რუსეთის ახალი პატრიარქი აღსაყდრებულია

მიტროპოლიტი კირილე რუსეთის მეთექსვმეტე პატრიარქია. ინტრონიზაცია მოსკოვის მაცხოვრის სახელობის ტაძარში გაიმართა. საზეიმო ლიტურგიის შემდეგ, პატრიარქ კირილეს სასულიერო ძალაუფლების სიმბოლო მეთოთხმეტე საუკუნის ხის კვერთხი გადასცეს და მანტიით შემოსეს.
პატრიარქის კურთხევას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული მართლმადიდებლური ეკლესიების წინამძღოლები, სასულიერო და საერო პირები ესწრებოდნენ. ტაძარში შეკრებილ ხუთი ათას ადამიანს შორის რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი და პრემიერ მინისტრი ვლადიმერ პუტინიც იყვნენ.
რუსეთის პატრიარქის აღსაყდრებას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სახელით საქართველოს საპატრიარქოს ხუთი წევრისგან შემდგარი დელეგაციაც დაესწრო.