(1 ივნისი, 2008 წ.; ბოდბის მონასტერი)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საკვირაო ქადაგება ნინოობის დღესასწაულზე
ბოდბის მონასტერი, 1 ივნისი, 2008 წ.
„წმინდა ნინო არ არის მარტო
ისტორიული პიროვნება, იგი დღესაც ქადაგებს
საქართველოში, ლოცულობს და იღწვის ჩვენი ერის მოსაქცევად!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ქრისტე აღდგა!
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – წმინდა ნინოს ხსენებას და შევთხოვ
უფალს, რომ მისი ლოცვით, მისი შუამდგომლობითა და ვედრებით, ღმერთმა დალოცოს,
გაახაროს, გაამთლიანოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო!

დღევანდელი დღესასწაული, თქვენ იცით, დადგინდა წმინდა ნინოს საქართველოში
შემოსვლასთან დაკავშირებით (როდესაც იგი ჩვენს ქვეყანაში შემოვიდა, აქ ვარდები
ყვაოდნენ).

„დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი“. მართლაც, შეუძლებელია, –
ადამიანმა ახსნას ის დიდი წყალობა, ის უდიდესი მადლი, რომელსაც უფალი ანიჭებს
ჩვენს ქვეყანას. შეუძლებელია, ავხსნათ, – როგორ მოხდა, რომ საქართველო გახდა
ღირსი იმისა, რომ აქ დავანებულიყო კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი! რომ
ჩვენი ქვეყანა გახდა წილხვედრი დედა ღვთისმშობლისა და შეიქმნა ღირსი მისი
მფარველობისა! ხოლო ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე 6 საუკუნით ადრე საქარაიველოში
ჩამოტანილი ყოფილიყო ხალენი წმინდა ილია წინასწარმეტყველისა და ნაქადაგები ყოფილიყო
ერთი ღმერთის ჭეშმარიტი სარწმუნოება!

როგორ ავხსნათ, რომ სრულიად ნორჩი წმინდა ნინო ღებულობს გადაწყვეტილებას და მოდის
შორეულ ქვეყანაში?

ეს ყველაფერი ხომ ღვთის მადლი და წყალობაა! და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამისათვის. ეს
არის ჩვენი ბედი, ეს არის ჩვენი ბედნიერება; ეს არის ის მადლი, რომელსაც უფალი
ანიჭებს საქართველოს. ამასთან, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან ხშირად უფალი
საქართველოს უგზავნის განსაცდელს, მაგრამ ისეთ განსაცდელს,
რომელსაც ჩვენ დავძლევთ, რომელსაც ავიტანთ; თუმცა არის ისეთი
პერიოდებიც, როცა უკვე
ძალა აღარ გვაქვს და ვეცემით და ამ დროს უფალი
თვითონ მოდის ჩვენთან და
თავად ტვირთულობს ჩვენს
ჯვარს ამიტომაც, თაყვანსა ვსცემთ და ვმადლობთ
უფალს ამ დიდი და უხვი
წყალობისათვის!

ყველამ ვიცით, როგორი
რთული ჟამი დგას დღეს; და
იგი რთულია არა მარტო
ჩვენთვის, არამედ ზოგადად, – მთელი მსოფლიოსათვრს. რთულია იგი იმიტომაც, რომ
მართალია ადამიანმა უდიდესი ნაბიჯები
გადადგა მეცნიერებაში,
მაგრამ ახალმა მიღწევებმა
შეიპყრო მისი გონება, იგი გაამპარტავნდა და ეს ყველაფერი თავის თავს მიაწერა.
ამასთან, ადამიანმა უდიდესი ნაბიჯები გადადგა უკან – დაეცა სულიერად და მორალურად.
ასე რომ, მეცნიერების წინსვლასთან ერთად არ მოხდა მისი სულიერი განვითარება.

