მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის მეორე ვადაში ბაგრატის ტაძრის აღდგენის პირობა დადო

ბაგრატის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები უახლოეს კვირაში დაიწყება. ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ საააკაშვილმა დღეს ქუთაისში განაცხადა, სადაც ბაგრატის ტაძარში ბიბლიაზე ფიცი დადო.“ჩვენ ვამთავრებთ ცერემონიას და ვიწყებთ საქართველოს აღმშენებლობას. როგორც სიმბოლოს ჩვენი აღმშენებლობისა და სიძლიერის, ვდებთ პირობას, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და მეურვეობით, ასევე, საუკეთესო სპეციალისტების მეშვეობით, უახლოეს კვირეებში დაიწყება ბაგრატის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები”, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ეს იქნება თითოეული მათგანის მიერ ქვეყნის აღორძინებში შეტანილი წვლილი.პრეზიდენტმა პირობა ხელმოწერით დაადასტურა იმ დოკუმენტზე, რომელიც 2003 წელს იყო მიღებული. დოკუმენტის ტექსტი ქუთათელ-გიენათელი მეუფე კალისტრატემ წაიკითხა. იგი ითვალისწინებდა ტაძრის რეკოსტრუქციას უახლოეს წლებში. დოკუმენტი დადასტურებული იყო მსოფლიო პატრიარქისა და ილია მეორეს მიერ, თუმცა, ამ წლების მანძილზე ტაძრის მხოლოდ მაკეტი შეიქმნა.დღესვე, ფიცის დადებამდე, ილია მეორემ ტაძარში ლოცვა აღავლინა. მოგვიანებით კი მიხეილ სააკაშვილს ბეთლემიდან ჩამოტანილი მაცხოვრის ხატი გადასცა.“ეს ტაძარი არის სიმბოლო ერთიანი საქართველოსთვის და არის ნიშანი იმისა, რომ უფალი შეგეწევათ. ღმერთს ებრალებოდეთ თქვენ და მთელი საქართველო”, – უთხრა პატრიარქმა პრეზიდენტს.ცერემონიალის შემდეგ ბაგრატის ტაძარში ჩატარდა კონცერტი, რომელიც რეჟისორმა ავთო ვარსიმაშვილმა სპეციალურად ამ დღისთვის დადგა.ცერემონიალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცერემონიალს არ დასწრებიან უცხოელი სტუმრები.