საპატრიარქო რეზიდენციაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ტყვეობიდან გათავისუფლებული ათი ქართველი ჯარისკაცი დალოცა

დღეს, 23 აგვისტოს, საპატრიარქო რეზიდენციაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დალოცა ტყვეობიდან გათავისუფლებული ათი ქართველი ჯარისკაცი.
კათოლიკოს-პატრიარქმა ქართველ სამხედროებს საჩუქრად გადასცა სანთლები, 7-გზის ლოცვები, შარვლები და მაისურები.
როგორც ცნობილია, 20 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ თხოვნით მიმართა რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბატონ ვიაჩესლავ კოვალენკოს, რათა მას ეშუამდგომლა რუსეთის ჯარის მთავარსარდლობის წინაშე ფოთის პორტში დაკავებული ქართველ სამხედროებზე მეხუთე საქვეითო ბრიგადიდან. შემდგომ მოლაპარაკებებში რუსეთის გენერალიტეტთან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მონაწილეობდნენ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშილი) და დეკანოზი გიორგი ხარაზიშვილი. ამ მოლაპარაკებების შედეგად რუსეთის მხარემ გაათავისუფლა 22 ტყვეთაგან 10 ქართველი სამხედრო მოსამსახურე. 12 ქართველი ჯარისკაცი, სამწუხაროდ, დღემდე ტყვეობაში რჩება.
საპატრიარქო კვლავაც აგრძელებს მოლაპარაკებებს ტყვეობაში მყოფ დანარჩენ სამხედრო პირთა გათავისუფლების თაობაზე.
საპატრიარქოს პრესცენტრი