სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II განცხადება

საუკუნეების მანძილზე ქართველი, აფხაზი, ოსი და სხვა ხალხები მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ, 17 წლის წინ მომხდარმა კონფლიქტმა და შემდგომმა მოვლენებმა საფრთხის ქვეშ დააყენა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ძმობა. ბოლო პერიოდში განვითარებულმა საერთაშორისო პროცესებმაც უარყოფითი გავლენა იქონია ჩვენს ურთიერთობაზე და დღეს ვითარება უკიდურესად დაძაბულია.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის ცდილობდა და კვლავაც ცდილობს ხელი შეუწყოს მშვიდობიანი მოლაპარაკებით ნდობის აღდგენას, რათა შესაძლებელი გახდეს ჩვენი ძმური თანაარსებობა ერთიან სამართლებრივ და ტერიტორიულ სივრცეში.
ჩვენ ვთვლით, რომ ნებისმიერი დაპირისპირება, შეიარაღებული კონფლიქტი თუ საომარი მოქმედება ყოვლად დაუშვებელია და იგი გამოუსწორებელ შედეგამდე მიგვიყვანს.
ამიტომაც მიგვაჩნია: რაც არ უნდა რთული იყოს ამჟამინდელი კრიზისის მოლაპარაკების საშუალებით განმუხტვა, მშვიდობიანი დიალოგი მაინც ერთადერთი გზა და გამოსავალია.
ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხები; მკვდრეთით აღმდგარმა მაცხოვარმა თავისი მადლით აღადგინოს ჩვენი ძმობა და ერთობა.
“უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით”. (ფს.28. 11.)
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
4.05.2008