მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლი
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი
გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარე
ერისკაცობაში – გურამ გრიგოლის ძე ბერბიჭაშვილი
დაიბადა: 1956 წლის, 18 ივლისს, ქ. თბილისში.
ანგელოზის დღე: 7 თებერვალი – წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ხსენება
დიაკვნად კურთხევა: 14. 10. 1989
მღვდლად კურთხევა: 27. 03. 1990
ბერად აღკვეცა: 21. 03. 1996
ეპისკოპოსად კურთხევა: 24. 03. 1996
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 07. 09. 2003
მიტროპოლიტობა ებოძა: 3. VI. 2007
მისამართი: საქართველო 4400. ქ. ფოთი, გურიის ქ. #1
მობ.: (+995 599) 62 58 00
ფოთისა და ხობის ეპარქია (ქ. ფოთი, ქ. ხობი, ხობის მუნიციპალიტეტი).
კათედრა ფოთში, რეზიდენცია ფოთსა და ხობში.
ვრცლად:
მიტროპოლიტი გრიგოლი, ერისკაცობაში გურამ გრიგოლის ძე ბერბიჭაშვილი დაიბადა 1956 წლის 18 ივლისს თბილისში. 1964-1973 წლებში სწავლობდა 134-ე საშუალო სკოლაში.
1986-1987 წლებში გურამ ბერბიჭაშვილი მსახურობდა თბილისის დიდმოწამე ბარბარეს (ქვემო) ეკლესიაში ჯერ სტიქაროსნად, შემდეგ მნათედ.
1988-1991 წლებში გურამ ბერბიჭაშვილი სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1991-1994 წლებში – თბილისის სასულიერო აკადემიაში. 1989 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ (მელიქიძე) გურამ ბერბიჭაშვილი აკურთხა დიაკვნად, იგი განწესებულ იქნა ბათუმის საკათედრო ტაძარში. 1990 წლის 24 მარტს, მიტროპოლიტმა კონსტანტინემ ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში დიაკონი გურამი აკურთხა მღვდლად და დაადგინა ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესიის წინამძღვრად, 1991 წლის 6 მაისიდან პარალელურად ახლადამოქმედებული აჭის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. XX საუკუნის 20-იანი წლებიდან საქართველოში ბოლშევიკურმა საოკუპაციო ხელისუფლებამ დაიწყო აგრესიული ათეიზმის პოლიტიკის გატარება, ადმინისტრაციული წესით ეკლესია-მონასტრების დახურვა, სასულიერო პირების დაპატიმრება, საეკლესიო სიწმიდეთა განადგურება. ეს შემზარავი პროცესი განსაკუთრებული გულმოდგინებით მიმდინარეობდა პროვინციებში. ადგილობრივი პარტიული ლიდერები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტ ეკლესია-მონასტერს დაანგრევდა და სასულიერო პირს იძულებით განმოსავდა. ამ მხრივ არც გურია იყო გამონაკლისი. მამა გურამმა მოთმინებითა და ტაქტით დაიწყო მრევლის შემოკრება, განსწავლა და დედა ეკლესიისაკენ შემობრუნება. ეს არ იყო ადვილი საქმე, მაგრამ ახალგაზრდა მოძღვრის გულმოდგინებამ, შინაგანმა სისუფთავემ და გულწრფელობამ თავისი კეთილი ნაყოფი გამოიღო. მამა გურამმა ლიხაურისა და აჭის ეკლესიების წინამძღვრობის დროს გამოსცა არაერთი საეკლესიო წიგნი, დააფუძნა ყოველთვიური ჟურნალი “წყარო”. 1993 წლის 15 ივლისს იგი ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, 1994 წლის 2 თებერვალს მას მიენიჭა დეკანოზის წოდება. 1996 წლის 21 მარტს შემოქმედის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარში დეკანოზი გურამ ბერბიჭაშვილი ეპისკოპოს იობის მიერ აღკვეცილ იქნა ბერად და ეწოდა სახელად გრიგოლი, 23 მარტს მას მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება და დაჯილდოვდა მიტრისა და გამშვენიერებული ჯვრის ტარების უფლებით. 1996 წლის 24 მარტს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ქართველ მღვდელმთავართა თანამწირველობით არქიმანდრიტი გრიგოლი ფოთის ეპისკოპოსად აკურთხა. სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი ვერ იტევდა მრევლს. ისინი ძირითადად გურიის რეგიონიდან ჩამოსულნი იყვნენ, ყველას უხაროდა მათი საყვარელი მოძღვრის ეპისკოპოსის ხარისხში ამაღლება, მაგრამ ამავე დროს ცრემლებს ვერ იკავებდნენ, ვინაიდან აწ უკვე მეუფე გრიგოლი სამოღვაწეოდ ფოთის ეპარქიაში მიდიოდა. ეს ემოციური განწყობილება იყო საუკეთესო დასტური იმისა, თუ რა ძვირფასია ჭეშმარიტი მოძღვარი და მოღვაწე სასულიერო პირი მრევლისათვის. არქიმანდრიტმა გრიგოლმა 23 მარტს სიონის საპატრიარქო ტაძარში ასე დაიწყო თავისი გამოსვლა:
“თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, ქრისტესმიერ საყვარელნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო!
ახლა, როცა მე თქვენს წინაშე ვდგავარ აქ, ამ წმიდა ადგილას, საეპისკოპოსოდ გამზადებული და მორჩილებით ველი უფლისაგან ხელდასხმას, რათა ვიტვირთო საქართველოს მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის მღვდელმთავრის ჯვარი, მდუმარებით გავცქერი გზას, რომელმაც აქამდე მომიყვანა და მახსენდება სიტყვები წმიდა არსენი ამარტოლისა: “დიდ არს ძალი სიყვარულისა, რომელი მორჩილ ჰყოფს გონებასა შეკადრებად შეუკადრებელსაცა.”
მე ვმადლობ ღმერთს იმ დიდი წყალობისათვის, ჩემზედ რომ მოიღო; მე გმადლობთ თქვენ, დიდო მეუფეო, და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარნო, იმ დიდი ნდობისათვის, რომელიც გამომიცხადეთ; მე ვმადლობ დედა ეკლესიას იმ დიდი პატივისათვის, რომელსაც დღეს მომაგებს და როგორც ხანძთის მნათობი ღირსი გრიგოლი იტყოდა: “დიდ არს პატივი და ამ პატივისაგან მეშინის”. მე მესმის, რაოდენ მძიმეა საეპისკოპოსო ჯვარი, რომ ეს არის არა მხოლოდ პატივი, არამედ დიდი სიძნელეებით აღსავსე ცხოვრება და მაინც ვდგავარ აქ მორჩილებით, რადგან მწამს, რომ უფლის გარეშე ყოველივე შეუძლებელ არს, უფლის დახმარებით კი შეუძლებელი შესაძლებელი ხდება, წარმოუდგენელი კი – ადვილად წარმოსადგენი. წმიდა მოციქული პავლე გვასწავლის, კაცთათვის შეუძლებელი ღმრთისათვის შესაძლებელ არსო, სწორედ ეს მანუგეშებს მე და სასოებით აღმავსებს მომავალ ჩემს მოღვაწეობაში.
როდესაც თვალს ვავლებ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის წარსულ დიდებას და შემდგომად ამისა ვიხსენებ აწ ისტორიად ქცეულ ათეისტურ ათწლეულებს, ჩემთვის გასაგები ხდება, თუ რამდენად რთული და დამაფიქრებელია აწმყო. ჩემი საეპისკოპოსო მოღვაწეობის მთავარი პრინციპი იქნება მართლმადიდებლობის დაცვა. ღრმად მწამს – მართლმადიდებლური სარწმუნოების დაცვა ნიშნავს, რომ სიყვარულისა და ერთობის სული იზეიმებს არა მხოლოდ ჩვენს ეკლესიაში, არამედ სრულიად საქართველოში. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ხომ არასოდეს არ ყოფილა თავის თავში ჩაკეტილი, არამედ მასთან ყოველთვის იყო დაკავშირებული და ხშირად მასზე დამოკიდებულიც კი ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ სულიერი, არამედ პოლიტიკური და ეკონომიკური აღორძინება.
თქვენო უწმიდესობავ, მე ვიხსენებ 1977 წელს, როდესაც თქვენ ჩაიბარეთ საქართველოს მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის მამამთავრის საყდარი და ვაანალიზებ რა იქიდან მოყოლებული დღემდე განვლილ პერიოდს, ვხედავ რამდენად დიდია თქვენი ღვაწლი ღმრთისა და ერის წინაშე. თქვენთვის არასდროს არ ყოფილა ეკლესია მხოლოდ ტაძრის გალავანში მოქცეული ტერიტორია, არამედ თქვენთვის ეკლესია ყოველთვის იყო სრულიად საქართველო თავისი სიხარულით, ტკივილითა თუ განსაცდელებით. მას შემდეგ, რაც (1918 წლიდან მოყოლებული) საქართველოს პარტიულ-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ეკლესია გამოყო სახელმწიფოსაგან და სკოლა-ეკლესიისაგან, მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესია მაინც რჩებოდა ქართველი ხალხის სულის განუყოფელ ნაწილად და, თუ ათეისტური სახელმწიფოს მხრიდან იდევნებოდა ეკლესია, ქრისტიანები და ხალხით სავსე ტაძრების ნახვა შეუძლებელიც კი იყო, საკმაოდ ბევრი ადამიანი, თვით პარტიული მუშაკებიც კი ცდილობდნენ ქრისტიანული წესისა და ტრადიციების აღსრულებას, რაც განსაკუთრებით წარმოაჩენს, თუ რას ნიშნავს ქართველისათვის მართლმადიდებლობა.
უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო, თქვენ ყოველთვის გრძნობდით ამას და ბევრ სხვას რასმე – ქართული სულის სატკივარს. მე ვხედავ, რომ ღმრთისა და ერის სამსახურში თქვენი მოღვაწეობის საფუძველი ყოველთვის იყო ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარული. ერთ-ერთ წმიდა მამას უთქვამს, “სიმართლე გულში დაიმარხე, მოყვასს კი სიყვარული მიეციო”. დიახ, ამის ცოცხალ მაგალითს ყოველთვის აძლევდით სრულიად საქართველოს და არა მხოლოდ მას. 1977 წლიდან დღემდე ბევრი გაკეთდა თქვენი მამამთავრული ღვაწლით და კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი – “სამკალი ფრიად არს”. ეკლესიის ცხოვრებაში თუ რამ არ არის ისე, ყველას რომ გაგვიხარდებოდა, ეს უპირველესად ტკივილი და განსაცდელია თქვენთვის, დიდო მეუფეო, და სრულიად ეკლესიისათვის, და არა ეკლესიური ცხოვრების ნორმა.
თქვენო უწმიდესობავ, უკვე 19 წელია მიზანდასახულად, ნაბიჯ-ნაბიჯ, აუჩქარებლად და მოთმინებით მიყვებით თქვენს გოლგოთას და მე – საეპისკოპოსო პატივით და ეკლესიის ნდობით აღჭურვილი პიროვნება, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მღვდელმთავართა კრებულთან ერთად ვეცდები, ისევე როგორც სვიმონ კვირინელმა – მაცხოვარს, შეგიმსუბუქოთ ის მძიმე ჯვარი, რასაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მამამთავრობა ჰქვია.
ჩვენს ხალხს დღესდღეობით წარსულთან შედარებით მეტი საშუალება აქვს დაეუფლოს რელიგიურ ცოდნას, მაგრამ სულიერება ჯერ კიდევ ძალიან დაბალია, რაც განპირობებულია საკმაოდ მძიმე ათეისტური მემკვიდრეობით. ამით სარგებლობენ სხვადასხვა ცრუ სწავლებათა და მწვალებლობათაგან მოხიბლული ჭეშმარიტად ქრისტეს უმეცარი ადამიანები და უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ხალხს ატყუებენ, იბირებენ სხვადასხვა საშუალებებით. ეს არ არის მხოლოდ რელიგიურ ასპექტში გასააზრებული მოვლენა, არამედ ამის უკან უცხო ქვეყნების იდეოლოგია და საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური მიზნები დგას, რაც ჩვენი ქვეყნის სულიერი ექსპანსიისკენ არის მიმართული და აქედან გამომდინარე, ეკლესიისა და სახელმწიფოს ზრუნვის საგანს უნდა შეადგენდეს; წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული ეროვნული სახელმწიფო დიდი საშიშროების წინაშე აღმოჩნდება.
მე სურვილი მაქვს, ჩემდამი დამორჩილებულ ეპარქიაში ძალისაებრ ჩემისა, საკმაოდ სერიოზულად მოვეკიდო და ყურადღება მივაქციო ეკლესია-მონასტრების აღდგენას, საგამომცემლო და საგანმანათლებლო საქმიანობას და, საერთოდ, ვერ წარმომიდგენია საქართველოს ნათელი მომავალი მისი ეკლესიის აქტიური მოღვაწეობის გა¬რეშე. მტერი, მოწინააღმდეგე ყოველთვის ჰყავდა როგორც ეკლესიას, ასევე ჩვენს დედასამშობლოს, მაგრამ ყოველთვის გვახსოვდა წმიდა დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: “ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდე მათ.”
ღრმად მწამს, რომ შეიძლება ადამიანი ეკლესიის გარეშე ბევრ კეთილ საქმეს აკეთებდეს, ზრდილობიანიც იყოს, პატიოსანიც, სახარებასაც კითხულობდეს და ქადაგებდეს, დიდ ღვაწლში იყოს, შესაძლოა წამებითაც კი აღესრულოს, მაგრამ მე არ მწამს, რომ დედა-ეკლესიის გარეშე შესაძლებელია ცხონება. ასეთი მემკვიდრეობა მიგვიღია მოციქულთაგან და ვეცდები არც რამე დავაკლო მას და არც რამე ადამიანური სიბრძნის ნაყოფი დავუმატო, არამედ ვიქადაგო და ვასწავლო ის, რაც მოციქულთაგან მიგვიღია ჩაწერილი თუ ზეპირი გადმოცემის სახით.
უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო, ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, მამანო და დედანო! შემთხვევითი არ არის, რომ მე გავიხსენე ჩვენი ეკლესიის დაუღალავი მწყემსმთავარი და მის მიერ გაწეული ღვაწლი ეკლესიისა და ჩვენი ხალხის წინაშე, არამედ აუცილებელია და საკმაოდ პრინციპული მნიშვნელობაც აქვს, თუ როგორ ვაფასებ მე საქართველოს ეკლესიის მამამთავრის მოღვაწეობას, რომლის წინაშეც ერთგულებისა და მორჩილების აღთქმა უნდა დავდო.
დღეს მე ღმრთისა და თქვენს წინაშე ვდებ აღთქმას, რომ ვიქნები ღმრთის ნების აღმსრულებელი, თქვენდამი მორჩილების გამომხატველი და მაცხოვნებელი რწმენის მქადაგებელი.
გევედრებით თქვენ და სრულიად საქართველოს, ილოცეთ ჩემთვის!
ჩემს სიტყვას დავასრულებ ნეტარხსენებული მამის, წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვებით, რომელიც ამ სოფლიდან გასვლის ჟამს აღმოხდა მას: დიდება ღმერთს ყველაფრისათვის, ამინ.” (75, 2-7).
უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიულოცა მეუფე გრიგოლს ეპისკოპოსის ხარისხში ამაღლება და უსურვა წარმატებები. უწმიდესი და უნეტარესი შეხვდა სოფელ ლიხაურის მრევლს და ბრძანა:
“მე მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს ბედნიერი დღე. მართალია, თქვენთვის თითქოს მძიმე დღეცაა, იმიტომ, რომ მეუფე გადადის სხვა ეპარქიაში, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ თქვენ შორის არსებული სულიერი კავშირი არ უნდა დაკარგოთ.
მე ძალიან მახარებს, რომ აი, ასეთი სიყვარული დაიმსახურა მან თქვენს წინაშე და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მეუფე გრიგოლი ბევრს გააკეთებს ჩვენი ეკლესიის საკეთილდღეოდ… ჩვენ ვეცდებით, რომ ამაზე ნაკლები მოძღვარი არ გამოგიგზავნოთ. ილოცეთ მისთვისაც და მთელი საქართველოსთვის.
მე დიდი იმედი მაქვს, რომ გურია, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო სულიერად, აღადგენს თავის სულიერობას. სარწმუნოების გარეშე ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ და ვერ მივაღწევთ. საჭიროა უპირველეს ყოვლისა, რწმენა, ჭეშმარიტი სარწმუნოება და ამაზე უნდა ავაშენოთ ყველაფერი. მეუფე გრიგოლი ხშირად ჩამოვა თქვენთან, მოგხედავთ, ასე რომ, კავშირი არ უნდა დაკარგოთ.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ ამ დიდი სიყვარულისათვის. მე მადლობელი ვარ, რომ ასეთი ერთგულები ბრძანდებით მეუფე გრიგოლისა და ქართული ეკლესიისა.
ქართული ეკლესია – ეს არის სულიერი ძალა ჩვენი ერისა, ჩვენი ქვეყნისა და ის უნდა გაძლიერდეს. ეს მადლი მარტო ეკლესიაში კი არ უნდა იყოს, არამედ ყველა ოჯახში უნდა შევიდეს…
ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ამ ბედნიერ დღეს – მეუფე გრიგოლის ეპისკოპოსად კურთხევას დაემთხვა საბერძნეთის დღესასწაული, რომ ტაძარში ბრძანდებოდნენ საბერძნეთის ელჩი საქართველოში ტასოხ კრიეკუკისი, სხვა ქვეყნების ელჩები და ჩვენი სიხარული ყველამ გაიზიარა.
უფალმა სიხარული არ მოგაკლოთ!
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!” (75, 12).
