19 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ბატონი ზაალ გამცემლიძე, მინისტრის პირველი მოადგილე, საპატრიარქოსა და სამინისტროს ერთობლივი კომისიის თავმჯდომარე, ბატონი ირაკლი ღვალაძე, სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარე, ბატონი ლაშა ჭკადუა, ერთობლივი კომისიის საკონტაქტო პირი, ბატონი გოჩა არონიშიძე და სამინისტროს პრესცენტრის უფროსი, ქალბატონი ეკატერინე ბენდელიანი. საპატრიარქოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპიკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ზუგდიდ-ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) და კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი. საუბარი შეეხო ე.წ. ხატის ტყეებს, ბუნებრივი რესურსების (განსაკუთრებით, მტკნარი წყლის) ეკოლოგიას, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას, საერთო ინტერესებში არსებული გარემოს დაცვის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებასა და გარემოს დაცვის სხვა საკითხებს. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, პარიტეტულ საწყისებზე შედგენილი ერთობლივი კომისიის გადაწყვეტილებითა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით საპატრიარქოსთვის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან საპატრიარქოს მიჩენის წესით (20 წლით სარგებლობა ვადის გაგრძელების უფლებით) გადაეცა ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეები. სამინისტროს მიერ ეკლესიისთვის მიწების გადაცემა 2007 წლიდან ორმხრივი საგანგებო კომისიის მუშაობის შედეგად ეტაპობრივად ხორციელდება. ერთობლივი კომისია კვლავ განაგრძობს მუშაობას. დღეს, ბრძანებულებების საფუძველზე, ხელი მოეწერა ხელშეკრულებებს, რომლის თანახმადაც ეკლესიას გადმოეცა 380 ჰა. ტყე. როგორც ცნობილია, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საპატრიარქოსთან. მიმდინარე წლის იანვრის თვეში ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერს უკვე გადაეცა მიმდებარე 68,8 ჰა, შუამთის მონასტერს – 194 ჰა. ახლო მომავალში მზადდება სამინისტროდან საპატრიარქოსთვის 420 ჰა მიწის ფართობის გადაცემის შესაბამისი იურიდიული დოკუმენტაცია. ხელშეკრულებებს ხელი მოეწერა საპატრიარქო რეზიდენციაში. დოკუმენტებს ხელი მოაწერეს: საპატრიარქოს მხრიდან – კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპიკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) და კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა, ხოლო სამინისტროს მხრიდან: მინისტრმა ზაალ გამცემლიძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ღვალაძემ. ხელშეკრულების ხელმოწერას დაესწრნენ მასმედიის წარმომადგენლები.