ქადაგება ძველი სტილით ახალ წელს (14 იანვარი, 2008 წ.)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
ქადაგება ძველი სტილით ახალ წელს
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 14 იანვარი, 2008 წ.
„ჩვენ გვმართებს სიფხიზლე და უნდა
გვახსოვდეს, რომ
ბოროტება, რომელიც ცდილობს,
მოიცვას მთელი სამყარო, – ბოროტებით არ იკურნება, იგი იძლევა მხოლოდ სიკეთით!“
ყველას გილოცავთ ახალ წელს!

ახალი წელი მუდამ არის ახალი იმედის მომცემი. ამ დღეს ადამიანი დიდი სიახლეებისა და
სასიკეთო ცვლილებების მოლოდინშია. ფიქრობს მომავალ გეგმებზე. ახალი წელი ასევე
იმედის მომცემია ერისთვის. თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველ წელიწადს ახალი
პრობლემები მოაქვს და ყოველი ადამიანი მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ დასძლიოს
მოვლენილი განსაცდელი და სიძნელეები. მაგრამ სად მოვიპოვოთ ძალა, რომელიც დაგვაძლებინებს სირთულეებს? ძალა უნდა მოვიპოვოთ ღვთის მტკიცე რწმენით, ჩვენი სიყვარულითა
და სასოებით.

დარწმუნებული ვარ, რომ უფალი, რომელიც გვაძლევს მძიმე ჯვარს, იგივე უფალი გვანიჭებს
ძალას, რათა ბოლომდე ვზიდოთ იგი.

საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლისა და დარწმუნებული ვარ, რომ დედა ღვთისა არ დაუშვებს, რომ ცოდვით
დაეცეს ქართველი ადამიანი. მაგრამ ჩვენ გვმართებს სიფხიზლე და უნდა გვახსოვდეს, რომ
ბოროტება, რომელიც ცდილობს, მოიცვას მთელი სამყარო, – ბოროტებით არ იკურნება, იგი იძლევა
მხოლოდ სიკეთით! თუკი გვექნება მტკიცე რწმენა, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი
სარწმუნოება – გვექნება სიმშვიდე და მყუდროება. უნდა ვთესოთ სიკეთე და იგი ჩვენვე
ასმაგად დაგვიბრუნდება. ეს არის ღვთის კანონი და ჩვენ იგი უნდა აღვასრულოთ.
მთავარია, რომ შევინარჩუნოთ სულიერი სიმშვიდე; ხშირად ვილოცოთ დავით მეფსალმუნის
სიტყვებით: „მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მისი“. ეს ლოცვა შეგვძენს
შინაგან სიმშვიდეს, რომელიც აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის.

იმედი მაქვს, რომ საქართველო გაბრწყინდება და ჩვენს ქვეყანას ექნება ბედნიერი
მომავალი.

ყველას გისურვებთ ბედნიერებას, სიმშვიდეს!

ბევრი სიხარული და სიყვარული მოგცეთ უფალმა!

უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული მომდინარეობს სიყვარულიდან. თუ ადამიანს სიყვარული
გააჩნია, მას აქვს სიხარულიც.

ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახები, თქვენი შვილები და ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა,
სიხარული და სიყვარული სუფევდეს ჩვენში, ამინ.
ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №2, 2008 წ.