მეუფე გრიგოლი ჩვეული შემართებით შეუდგა საქმიანობას ახალ ეპარქიაში. იმ დროს ფოთის ეპარქიაში შედიოდა სენაკის რაიონიც. სულ ეპარქიაში მოქმედი იყო: ფოთში 2, ხობში 2, სენაკში 2 ეკლესია და მონასტერი. მეუფე გრიგოლმა დაიწყო საეპარქიო სტრუქტურების ჩამოყალიბება. შეიქმნა საეპარქიო საბჭო. რომლის შემადგენლობაშიც სასულიერო პირებთან ერთად შევიდნენ საერონიც. საეპარქიო საბჭოს სხდომაზე იხილება ეპარქიის წინაშე არსებული პრობლემები და ისახება მათი გადაჭრის გზები. თუ რა გაკეთდა ეპარქიაში და სამომავლო პერსპექტივებში რაზე უნდა იზრუნონ, ამის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას გვაძლევს 2005 წლის ივლისში ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოების კრების მასალები, სადაც მეუფე გრიგოლმა წარადგინა ვრცელი ანგარიში:
“პატიოსანნო მამანო, მე-10 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც წმ. სინოდის გადაწყვეტილებით დავინიშნე ფოთის ეპარქიის მმართველად. ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა და ყოველივე ამის მომსწრენი და მონაწილენი თქვენ ხართ. გულწრფელობისა გამო უნდა მოგახსენოთ, რომ არასოდეს მიფიქრია იმაზე, თუ რა და რამდენი გავაკეთეთ დღემდე, არამედ ყოველთვის ვფიქრობდი და ვფიქრობ იმის შესახებ, თუ რა არის საკეთებელი, რადგან საკეთებელი ყოველთვის არის და თანაც მრავლად არის, გაკეთებული კი უკვე განვლილი დღეა და მასზე ზედმეტად ყურადღების გამახვილება მიმაჩნია რომ არ შეიძლება და სახიფათოც კი არის, რათა ნამეტნავად არ მოიხიბლო შენი გაკეთებულით, რაც ძალიან ცუდი იქნებოდა; ერთი კი ნამდვილად ცხადია, რომ დროდადრო გარკვეული ანგარიში ნამდვილად საჭიროა, რათა შეფასება მიეცეს განვლილს და დაისახოს ახალი სამომავლო გეგმები. სწორედ ეს მიზანი აქვს ჩვენს ზოგად ანგარიშს ეპარქიაში გაწეული საქმიანობის შესახებ. სხვათა შორის, ისიც უნდა მოგახსენოთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, მის უწმიდესობასთან შეხვედრისას საკმაოდ მკაცრი შეფასება მოვისმინე ჩვენი – როგორც ეპარქიის მმართველის მისამართით; კერძოდ კი მისმა უწმიდესობამ მკაცრი საყვედური გამოთქვა იმის გამო, რომ (როგორც მან აღნიშნა) ჩვენს ეპარქიაში არ შენდება ეკლესიები, ყურადღება არ ექცევა სამონასტრო ცხოვრებას, არ ვეხმარებით სოფლად მყოფ სამღვდელოებას, რომ ეპისკოპოსი ეპარქიაში წირვებს არ ატარებს, ეპარქიაში იშვიათად არის, არ აკურთხებს მღვდლებს და ა. შ. ერთი სიტყვით გვითხრა რომ ეპარქიაში არაფერი კეთდება. მე რამდენჯერმე ვკითხე მის უწმიდესობას, – “ნუთუ მართლაც ასე ფიქრობთ?”, და დასძინა, რომ ნამდვილად ასე ფიქრობს და ჯობს ეპარქიას მივხედოთ, ვიდრე ვისაუბროთ ზოგადად საეკლესიო პრობლემებზე, იმიტომ მოვყევი უწმიდესთან საუბრის ზოგიერთი დეტალის შესახებ, რომ ვიღაცას აშკარად სურს, რომ ეკლესიაში ურთიერთობა დაძაბონ და უწმიდესს ცრუ ინფორმაციას აწვდიან, თორემ ეპარქიაში რა კეთდება და რა არა, ამის მოწმე თითოეული თქვენგანია, შემფასებელი – მაღალი ღმერთი. მოდით, პირველსავე სიტყვას დავუბრუნდები და მოგახსენებთ:
1996 წლიდან დღემდე, რაც ეპარქიაში დავინიშნე, ცხრა წელიწადი და ოთხი თვე გავიდა. რა შეიცვალა ან გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში. რა დაგვხვდა?
– ექვსი მოქმედი ეკლესია
– ექვსი მღვდელი
– ერთი იღუმენია (რომელიც 1997 წელს გარდაიცვალა)
– ერთი ბერი (რომელიც მოკლე ხანში აღესრულა)
ხობში, ფოთსა და სენაკში თანაბრად გვყავდა ორ-ორი მღვდელი და მოქმედი ტაძარი. დანარჩენად – არა შენობა, არა მიწა, არანაირი მოძრავ-უძრავი ქონება, არა თანხა, არა სტრუქტურები, არა კადრები – ერთი სიტყვით შეიძლება ითქვას, რომ ფაქტიურად სუფთა ფურცლით დავიწყეთ.
