მიტროპოლიტი იონა – ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ხალხის გვერდითაა

სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ იონას განცხადებით, ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ხალხის გვერდითაა, – ამის შესახებ მიტროპოლიტმა იონამ სამების საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.
“ჩვენ თქვენთან ვართ, მხარს გიჭერთ ამ უდიდესი განსაცდელის ჟამს, მარად თქვენთან ვართ და ვიზიარებთ თქვენს განსაცდელს. ეს არის დიდი მაგალითი ჩემთვის – მთელი ერი როგორ არის გაერთიანებული ქრისტესმიერი სიყვარულით”, – განაცხადა სრულიად ამერიკისა და კანადის მინტროპოლიტმა. ამერიკელი მიტროპოლიტის თქმით, მისთვის უდიდესი მადლია, რომ საქართველოში იმყოფება.
“ჩემთვის დიდი პატივია, რომ გაგიცანით პირადად თქვენ და გავეცანი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ეს უზარმაზარ მხნეობას მმატებს. თქვენ გვაჩვენებთ, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ სულიერი ერთიანობა და ერთსულოვნება, რომელიც აერთიანებს და ქმნის მთლიან ერს ქრისტესმიერ სიყვარულში. თქვენ ბრძანდებით ჩემთვის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს წინამძღოლი და სულიერი მამა ერისა. ვითხოვ წმინდა ლოცვას ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიისთვის. გარწმუნებთ უდიდეს სიყვარულში ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესიისა და ამერიკის ხალხის მხრიდან. ღმერთმა დაგლოცოთ და მოგცეთ მრავალჟამიერი სიცოცხლე”, – განუცხადა უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს სრულიად ამერიკის მიტროპოლიტმა იონამ.
სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი იონა საქართველოში 12 ოქტომბრიდან დღემდე იმყოფებოდა.