარე ის რეფორმები, რომელიც 2004 წლიდან ტარდება საქართველოში და რომელმაც საქართველოს განათლება დაიყვანა ინფორმაციულ მომსახურე პერსონალის მომზადების დონემდე, გამოაცალა მას ეროვნული და კლასიკური საფუძვლები…
1995 წელს პროტოპრესვიტერი გიორგი არჩეულ იქნა გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. მამა გიორგი ხელმძღვანელობს წმიდა წერილის ქართულ ენაზე მთარგმნელთა ჯგუფს. ჟურნალ “რწმენა და ცოდნას.” კითხულობს ლექციებს სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2005 წლიდან უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორად.
2007 წლის 21 დეკემბერს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ბრძანებით საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის დაჯილდოვდა წმიდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენით. 2008 წლის 27 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით გამორჩეულ იქნა ცურტავის ეპისკოპოსად. 11 სექტემბერს სამების საკათედრო ტაძარში არქიმანდრიტმა ილიამ (ნასიძე) აღკვეცა ბერად და უწოდა სახელი იოანე. 14 სექტემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საზეიმოდ შესრულდა მისი ეპისკოპოსად ხელდასხმა.
უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ამ სიტყვებით მიმართა მას: “ფსალმუნში ვკითხულობთ: “სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა”. დღეს, როდესაც შედგა თქვენი კურთხევა, ყოვლადუსამღვდელოესო იოანე, შევთხოვეთ უფალს, რომ სული ღვთისა სახიერი იყოს აწ და მარადის წინამძღოლი თქვენი. ჭეშმარიტად, “დიდ ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი”. დღეს აღსრულდა კიდევ ერთი კურთხევა მღვდელმთავრისა. ყოველი ეპისკოპოსის კურთხევა არის უდიდესი მადლი, უდიდესი სასწაული ღვთისა. თქვენ მრავალი წლის განმავლობაში იყავით მოძღვარი და პროტოპრესვიტერი საქართველოს ეკლესიისა. მინდა ვთქვა, რომ ეს იყო სამაგალითო სამსახური ღვთისა და ერის წინაშე და უფალმა გამოგარჩიათ თქვენ და დაგადგინათ ცურტავის ამ უძველესი ეპარქიის ეპისკოპოსად. უპირველეს ყოვლისა, მინდა თქვენი და ჩვენი სასულიერო პირების გასაგონად ვთქვა, რომ როცა ადამიანს მაღალი წოდება ეძლევა, მან უნდა იცოდეს, რომ ეს არის წყალობა ღვთისა და არა ჩვენი დამსახურება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ როცა ადამინს მაღალი წოდება ეძლევა, მას უნდა მოემატოს თავმდაბლობა და განცდა თვისთა ცოდვათა. თუკი თავმდაბლობა არ აღემატება მის წოდებას, მას გაუჭირდება მაღალი სამსახური. დღეს თქვენ ღმერთმა ჩაგაბარათ ცურტავის უძველესი ეპარქია იმისათვის, რომ აღადგინოთ იგი და ააღორძინოთ და გააბრწყინოთ ეს კუთხე, სადაც თქვენ იქნებით.
ჩვენ ურთულეს დროში ვცხოვრობთ. უფალმა ჩვენ უდიდესი გამოცდა გამოგვიგზავნა, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ გამოცდა და განსაცდელი ეძლევა იმ ერს და იმ ადამიანს, რომელიც უყვარს უფალს. ამიტომ ჩვენ სიყვარულითა და თავმდაბლობით უნდა მივიღოთ ეს განსაცდელი და უფალი ჩვენს მწუხარებას სიხარულით შეცვლის. ეს უნდა გვწამდეს ჩვენ, მუდამ უნდა გვქონდეს სარწმუნოება, სიყვარული და სასოება. და აი, ამ განსაცდელის დროს უფალმა გამოგარჩიათ თქვენ ეპისკოპოსად. ეპისკოპოსი არის პასუხისმგებელი არა მარტო მორწმუნეთათვის ღვთის წინაშე, არამედ ასევე მოძღვრებისათვის და უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავისათვის. თუკი ადამიანმა თავის თავს ვერ უშველა, იგი ვერც სხვას უშველის. იმედი მაქვს, რომ თქვენ გაქვთ სათანადო გამოცდილება და თქვენს გარშემო, ღვთის მადლით, შემოიკრიბა მრავალი ბერი და მონაზონი. ბერობამ და მონაზვნობამ უნდა გადაარჩინოს საქართველო და ჩვენი ეკლესია! მინდა გითხრათ საკუთარი გამოცდილებიდანაც: რასაც სხვას გაუკეთებს ყოველი ადამიანი, იმას უგზავნის უფალი თავად მას. ე.ი. სჯობია შეწყალება, სჯობია შენდობა და ღმერთი თქვენც შეგიწყალებთ. თქვენ გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ წირვა-ლოცვა შეასრულოთ რუსთავის საკათედრო ტაძარში, რადგანაც რუსთავის მიტროპოლიტი ათანასე, დროებით ვერ აღასრულებს ღვთისმსახურებას და მის გამოჯანმრთელებამდე თქვენ იქ იქნებით მღვდელმთავარი. ახლა კი მე მინდა გადმოგცეთ ეს კვერთხი, რომელიც არის სიმბოლო ძალაუფლებისა და იქნება თქვენი საყრდენი ამ ცხოვრებაში. გახსოვდეთ, რომ ეს ცხოვრება არის გამოცდა, რომელიც ღვთის მადლით უნდა ავიტანოთ და ჩვენი ჯვარი ბოლომდე უნდა მივიტანოთ. მიიღეთ ეს კვერთხი და დალოცეთ სრულიად საქართველოს მრევლი!