განვლილი წლების განმავლობაში პირველი, რასაც განსაკუთრებით გამოვყოფ, არის მრევლის დინამიური ზრდა და რაც აღნიშვნის ღირსია – რელიგიური შეგნების ამაღლება. მაშინ, როცა ფოთი ყველასათვის და მათ შორის რელიგიური ორგანიზაციებისათვისაც საინტერესო ქალაქად რჩება, რამეთუ ეს დაკავშირებული სხვადასხვა ტვირთების მიღებასთან; განვლილი პერიოდის განმავლობაში არც ფოთში და არც ხობისა და სენაკის რაიონებში რელიგიურ ნიადაგზე კონფროტაციას ადგილი არ ჰქონია და თითოეული სამღვდელო პირი საკმაოდ აქტიურად და დაუბრკოლებლად ეწეოდა მქადაგებლურ და მისიონერულ მოღვაწეობას. მოგეხსენებათ, რომ ათეისტური იდეოლოგიის შემდგომ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისიონერული მოღვაწეობა, რადგან საზოგადოების სარწმუნოებრივ შეგნებაში ბევრი რამ დამახინჯდა და ხალხურ ქრისტიანობას უფრო ვხვდებით, ვიდრე დოგმატურ, საღვთისმეტყველო დონეზე გამართულ ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას. როგორც მთელს საქართველოში, აქაც არიან სექტანტური ორგანიზაციები; თუმცა საზოგადოებაში მათ მაინც ვერ მოიპოვეს პოპულარობა ვერც ჰუმანიტარული დახმარების პროდუქტითა და ვერც სხვადასხვა სახის შეთავაზებებით. განვლილმა წლებმა დაგვანახა, რომ სექტანტობასთან დაპირისპირების საუკეთესო ფორმა არის მართლმადიდებლობის უკეთ და ღრმად გაცნობიერება და სადაც რწმენის სინათლე დაისადგურებს, იქ ცრურწმენის სიბნელე თავისთავად უკან იხევს. ასე რომ, აღნიშნული პრობლემატიკის გადაწყვეტა ჩვენს ხელთ არის და ეს გასაღები არის – სულიერი განათლების შეტანა ხალხში.
წლების განმავლობაში ეპარქიაში მოქმედებდა და მოქმედებს სასულიერო სასწავლებლები, რომლებიც საზოგადოების კატეხიზაციას ემსახურება და სასულიეროთა მომზადებაში ძალიან გვეხმარებოდა.
პირველად 1997 წელს გაიხსნა ფოთში საღვთისმეტყველო-კატეხიზატორული სკოლა, შემდეგ ხობში მონასტრის ბაზაზე ამოქმედდა სასულიერო სასწავლებელი კატეხიზატორული და ქრისტიანული ხელოვნების განყოფილებებით. სენაკში შეიქმნა და 2003 წლის აგვისტომდე მოქმედებდა სასულიერო სასწავლებელი მეორე¬ გიმნაზიის ბაზაზე. ამ სასწავლებლის კატეხიზატორულ ჯგუფში უამრავმა ადამიანმა, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებმა, შეიძინეს რელიგიური ცოდნა, რაც დადებით გავლენას ახდენს მათ საქმიანობაზე და მთლიანად საზოგადოებაზე.
2002 წლის დეკემბერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებულებით დაფუძნდა ზემო თეკლათის დედათა მონასტერში წმიდა ნინოს სახ. გიმნაზია-პანსიონი გოგონებისათვის და ფოთში – წმ. ნიკოლოზის სახ. დაწყებითი გიმნაზია. დღეისათვის (გაყოფის შემდგომ პერიოდში) ეპარქიაში ფუნქციონირებს საღვთისმეტყველო-კატეხიზატორული სკოლა და დაწყებითი გიმნაზია და მიმაჩნია, რომ ეს სასწავლებლები ემსახურებიან სულიერების ამაღლებას და მორწმუნე თაობის გამრავლებას.
კარგად მოგეხსენებათ, რომ სატაძრო მშენებლობებს დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა მეტის გაკეთება, მაგრამ მადლობას ვწირავ ღმერთს იმისათვის, რაც შეგვაძლებინა.
კერძოდ: ქ. ფოთში – აშენდა წმ. ნიკოლოზის და ილია მართლის სახელობის ეკლესიები;
ხობის რაიონში – აშენდა ჭალადიდის წმ. ნინოს, საგვიჩიოს ტაძრად მიყვანების ეკლესიები, დასრულების პირასაა ქ. ხობში საკათედრო ტაძარი წმ. სამებისა, სოფ. ხამისქურში – ღვთისმშობლის შობისა, უახლოეს თვე-ნახევარში იკურთხება ტრაპეზი სოფ. ქარიატას სამლოცველო სახლში, მშენებლობის მდგომარეობაშია სოფ. ჯაპიშაქარში ეკლესია, სოფ. ბიის მკვიდრთა ღვაწლით რესტავრაცია ჩაუტარდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიას.
სენაკის რაიონში _ 1996-2003 წლებში აშენდა ქ. სენაკის ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარი, აღდგა წმ. გიორგის სახ. ეკლესია, მე-9 საუკუნის ტაძრის ნანგრევებზე ნოსირში აშენდა აღდგომის სახ. ეკლესია. სოფ. ფიცხოში _ მთავარანგელოზთა ეკლესია, ნოქალაქევში აღდგა 40 სებასტიელი მოწამის სახ. ტაძარი, ძვ. სენაკში _ შობის სახ. ტაძარი.
