გარდაიცვალა გიორგი (ხორხე) ბაგრატიონი

2008 წლის 16 იანვარს, დილის 5.00 სთ-ზე 63 წლის ასაკში ღვთივ განისვენა ბატონიშვილმა გიორგი (ხორხე) ბაგრატიონმა.ბატონიშვილი ხორხე ბაგრატიონი ესპანეთში დაიბადა. მამამისი, ირაკლი ბაგრატიონი XX საუკუნის შუა წლებში ქართული ემიგრანტული ორგანიზაციების მიერ ოფიციალურად იყო აღაირებული საქართველოს სამეფო ტახტის კანონიერ მემკვიდრედ. 1977 წელს, ირაკლი ბაგრატიონის გარდაცვალების შემდეგ, სამეფო დინასტიის პირდაპირ მემკვიდრედ სამეფო ტახტზე სცნეს გიორგი (ხორხე) ბაგრატიონი.ბატონიშვილი გიორგი ახალგაზრდობაში ცნობილი ავტომრბოლელი გახლდათ, შემდგომში იგი ბიზნესით დაკავდა.გიორგი (ხორხე) ბაგრატიონს ჰყავს 4 შვილი – სამი ვაჟი და ერთი ასული. მისი ერთ-ერთი ვაჟი, 32 წლის დავითი უკვე 4 წელია, საქართველოში ცხოვრობს.თავად ხორხე ბაგრატიონი საქართველოში პირველად 5 წლის წინ ჩამოვიდა. ერთი წლის წინ კი საქართველოში გადმოსახლდა.განსვენებული ბატონიშვილის ცხედარი 16 იანვრიდან 19 იანვრამდე დასვენებული იყო თბილისის წმიდა სამების საკათედრო ტაძარში. 19 იანვარს, დილის 8.30 სთ-ზე მისი ნეშტი სვეტიცხოველში გადაასვენეს.20 იანვარს მიცვალებულის სულის საოხად აღევლინა წირვა. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ შესრულდა წესის აგება.იმავე დღეს 16.00 სთ-ზე გიორგი (ხორხე) ბაგრატიონი სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.