თქვენ და სრულიად საქართველოს ვულოცავთ ამ ბედნიერ დღეს. დღეს არის საეკლესიო ახალი წელი. ახალ წელს მეუფე იოანემ მიიღო ეს მაღალი კურთხევა. იგი არის 37-ე მღვდელმთავარი, დიდება და მადლობა უფალს ამ დიდი წყალობისათვის! მე რომ ეპისკოპოსად მაკურთხეს, სულ 3-4 მღვდელმთავარი იყო. და აი, დღეს უკვე 37-ია. დიდება და მადლობა უფალს! ვილოცოთ, გვქონდეს იმედი და ვერავითარი მტერი ვერაფერს დაგვაკლებს.” (68, 2007, 9).
ეპისკოპოსად გამორჩეულმა იოანემ ასე დაიწყო თავისი სიტყვა: “მეუფეო უფალო, იესო ქრისტე, ღმერთო ჩუენო, “მომეც კადნიერებით სიტყუად, რომელიცა მნებავს, უფროსღა მასწავე მე, რაი ჯერ არს ჩემდა ქმნად და სიტყუად”, რამეთუ გამომიყვანე მე ქვეყნისაგან დავიწყებულთასა, რომელსა შინა არიან მსხდომარენი “ბნელსა და აჩრდილთა სიკვდილისათა” და მომიყვანე მე ქუეყანასა ცხოველთასა, ქუეყანასა წრფელსა, სადა წმიდანი შენნი მკვიდრ არიან”, და ვთქვი: “დიდ ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერავინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა”, და მომიტევე მრავალნი ცოდვანი და უსჯულოებანი ჩემნი და განწმინდე მე საბანელითა წყლისათა და სულისათა და დამადგინე მე უღირსი და უდები მონა შენი მსახურებად წმიდისა საკურთხეველისა შენისა და მასწავე მე სიტყვა შენი: “ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ” და “ყოველი, რომელი გინდეს თქუენ, რაითა გიყონ კაცთა, ეგრეცა თქუენ ჰყავთ მათდა მიმართ”. და მოგეცეს თქუენ”, და უმეტესი თხოვნისა მომეც მე; და სთქვი: “ეძიებდით და ჰპოვოთ” _ და უმეტესი ძიებისა მომეც მე; და სთქვი: “ირეკდით და განგეღოს თქუენ”, და უმეტესი განმეღო მე. და მადლობისა შემწირველი აწ ვდგავარ წინაშე მამამთავრისა ჩუენისა ეკლესიისა და წინაშე მღვდელმთავართა მისთა და ვხმობ: “დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველი არიან საქმენი შენნი და ვერავინ შემძლებელ არს მადლისა მიცემად საკვირველებათა შენთა”. რამეთუ მრავალნი არიან ღირსნი მსახურებისა შენისა, ხოლო წყალობამან შენმან გამომირჩია მე, უღირსი, ხელთა უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა მამისა ჩუენისა ილია II-ისათა; და თუ დიდი გრიგოლ ხანძთელი ამბობს: “პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის” როცა მასწავენ ჩუენ, უფალო: “არა ვითარ მე მნებავს, მამაო, არამედ იყავნ ნება შენი”, რათა “წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ, უფალო”. და ვითხოვ კვალად შენდობასა და ცოდვათა ჩემთასა, რამეთუ “არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს” და ვითხოვ შეწევნასა მადლისა, შენისასა, უფალო, რამეთუ “შეუძლებელი კაცთათვის შესაძლებელ არს შენ მიერ და ძალითა მადლისა სულისათა აღვასრულო ნება შენი, რათა გმადლობდე, გაკურთხევდე და გადიდებდე შენ და გიგალობდე: “დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერავინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.” (68, 2007, 9).
2009 წლის 1 ნოემბრიდან ეპისკოპოსი იოანე გადაყვანილ იქნა რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის მმართველად.
2010 წლის 20 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსი იოანე მთავარეპისკოპოსის წოდებით დააჯილდოვა და დანიშნა იგი რუსთავისა და მარნეულის მმართველ მღვდელმთავრად.
2011 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ რუსთავის სიონის ტაძარში რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსი იოანე მიტროპოლიტის წოდებით დააჯილდოვა.
პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
წიგნიდან: ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)