ფაქტიურად მშენებარე მდგომარეობაში დავტოვეთ ეკლესიები სოფ. ზანაში, ახალსოფელში, სორტასა და სოფ. თეკლათში. აღდგა და ფაქტობრივად აშენდა ზემო თეკლათის მონასტერი, სადაც ძირითადი საცხოვრებელი და სასწავლო აუდიტორიები მოეწყო და დაკომპლექტდა თანამედროვე საუკეთესო ავეჯითა და კომპიუტერებით, გაშენდა ქვის გალავანი, შეიღობა 16 ჰა ტერიტორია ტყისა და სახნავ-სათესი ზოლი მონასტრის მიმდებარედ. მოსახლეთაგან გამოსყიდულ იქნა სააგარაკე სამი სახლი ნაკვეთებითურთ, რომლებიც მონასტრისაგან მიტაცებულ ტერიტორიაზე იყო.
ქ. ფოთში წლების განმავლობაში ურთულესი სამუშაო იქნა გაწეული საკათედრო ტაძრის აღდგენისათვის და დღეს იგი უკვე ეკლესიის საკუთრებაა და ინტენსიურად მიმდინარეობს საჭირო საკითხების გადაწყვეტა, რათა მოხდეს თეატრის მშენებლობისა და საკათედრო ტაძრის შენობის რეკონსტრუქციის დაწყება.
ტაძრების მშენებლობისათვის გამოყოფილი და დაკანონებულია ტერიტორიები აღმაშენებლის ქუჩაზე (ყოფ. ლენინის ძეგლის ადგილზე), 26 მაისის ქუჩაზე (ნატარძალი), ბარათაშვილის ქუჩის ბოლოში (რეზიდენციასთან), ნინოშვილის უბანში (აკაკი ჩხაიძის სახლის მოპირდაპირედ) გურიის ქუჩაზე (მალთაყვაში – საძირკველი მომზადებულია).
ეკლესიის მთელი კუთვნილი უძრავი ქონება ქ. ფოთში დაკანონებულია, გატარებულია რეესტრში და პასპორტები გაგვაჩნია.
შევადგინეთ ეპარქიის ეკლესიების და ნაეკლესიარების კატალოგი.
ბრწყინვალე ოფისი აშენდა ნავსადგურის ეკლესიასთან მთავარეპისკოპოსის კანცელარიისათვის.
1996 წელს გადმოგვეცა შენობა, სადაც მოვაწყვეთ სამღვდელმთავრო რეზიდენცია, რომელიც დღემდე კეთდებოდა და დასასრულს მიუახლოვდა, ბრწყინვალედ გაკეთდა და ეწყობა; იგი ასევე კათოლიკოს-პატრიარქის საზაფხულო რეზიდენციის ფუნქციას შეასრულებს; გადმოეცა ეპარქიას შენობა, სადაც განთავსებულია (თუმც კი გაჭირვებით, მაგრამ მაინც) ეპარქიის სამმართველო, საღვთისმეტყველო-კატეხიზატორული სკოლა და დაწყებითი გიმნაზია.
მნიშვნელოვანია, რომ 1997 წლიდან დღემდე ქ. ფოთში შევინარჩუნეთ უფასო სასადილო უპოვართათვის, მაშინ როცა სენაკსა და ხობში მოგვიწია დახურვამ რამდენიმე წლის ფუნქციონირების შემდეგ.
წლების განმავლობაში უამრავმა ადამიანმა მიიღო ეპარქიიდან უანგარო დახმარება პროდუქტით, მედიკამენტებითა და ტანსაცმლით და ეს საკმაოდ მოცულობითი საქმიანობა გახლდათ, ეს ყოველივე არის საქველმოქმედო საქმიანობა, რომელიც სრულდებოდა დიდი ხნის განმავლობაში “ლაზარე-აიოსისის” პროგრამისაგან დამოუკიდებლად; ასევე უმნიშვნელოვანესი იყო თვით ლაზარე-აიოსისის პროგრამა.
თავის დროზე კოლოსალური მუშაობა იქნა გაწეული მართლმადიდებელ-ქრისტიანთა თემების დაფუძნებისათვის, რამაც თავისი როლი შეასრულა ხალხისა და ეკლესიის დაახლოების საქმეში.
ვფიქრობ, საჭირო არ არის იმის ჩამოთვლა, თუ რამდენი კონფერენცია, კონცერტი თუ ფესტივალი თუ სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა ეპარქიაში უშუალოდ ეპარქიის მიერ ან ხელისუფლებასთან ერთობლივად.
