2020 წლის 31 აგვისტოს (13 სექტემბერს): სულთმოფენობიდან XIV კვირიაკისა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის პატიოსანი სარტყელის დადებისა და თაყუანისცემის საცისკრო, სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი

2020 წლის 31 აგვისტოს (13 სექტემბერს): სულთმოფენობიდან XIV კვირიაკისა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის პატიოსანი სარტყელის დადებისა და თაყუანისცემის საცისკრო, სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

 

კვირიაკისა სახარება III: სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, XVI, 9-20. [დას. ოა(71)]:

მკ. XVI: 9 ხოლო აღ-რაჲ-დგა † (მას ჟამსა შინა აღ-რაჲ-დგა იესუ †) განთიად პირველსა მას შაბათსა, ეჩუენა პირველად მარიამს მაგდანელსა, რომლისაგან განსრულ იყვნეს შჳდნი ეშმაკნი. 10 იგი წარვიდა და უთხრა მის თანა მყოფთა მათ, რომელნი იგლოვდეს და ტიროდეს. 11 და მათ რაჲ ესმა, რამეთუ ცხოველ არს და ეჩუენა, მათ არა ჰრწმენა. 12 ხოლო ამისა შემდგომად ორთა მათგანთა სლვასა შინა გამოეცხადა სხჳთა ხატითა, მი-რაჲ-ვიდოდეს დაბასა. 13 და იგინი მოვიდეს და უთხრეს სხუათა მათ, და არცა მათი ჰრწმენა. 14 უკუანაჲსკნელ მსხდომარეთა ათერთმეტთა მათ ეჩუენა და აყუედრა ურწმუნოებაჲ მათი და გულფიცხელობაჲ, რამეთუ, რომელთა იგი იხილეს აღდგომილი, მათი არა ჰრწმენა. 15 და ჰრქუა მათ: „წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაჲ ესე ყოველსა დაბადებულსა. 16 რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს. 17 ხოლო სასწაული მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს: სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ, ენათა ახალთა იტყოდიან. 18 გუელთა შეიპყრობდენ; დაღათუ სასიკუდინე რაჲმე სუან, არარაჲ ავნოს მათ; სნეულთა ზედა ჴელსა დასდებდენ, და განცოცხლდებოდიან“. 19 ხოლო უფალი შემდგომად სიტყუათა ამათ მათა მიმართ ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღმრთისა. 20 ხოლო იგინი გამოვიდეს და ქადაგებდეს ყოველსა ქუეყანასა უფლისა შეწევნითა და სიტყჳსა ამის დამტკიცებითა მის მიერ, რომელნი-იგი შეუდგეს მას სასწაულნი. ამენ.

 

კვირიაკისა: კორინთელთა მიმართ მეორჱ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, I, 21-II, 4. [დას. რო(170)]:

2 კორ. I: 21 † (ძმანო, †) რომელმან-[იგი] განმამტკიცნა ჩუენ თქუენ თანა ქრისტეს მიმართ და ცხებულ გუყვნა ჩუენ ღმერთმან, 22 და აღგუბეჭდნა ჩუენ და მომცა წინდი იგი სულისაჲ გულთა შინა ჩუენთა. 23 ხოლო მე მოწამედ ღმერთსა ვხადი სულისა ჩემისა, რამეთუ გერიდებოდე თქუენ და მისთჳს არღარა მოვედ კორინთედ. 24 არათუ უფლებთ რას სარწმუნოებასა თქუენსა, არამედ თანაშემწენი ვართ სიხარულისა თქუენისანი, და რამეთუ სარწმუნოებითა სდგათ. II: 1 და ესე ვსაჯე თავისა ჩემისა, რაჲთა არა კუალად მწუხარებით მოვიდე თქუენდა, 2 რამეთუ უკუეთუ მე (შეგაწუხn)* [შეგაწუხებ]** თქუენ, და ვინ არს იგი, რომელმან მახაროს მე, არათუ მან, რომელი-იგი შეწუხებულ იყოს ჩემ მიერ? 3 და მივწერე თქუენდა ესევე, რაჲთა არა, რაჟამს მოვიდე, მწუხარებაჲ მაქუნდეს, რომელთაგან ღირდა ჩემდა სიხარული; გესავ თქუენ ყოველთა, რამეთუ სიხარული ჩემი თქუენ ყოველთაჲ არს, 4 რამეთუ მრავლისაგან მწუხარებისა და შეურვებულისა გულისა მივწერე თქუენდა მრავლითა ცრემლითა, არა რაჲთა შესწუხნეთ, არამედ რაჲთა სცნათ სიყუარული იგი გარდარეული, რომელ მაქუს თქუენდა მიმართ.

