საპყრობილედან გათავისუფლებული ირაკლი ბათიაშვილი კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან შესახვედრად მივიდა

ირაკლი ბათიაშვილი საპყრობილიდან გაათავისუფლეს. იგი რამდენიმე წუთის წინ საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატროიარქ ილია II-სთან შესახვედრად მივიდა.ბათიაშვილმა პატრიარქთან შეხვედრამდე მადლობა გადაუხადა მის უწმინდესობას. მისი თქმით, პატიმრობის პერიოდში იგი ყოველთვის გრძნობდა პატრიარქისა და ქართველი ხალხის თანაგრძნობას.“მინდა ყველას გადავუხადო მადლობა მზრუნველობისათვის. უპირველეს ყოვლისა, ილია მეორეს, ქართველ ხალხს და ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ასე აქტიურად იბრძოდა ჩემი გათავისუფლებისთვის. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ასეთი მეგობრები და ოჯახი, რომლებმაც ჩემ გამო ბევრი ტანჯვა გადაიტანეს,” – განაცხადა შეხვდრის დაწყებამდე ბათიაშვილმა.მისივე თქმით, საქართველოში არიან სხვა პოლიტპატიმრები, რომლებიც ასევე უნდა გათავისუფლდნენ.“მოხარული ვარ, რომ საპყრობილე დატოვეს სულხან მოლაშვილმა და დავით მირცხულავამ. თუმცა, ჩვენ გარდა, კვლავ რჩებიან პოლიტიკური პატიმრები. არ შეიძლება 4 მილიონიან ქვეყანაში 22 ათასი პატიმარი იყოს. ასეთი რამ მხოლოდ ტოტალიტარულ სახელმწიფოებში ხდება. დაუშვებელია ქვეყანა საკონცენტრაციო ბანაკს დაემსგავსოს,” – აღნიშნა ბათიაშვილმა.მან ჯერჯერობით არ დააკონკრეტა, დაუბრუნდება თუ არა იგი პოლიტიკას. მისი თქმით, იგი ამ საკითხზე იმსჯელებს და თუ გადაწყვეტს დაბრუნებას, საზოგადოებას შეატყობინებს რომელი პოლიტიკური ძალის გვერდით დადგება მომავალში.ბათიაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. იგი ემზარ კვიციანის საქმესთან დაკავშირებით იყო დაპატიმრებული და ამბოხებულთათვის მხარდაჭერა ედებოდა ბრალად.