საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი – ასეთი განსაცდელი საქართველოს არ ჰქონია და იგი ქართველმა ხალხმა უნდა გადაიტანოს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის განცხადებით, ასეთი განსაცდელი საქართველოს არ ჰქონია და იგი ქართველმა ხალხმა უნდა გადაიტანოს. აღნიშნული პატრიარქმა ფერისცვალების სადღესასწაული წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
დღესასწაულთან დაკავშირებით, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გუშინ წირვა ღამისთევით ჩატარდა. მას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დედაქალაქის მერი გიგი უგულავა, ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი, პარლამენტარი კობა სუბელიანი და მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა. მან კიდევ ერთხელ განუცხადა მორწმუნეებს, რომ არ ჩავარდნენ სასოწარკვეთილებაში და განსაცდელი დაითმინონ, რადგან ამის სანაცვლოდ უფალი საქართველოს უფრო მეტს მისცემს.
“დღეს ჩვენ განსაკუთრებით ვფიქრობთ საქართველოზე, ჩვენს მომავალზე. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა დაამშვიდოს ჩვენი გულები და გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა. ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ ეს არ არის დიდი განსაცდელი ჩვენთვის, საქართველოსთვის და ეს განსაცდელი უნდა გადავიტანოთ. არ უნდა ჩავვარდეთ სასოწარკვეთილებაში. უიმედობაში ადამიანი არ უნდა ჩავარდეს. შესაძლოა, საქართველოს ასეთი განსაცდელი არც კი ჰქონია, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ამ განსაცდელის შემდეგ უფალი საქართველოსთვის დიდ წყალობას ამზადებს. ღმერთმა ინებოს და ღირსი გაგვხადოს ამ დიდი წყალობის მიღებისა და ფერისცვალების მადლი შეგწეოდეს თქვენ და სრულიად საქართველოს”, _ ბრძანა უწმინდესმა.