 

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

 

კვირიაკისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XXII, 1-14. [დას. პთ(89)]:

მთ. XXII: 1 და მერმე მიუგო მათ იესუ იგავით და ჰრქუა: † (ჰრქუა უფალმან იგავი ესე: †) 2 „ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თჳსისაჲ. 3 და წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად. 4 კუალად წარავლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: «არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა-ესერა, პური ჩემი მზა-მიყოფიეს, ზუარაკები და უსხები ჩემი დაკლულ არიან, და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას». 5 ხოლო მათ უდებ-ყვეს და წარვიდეს: რომელიმე თჳსსა აგარაკსა, რომელიმე სავაჭროსა თჳსსა. 6 ხოლო სხუათა შეიპყრნეს მონანი იგი მისნი, აგინნეს და მოსწყჳდნეს. 7 ხოლო მეუფე იგი განრისხნა, ესმა რაჲ ესე, და მიავლინა ერი თჳსი და მოსრნა კაცისმკლველნი იგი და ქალაქი იგი მათი მოწუა ცეცხლითა. 8 მაშინ ჰრქუა მონათა თჳსთა: «ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს-იყვნეს. 9 წარვედით მებოძირთა გზათასა და რაოდენიცა ჰპოვოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას». 10 და განვიდეს მონანი იგი მისნი გზათა ზედა და შეკრიბეს ყოველი, რაოდენი პოვესბოროტი და კეთილი, და აღივსო ქორწილი იგი მეინაჴითა. 11 ხოლო შე-რაჲ-ვიდა მეუფე იგი ხილვად მეინაჴეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე, 12 და ჰრქუა მას: «მოყუასო, ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინეხოლო იგი დუმნა. 13 მაშინ ჰრქუა მეუფემან მან მსახურთა თჳსთა: «შეუკრენით მაგას ჴელნი და ფერჴნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ». 14 რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი და მცირედ – რჩეულნი“.

 

ღმრთისმშობელისა: ებრაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, IX, 1-7. [დას. ტკ(320)]:

ებრ. IX: 1 რამეთუ † (ძმანო, †) აქუნდა პირველსა მასცა*** (შულსა)* სამართალი მსახურებათაჲ, წმიდაჲ**** იგი სოფლიოჲ, 2 რამეთუ კარავი შეიმზადა პირველი, რომელსა შინა იყო სასანთლე იგი და ტაბლაჲ და დაგებაჲ იგი პურთაჲ, რომელსა ერქუა «წმიდა». 3 ხოლო შემდგომად (მეორე იგი კრეტსაბმელი კარვისაჲ)* [მეორისა კრეტსაბმელისაკარავი]**, რომელსა ერქუა «წმიდაჲ წმიდათაჲ». 4 ოქროჲსაჲ აქუნდა სასაკუმევლე და კიდობანი იგი შჯულისაჲ, შემოსილი გარეთ და შინაჲთ ოქროჲთა, რომელსა შინა იყო ტაკუკი იგი ოქროჲსაჲ, სავსე მანანაჲთა, და კუერთხი იგი აჰრონისი, რომელი განედლდა, და ფიცარნი იგი შჯულისანი, 5 ხოლო ზედაკერძო მისსა ქერობინი დიდებისაჲ, რომელი აგრილობდა სალხინებელსა მას; რომელთათჳს არა არს აწ თითოეულად სიტყუად. 6 და ესე რაჲ ესრეთ აღმართებულ იყო, პირველსა მას კარავსა მარადის შევლენედ მღდელნი და მსახურებასა მას აღასრულებედ. 7 ხოლო შინაგანსა მას ერთგზის წელიწადსა მღდელთმოძღუარი იგი ხოლო შევიდის და არა თჳნიერ სისხლისა, რომელი-იგი შეწირის თავისა თჳსისათჳს და ერისა უმეცრებისათჳს.

 

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

*** +„შჯულსა“ ABCLect. ბერძნულში არ არის, თუმცა იგულისხმება.

**** «წმიდაჲ» – აქ: «ტაძარი» (შდრ. კომენტარი: „«წმიდად» უწოდს «ტაძარსა»“, ეფრ. III, 70).

 

ღმრთისმშობელისა: სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, X, 38-42; XI, 27-28. [დას. ნდ(54)]:

ლკ. X: 38 და იყო, ვითარცა წარვიდეს ესენი, და თავადი შევიდა † (მას ჟამსა შინა, შევიდა იესუ †) დაბასა რომელსამე, და იყო ვინმე მუნ დედაკაცი, რომლისა სახელი მართა, და შეიყვანა თავადი სახიდ თჳსა. 39 და იყო დაჲ მისი, რომელსა ერქუა მარიამ, რომელი დაჯდა ფერჴთა თანა იესუჲსთა და ისმენდა სიტყუათა მისთა. 40 ხოლო მართა მიმოდაზრუნვიდა მრავლისა მსახურებისათჳს, ზედა მიადგა და ჰრქუა: „უფალო, არა იღუწი, რამეთუ დამან ჩემმან მარტოჲ დამიტევა მე მსახურებად? არქუ მას, რაჲთა შემეწეოდის მე“. 41 მი­უგო იესუ და ჰრქუა მას: „მართა, მართა! ჰზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათჳს; აქა ერთისაჲ არს საჴმარ. 42 ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან“. <...> ლკ. XI: 27 და იყო, ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, აღ-ვინმე-იღო დედაკაცმან ჴმაჲ ერსა მას შორის და ჰრქუა მას: „ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტჳრთა შენ, და ძუძუნი, რომელთა სწოვდი!“ 28 ხოლო თავადმან თქუა: „არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ იგი!“

 

† † † † † † †

შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიოები აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 3: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.