„იყავით სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს“ – ბრძანებს უფალი. ცხადია,
კაცობრიობა არასდროს იქნება მამაზეციერივით სრულყოფილი, – მაგრამ უფლის ეს მოწოდება
იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანის სრულყოფა დაუსრულებელია. ყოველი ადამიანი დგას
სრულყოფის კიბეზე, ოღონდ, ან მაღლდება, ან
დაბლა ეშვება. ღმერთმა ინებოს, რომ მთელი ჩვენი ქვეყანა, ყოველი ქართველი და ყველა
ადამიანი მთელი მსოფლიოში ამ კიბეზე მხოლოდ მაღლდებოდეს!

ჩვენ თაყვანს ვცემთ და ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის, მისი
მოწყალებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ჩვენ ვშორდებით უფალს, იგი მაინც
მოდის და გვეხმარება. ჩვენ ვცოდავთ, ვეცემით – უფალი კი არ გვტოვებს და გვპატიობს.
უსაზღვროა მისი სიყვარული და მოწყალება!

ხშირად ვიმეორებ ხოლმე სიტყვებს, რომელიც ჩემს ახალგაზრდობაში მითხრა ჩვენმა დიდმა
პატრიარქმა მელქისედეკ III-მ: „ღმერთი ამპარტავანსა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალს
მიანიჭებს მადლს“. ეს სიტყვები მუდამ უნდა გვახსოვდეს ყველას. ინებოს უფალმა, რომ
გვქონდეს თავმდაბლობა და ამ შემთხვევაში მადლიც იქნება ჩვენთან. ინებოს ღმერთმა,
რომ მადლი სულისა წმინდისა სუფევდეს ჩვენში!

მადლი ღვთისა კურნავს სულიერ თუ ხორციელ სნეულებას; ყოველ ადამიანს გააჩნია რაღაც
ნაკლი და მადლი ღვთისა არის აღმავსებელი ამ ნაკლისა.

წმინდა ნინო არ არის მარტო ისტორიული პიროვნება, იგი დღესაც ქადაგებს საქართველოში,
ლოცულობს და იღწვის ჩვენი ერის მოსაქცევად!

მახსენდება ჩემი უფროსი ძმა, როდესაც იგი სასიკვდილო სარეცელზე იწვა, – მომიხმო და
მითხრა: „მოდი აქ და ნახე, ვინ მოვიდა ჩვენთან!“ „ვინ-მეთქი?“ – ვკითხე. „წმინდა
ნინოო!“ – მიპასუხა მან. გარდაცვალების წინ მას ჰქონდა სულიერი ხედვა და ამიტომ ხედავდა. შევთხოვ ღმერთს ყველას გაგვიხსნას სულიერი თვალი და
ჩვენც ვიხილოთ ის, თუ რას აკეთებს ჩვენთვის წმინდა ნინო.

დალოცვილი და გახარებული იყავით თქვენ და სრულიად საქართველო!

ღმერთმა ინებოს, რომ გამთლიანდეს ჩვენი ქვეყანა და გაერთიანდეს ჩვენი ერი! მჯერა,
რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დალოცავს და გაამთლიანებს სრულიად საქართველოს!

დღეს არის დიდი დღესასწაული და მე მინდა, დავაჯილდოვო სასულიერო პირები ამ
ეპარქიისა:

მღვდელმონაზონი ლაზარე (გრძელიშვილი), რომელიც მრავალი წლის მანძილზე ემსახურება
საქართველოს ეკლესიას დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აყვანილია იღუმენის ხარისხში;


მღვდელი დავით გრიგალაშვილი, რომელიც ასევე მრავალი წლის მანძილზე ემსახურება
საქართველოს ეკლესიას დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აყვანილია დეკანოზის ხარისხში;


მღვდელი ნიკოლოზ ლომსაძე, რომელიც ასევე წარმატებულია ეკლესიის საქმეში
დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აყვანილია დეკანოზის ხარისხში.

წმინდა ნინოს ლოცვით ღმერთმა დააჯილდოვოს სრულიად საქართველო თავისი სიყვარულით.
აქსიოს!

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა თქვენ და მთელი საქართველო!
ჩვენთან არს ღმერთი!

ქრისტე აღდგა!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №20, 2008 წ.