ქადაგება მარიამობის დღესასწაულზე (28 აგვისტო, 2007 წელი; სიონის საპატრიარქო ტაძარი)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
ქადაგება მარიამობის დღესასწაულზე
სიონის საპატრიარქო ტაძარი, 28 აგვისტო, 2007 წელი
„არსებობს ასეთი გადმოცემა, რომ
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ
საქართველოს მიმართ ბრძანა იგივე სიტყვები, რომლითაც მაცხოვარმა მიმართა
მოციქულებს: „მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა!“
სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – მარიამობას!

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა განსაკუთრებით იფარავს საქართველოს. ეს არის
უდიდესი მოვლენა, საიდუმლო განგება ღვთისა, რომ ჩვენი ქვეყანა გახდა წილხვედრი
ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა. ერთი პოეტი ამბობს, რომ შემთხვევას აქვს კიდევ ერთი
სახელი – ბედი. ასეთია ბედი ქართველი ერისა – აქ ქრისტეს შობამდე 600 წლით ადრე
ჩამოვიდნენ ებრაელები, ჩამოიტანეს ჭეშმარიტი სარწმუნოება და თავიანთი დიდი სიწმინდე
– ხალენი წმინდა ელია წინასწარმეტყველისა. ეს სიწმინდე დაკრძალული იყო იქ, სადაც
შემდგომში აიგო სვეტიცხოველი.

ქართველი ადამიანი ეზიარა ჭეშმარიტ სარწმუნოებას ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე 600
წლით ადრე. ღვთის განგებით, კვართი უფლისა იყო ჩამოტანილი საქართველოში. ღვთის დიდი
გავლენა იყო ის, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა.
არსებობს ასეთი გადმოცემა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ საქართველოს
მიმართ ბრძანა იგივე სიტყვები, რომლითაც მაცხოვარმა მიმართა მოციქულებს: „მე
თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა“.

რომ გადავხედოთ ჩვენს წარსულს, დავინახავთ, რომ არაერთი
შემთხვევა ყოფილა, როცა დედა ღვთისმშობელს უხსნია თავისი წილხვედრი ქვეყანა
განადგურებისაგან. ქართლის ცხოვრებაში წერია, როცა საქართველოს შემოესივნენ
მონღოლები და ბრძოლაში ქართველებმა მოკლეს მათი მეთარი, გამძვინვარებულ მტერს
უნდოდა, ამოეწყვიტა მთელი ქართული ჯარი. მაშინ მთელი ჯარი ლოცლობდა: „მოწყალებასა
შენსა მოვილტვით ღვთისმშობელო დედაო…“ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ იხსნა
ისინი განადგურებისაგან. და აი, დღეს, როცა ამდენი პრობლემა დგას მთელი კაცობრიობის
და მათ შორის ჩვენი ქვეყნის წინაშე, გარდამოიხილოს ზეცით ღვთისმშობელმა დედამ და
გადააფაროს საქართველოს თავისი კალთა.

იმედი გვაქვს, რომ საქართველო
აუცილებლად გადარჩება, საქართველო აუცილებლად გამთლიანღება. არ შეიძლება, რომ
წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა განადგურდეს.

ღმერთმა ჩვენ ისეთი მამული გვიბოძა, რომელიც მუდმივ დაცვას საჭიროებს. საქართველოს
სჭირდება ლოცვა და დაცვა. ყოველი ქართველი უნდა იყოს თავდადებული პატრიოტი თავისი
მამულისა. შევთხოვთ უფალს, რომ მალე გამთლიანდეს და დამშვიდდეს სრულიად საქართველო.


დღეს ჩვენ ლოცვას აღვავლენთ სიონის წმინდა უძველეს ტაძარში, რომელიც გახლავთ
თბილისის პირველი ტაძარი და იგი აშენდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების
სახელზე.-ბედნიერნი და მოხარულნი ვართ, რომ დღეს ამ დიდებულ ტაძარში, ჩვენთან
ერთად ლოცულობს ჩვენი პრეზიდენტი, რომელსაც უფალმა მისცა ყველაზე მძიმე ჯვარი
საქართველოში. ღმერთმა ინებოს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემწეობით მან
ღირსეულად იტვირთოს უფლის მიერ ბოძებული ეს მძიმე ჯვარი.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ!

„უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!“

ძალა და მშვიდობა სუფევდეს თქვენთან. სიმშვიდე სუფევდეს თქვენ გულსა და გონებაში და
მშვიდობა სუფევდეს სრულიად საქართველოში და მთელ მსოფლიოში.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №28,
2007 წ.