საკვირაო ქადაგება (2 სექტემბერი, 2007 წელი)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საკვირაო ქადაგება
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 2 სექტემბერი, 2007 წელი
„ადამიანი არის ხატება ღვთისა და
მან ყველაფერი უნდა გააკეთოს
იმისათვის, რომ გახდეს ღირსი იმისა, რომ იყოს ტაძარი სულისა წმინდისა“
სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!

კაცობრიობის წინაშე ხშირად დგას კითხვა: რა არის ბედი და ვისზეა დამოკიდებული იგი.
უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, იგი დამოკიდებულია ღმერთზე და შემდგომ – თავად
ადამიანზე. ერთი პოეტი ამბობს: ყოველ შემთხვევას აქვს მეორე სახელი – ბედი. მაგრამ
რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ყოველ ჩვენგანს ჰქონდეს კარგი ბედი? წმინდა
წერილში წერია, უფალი ეუბნება წინასწარმეტყველს: შენ ჯერ დედის მუცელში არ იყავი
ჩასახული, როდესაც მე შენ გიცნობდიო. ხშირად ადამიანები ასე მსჯელობენ: თუკი
ადამიანის ბედი ღვთის მიერ წინასწარ განსაზღვრულია, მაშინ რაღა აზრა აქვს ჩვენ
მოღვაწეობას ან ჩვენ ლოცვას. ეს ასე არ არის. როდესაც უფალი ეუბნება
წინასწარმეტყველს ამ სიტყვებს: შენ ჯერ ჩასახული არ იყავი დედის მუცელში, როცა მე
შენ გიცნობდი, – ეს იმას ნიშნავს, რომ უფალი იცნობდა მის მოღვაწეობას, მის
სიტყვებს, მის თვისებებს, ჭვრეტდა მის მომავალს. უფალი ითვალისწინებს ჩვენ
ცხოვრებას, ჩვენ რწმენას, ჩვენ თვისებებს, ჩვენ სიყვარულს და წინასწარ ჭვრეტს
მომავალს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი წინასწარ არის განსაზღვრული.
უფალი განაგებს ქვეყანას, მაგრამ ადამიანი თავისი თავისუფალი ნებით თვითონ ქმნის
თავის ბედს. არ არსებობს ორი ერთნაირი ბედი, ისევე, როგორც ორი ერთნაირი ადამიანი.
უფალი ყველაფერს ქმნის მხოლობით რიცხვში.

დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ ისეთი დიდი წინასწარმეტყველის ხსენებას, როგორიც იყო
სამუელ წინასწარმეტყველი. იგი ცხოვრობდა ქრისტეს შობამდე 11 საუკუნით ადრე.
ცხოვრობდა იმ დროს, როცა ისრაელს მოევლინა მეფე საული და მეფე დავითი. და აი,
სამუელ წინასწარმეტყველი გახდა ღირსი, ყოფილიყო ისრაელის დიდი მეფის დავით
მეფსალმუნის მაკურთხეველი. მეფე საულიც მეფედ მისი ხელიდან იკურთხა.

ადამიანი – ეს არის საიდუმლოებით მოცული არსება, ეს არის ხატება ღვთისა და ჩვენ
უნდა ვგრძნობდეთ ჩვენში ამ ხატებას. ადამიანი ყოველდღე უნდა ფიქრობდეს იმის
შესახებ, თუ როგორ გამოვლინდება ჩვენს ცხოვრებაში ხატება და მსგავსება ღვთისა.
ადამიანმა თავის ცხოვრებაში ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მოიპოვოს
მსგავსება ღვთისა. რა არის ამისთვის საჭირო? უპირველეს ყოვლისა, მან უნდა იგრძნოს,
რომ ის არის საყვარელი შვილი უფლისა. ადამიანი უნდა გრძნობდეს სიახლოვეს უფალთან.
ადამიანი ისე უნდა ცხოვრობდეს, რომ სულ უფრო უახლოვდებოდეს ღმერთს. როდესაც
ადამიანს გამოელევა ძალა, მან უნდა შესთხოვოს უფალს, რომ უფალი თავად მივიდეს
მასთან. ეს აუცილებელია. წმინდა წერლში წერია: „ირეკდით და განგეღოთ თქვენ,
ეძიებდით და ჰპოვოთ, ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ“.

ადამიანმა უნდა იცნობდეს საკუთარ თავს. სამწუხარო ის არის, რომ ძალიან ხშირად
ადამიანი თავის თავში ხედავს მხოლოდ დადებით მხარეს და ვერ ხედავს უარყოფით
თვისებებს. ამის შედეგად ადამიანი ვარდება განკითხვაში, ადამიანი ხედავს ნაკლს
სხვა ადამიანში და თავის ნაკლს კი ვერ ამჩნევს. ამიტომაა, რომ წმინდა მამები
უპირველეს ყოვლისა, სთხოვდნენ უფალს: „მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა
განკითხვად ძმისა ჩემის…“ როგორც ამბობდნენ ძველი რომაელები: გნოსტე გე იფსფნ
(ლათ.) – შეიცან თავი შენი. ეს არის მთავარი ადამიანის ცხოვრებაში და თუ ამას
მიაღწია ადამიანმა, თუ შესძლო და დაინახა საკუთარი თავი, მაშინ იგი დასძლევს კიდეც
ცოდვას, ის აუცილებლად დაამარცხებს თავის უარყოფით მხარეებს და მუდამ გამარჯვებული
იქნება.

დღეს ჩვენ ვმსჯელობთ და ვადარებთ სამ პიროვნებას – წინასწარმეტყველ სამუელს, მეფე
საულსა და მეფე დავითს. საული, იყო რჩეული ღვთისგან, მაგრამ ჩვენ ვიცით მისი
ცხოვრებიდან, რომ მან ვერ შეასრულა ის, რაც ევალებოდა და ამიტომ საულის სიცოცხლეშივე ღმერთმა აირჩია მეფედ დავითი. ვინ იყო დავით? იგი
იყო მწყემსი, ჩვეულებრივი ადამიანი, მაგრამ იყო ღვთის შვილი, ღვთის მორჩილი და უფალმა
უხვად მოუვლინა მას მადლი სულისა წმინდისა. მინდა შეგახსენოთ, დავით მეფე ხშირად
ახსენებს გულის სიწმინდეს, იგი ფსალმუნებში ამბობს: „გული წმინდა დაჰბადე ჩემთანა ღმერთო
და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა“. ასე იმიტომ ხდება, რომ გული არის ტაძარი
სულისა წმინდისა. ადამიანი არის ხატება ღვთისა და მან ყველაფერი უნდა გააკეთოს
იმისათვის, რომ გახდეს ღირსი იმისა, რომ იყოს ტაძარი სულისა წმინდისა.

როცა გაბატონდა კომუნისტური რეჟიმი რუსეთსა და საქართველოში და როცა ბოლშევიკები
ანგრევდნენ ტაძრებსა და მონასტრებს, რუსეთის პატრიარქი ამბობდა: მთავარია, რომ მათ არ
დაანგრიონ ადამიანის სულიერი ტაძარი, არ დაარღვიონ ადამიანის სულიო. მაგრამ ესეც
შეძლეს და დაანგრიეს მრავალი ადამიანის სული.

ყველას გილოცავთ დღევანდელ
დღესასწაულს – წმინდა წინასწარმეტყველ სამუელის ხსენებას. იგი ყოფილიყოს ჩვენი
მეოხი წინაშე ღვთისა. წმინდა წინასწარმეტყველმა სამუელმა თვისი ლოცვით მოგვივლინოს
ჩვენ მადლი სულისა წმიდისა, რათა ჩვენ ვიყოთ ერთი სამწყსო და უფალი იესო ქრისტე
იყოს მწყემსი ჩვენი.

დღეს ჩვენთვის ასევე მეტად სასიხარულო დღეა. საქართველოში რუსეთიდან ჩამოსულია
დელეგაცია სასულიერო პირებისა და მორწმუნე ადამიანების შემადგენლობით. დღეს ისინი
გვესწრებოდნენ წირვაზე. მე გულითადად მივესალმები მათ და ვფიქრობ, რომ ის დაძაბული
ურთიერთობა, რომელიც არსებობს რუსეთსა და საქართველოს შორის აუცილებლად გამოსწორდება და ჩვენ ვიქნებით, როგორც ძმები და მეგობრები.

Я сердечно приветствую наших дорогих гостей, которые прибыли из России, из
Москвы, наших гостей и мирян. Мы очень рады, что вы сегодня находитесь с нами. Я
думаю, что те братские отношения, которые существовали между Грузией и Россией,
вновь восскреснут и мы будем ценить духовные и культурные ценности друг друга.

Грузия почитает и хорошо знает духовные, культурные и другие ценности России и
поэтому ваш приезд – это очень хороший шаг, это новый мост между Грузией и
Россией.

Да хранит Бог вас и Россию в мире и благополучии. Я пользуюсь случаем и, через
вас хочу передать привет Святейшему Патриарху Московскому и всея Руси Алексию
ІІ-му.

დღეს კიდევ ერთი სასიხარულო
მოვლენაა: დღეს არის დალოცვა ისეთი ცნობილი გვარისა, როგორიცაა – გირგვლიანი. აქ
ბრძანდებიან ამ გვარის წარმომადგენლები და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ მადლი სულისა
წმინდისა იყოს თქვენზე. შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა გაგამრავლოთ, დაგლოცოთ, მოგცეთ
მტკიცე რწმენა და დიდი სიყვარული. მინდა ვთქვა, რომ ადამიანის ცხოვრება – ურთულესი
პროცესია. ადამიანმა უნდა სთესოს სიკეთე და ეს სიკეთე უხვად დაუბრუნდება მას.
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა.
ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №28,
2007 წ.