სამღვდელოების მიმართ მსურს მადლიერების გრძნობის გამოთქმა, რადგან თითოეული თქვენგანი იყო და არის ეპარქიაში მიმდინარე რთული, მაგრამ საინტერესო პროცესების მონაწილე. ჩვენს ეპარქიაში, ერთადერთში მოქმედებს სამღვდელოების ფონდი, საიდანაც ხელფასს იღებს სოფლის სამღვდელოება და ასევე საჭიროების შემთხვევაში სამღვდელოება ღებულობს ერთჯერად დახმარებებს კონკრეტულ რთულ ვითარებაში, გაჭირვებისას; დახმარებები გაიცემა შვილის შეძენისას, ზამთრის პირობებში შეშის შესაძენად, თუ ხელმოკლე სასულიერო პირის ოჯახის დასასვენებლად ან სამკურნალოდ თუ საოპერაციოდ.
ეპარქიის სამსახურში სახელფასო უზრუნველყოფაზე მყოფ სამოქალაქო და სასულიერო პირთათვის ასევე შექმნილია სოციალური უზრუნველყოფის ფონდი, რაც იგივე დახმარებებს გასცემს, რასაც სამღვდელოების ფონდი და ასევე გაიცემა პენსიები.
დღესდღეობით ეპარქიაში გვყავს:
ცხრა მღვდელი, ერთი დიაკვანი;
სულ ეპარქიის 9-წლის არსებობის მანძილზე ვაკურთხეთ თოთხმეტი (14) მღვდელი.
_ დასაწყისში როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ეპარქიაში დაგვხდა _ 6 მღვდელი, ერთი იღუმენია და ერთი ბერი
_ სხვა ეპარქიებიდან მოვიწვიეთ 7 სასულიერო პირი
_ სენაკის გამოყოფის გამო ჩამოგვაკლდა 8 მღვდელი
_ სხვადასხვა მიზეზების გამო ეპარქიიდან წავიდა 9 მღვდელი და ერთი დიაკვანი; მათ შორის: _ ერთი ეპისკოპოსად იკურთხა (მამა მარკოზი) (მეუფე ანტონი)
_ სამი თავის ეპარქიებს დაუბრუნდა (მამა გოჩა, მამა რევაზი, მამა ისააკი)
_ ერთი ავადმყოფიბის გამო თბილისში გადავიდა (მამა აბრაამი)
_ ერთი სხვა ეპარქიაში წავიდა უწმიდესის კურთხევით (მამა ნიკოლოზი)
_ სამი თავის საცხოვრებელ ადგილს დაუბრუნდა (მამა ავთანდილი, მამა მიქაელი, დიაკ. ლევანი, მამა გიორგი)
გარდაიცვალა იღუმენია ელენე და ბერი იოანე
ამგვარად, დღეის მონაცემებით გვყავს:
ცხრა (9) მღვდელი და ერთი დიაკვანი.
ეპარქიაში ასევე ფუნქციონირებს
_ ნოჯიხევის დედათა მონასტერი _ ერთი იღუმენია _ (დედა ანა)
_ სამი მონაზონი _ (დედა ეფემია, დედა ეკატერინე, დედა ელისაბედი)
_ ორი მორჩილი _ (ანა, მარიამი)
_ ფოთის რეზიდენციასთან არსებული დედათა მონასტერი _ ერთი მონოზონი (დედა თეკლა)
_ ორი მორჩილი (ევდოკია, მართა)
საკმაოდ დიდი სამუშაოები სრულდება ხობის (ნოჯიხევის) მონასტრის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და შენობა-ნაგებობათა მოწესრიგებისა თუ ახლის მშენებლობის თვალსაზრისით.
მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს რეზიდენციის შენობისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის მიზნით, რაც წელს დასრულდება.
ეპარქიის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახლდათ ქრისტიანული სულიერების, კულტურისა და ქველმოქმედების ცენტრ “ნუგეშის” დაფუძნება. უკვე განხორციელდა რამდენიმე ახალგაზრდული პროექტი; საკმაოდ დიდი და საინტერესო პროექტების განხორციელებაა გათვალისწინებული 2006 წელს.
მომავლის პერსპექტივაში მე ვხედავ ჩვენი სამღვდელოების მატებას (გვყავს საუკეთესო კანდიდატები) და კიდევ უფრო გააქტიურებას, რამეთუ თქვენი მსახურების საზოგადოებრივი მისია ითხოვს ამას, თუმცა კი, ზოგადი მონაცემებით მადლობას გეუბნებით თითოეულ თქვენთაგანს.
აღნიშვნის ღირსია ის, რომ ჩვენ სულიერ მზრუნველობას ვახორციელებთ ჯარში, პოლიციაში, საავადმყოფოებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რაც თქვენგან, ჩვენგან ითხოვს განუზომელ ენერგიას, თუმცა თუ საჭირო იქნა ამაზე მეტსაც გავაკეთებთ, რადგან ამას ითხოვს ჩვენი ერის დღევანდელი ფაქტობრივი მდგომარეობა და მისი სულიერი წარმატების სურვილი.
ჩვენ უნდა შევიდეთ თითოეულ ოჯახში და ეს ეპარქიის მასშტაბით მუდმივად, წრიული პრინციპით უნდა ხდებოდეს. შეიძლება ??