მის აღმატებულებას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს,ბატონ დიმიტრი მედვედევს

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო,
მოგმართავთ თქვენ, რუსეთის პრეზიდენტსა და მთავარსარდალს საქართველოსთვის და არა მარტო ჩემი ქვეყნისთვის მძიმე დღეებში.როგორც ცნობილია, რუსული თვითმფრინავები ბომბავენ ქართულ სოფლებსა და ქალაქებს – მართლმადიდებლები კლავენ მართლმადიდებლებს!დახოცილთა და დაჭრილთა შორის არიან ბავშვები, ქალები, მოხუცები, ჟურნალისტები… სულ ახლახანს დაბომბეს ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას რეზიდენცია, რომელიც საკათედრო ტაძრიდან 50 მეტრითაა დაშორებული. თვითონ მეუფე და მისი მორჩილები სასწაულით გადარჩნენ.
იბომბება საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები…ასე რომ, რუსი მეომრების მიერ არ ხდება მხოლოდ ქართული სამხედრო დანიშნულების ობიექტების გაუვნებელყოფა, როგორც ამას რუსი ჟურნალისტები აცხადებენ.
რუსული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ იმასაც, თითქოს ქართველები არიან ოკუპანტები, რომელთაც მოაწყვეს გენოციდი, რაც რბილად რომ ვთქვათ, ტყუილია.
ჩვენ გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას ათასობით გარდაცვლილის, – როგორც ქართველების, ისე ოსებისა და რუსების გამო და დიდად ვწუხვართ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იყო და არის პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრე. ჩვენ ადრეც ამის შესახებ არაერთხელ ვაცხადებდით და ახლაც იგივეს ვიმეორებთ. თუმცა აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ ცხინვალის რეგიონი, – სამხრეთ ოსეთი არის ძირძველი ქართული მიწა, სადაც ოსთა ძირითადი ნაწილი XVII საუკუნეში გადმოსახლდა, ხოლო ოსეთის ავტონომია გასული საუკუნის 20-იან წლებში კომუნისტების მიერ შეიქმნა. ამიტომაც საზღვრების მთლიანობის აღდგენის მცდელობა არ შეიძლბა შეფასდეს როგორც თავდასხმა ანდა ეთნოკონფლიქტი. ეს იგივეა, რომ მოულოდნელად რუსეთს შეექმნას პრობლემა ნოვგოროდთან, ან სმოლენსკთან მიმართებაში და მან დაიცვას თავისი ტერიტორია. მითუმეტეს, რომ თქვენს ქვეყანას აქვს მსგავსი გამოცდილება ჩეჩნეთში.
ბატონო პრეზიდენტო, მე იმედი მაქვს თქვენი კეთილგონიერებისა.ამ ომში ვერავინ იქნება გამარჯვებული.
რუსეთ-ქართულ ურთიერთობებში მძიმე პერიოდები ყოფილა, მაგრამ სიტუაცია ღია საომარ მოქმედებამდე არ მისულა. ამიტომაც ეს არის განსაცდელი არა მარტო საქართველოსთვის, ანდა რუსულ-ქართული ურთიერთობისთვის, არამედ რუსეთისთვისაც.
აღნიშნული სიტუაციის გაგრძელება კატეგორიულად დაუშვებელია. ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ვიდრე სრულად არ აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მუდამ იქნება დაძაბულობა და კონფლიქტის საშიშროება. ერთადერთი გამოსავალია ცეცხლის უსწრაფესად შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებაა, რათა აღდგეს სამართლიანობა. სადაც არ არის სამართლიანობა, იქ არ არის მშვიდობაც!
ვფიქრობ, ღვთის შეწევნით დავძლევთ დაპირისპირებას და ძმური ურთიერთობება კვლავ განახლდება.
ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხალხები მშვიდობითა და კეთილდღეობით.
ღრმა პატივისცემით
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი