ქადაგება ათონიდან სასწაულმოქმედი ხატების ჩამობრძანებისას აღსრულებულ პარაკლისზე ( 12 ოქტომბერი, 2006 წელი)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
ქადაგება ათონიდან სასწაულმოქმედი ხატების
ჩამობრძანებისას აღსრულებულ პარაკლისზე
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 12 ოქტომბერი, 2006 წელი
„ამ ხატების ჩამობრძანება
საქართველოში იმას ნიშნავს,
რომ ჩვენი ქვეყანა დამდგარია მშვიდობისა და გადარჩენის გზაზე“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
„დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველი არიან საქმენი შენნი და ვერვინ შემძლებელ
არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა“. ჭეშმარიტად, დიდია ღმერთი და
მიუწვდომელია მისი ნება, დიდია მისი წყალობა, დიდია სიყვარული.
დღეს არის დიდებული დღე საქართველოსთვის, ჩვენთან ჩამობრძანდა ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლის „სამხელიანად“ წოდებული ხატის ასლი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ
კიდევ ერთხელ გამოავლინა დიდი წყალობა და დიდი სიყვარული თავისი წილხვედრი ქვეყნის
– საქართველოს მიმართ.
ჩვენთან ასევე ჩამობრძანდა ხატი წმინდა გიორგი საკვირველმოქმედისა. წმინდა
გიორგი არის ჩვენი ერის სიმბოლო. წმინდა გიორგი არის სიმბოლო ბრძოლისა და
გამარჯვებისა. შემთხვევითი არ არის, რომ ბერძნულად საქართველოს „გიორგია“ ეწოდება.
სწორედ ამ სახელწოდებით იცნობენ ჩვენს ქვეყანას უცხოეთში. ჩვენ თაყვანს ვცემს
წმინდა გიორგის ღვაწლს, მის მოწამეობრივ ცხოვრებას, მის მოწყალებასა და სიყვარულს.
სიმდაბლით ვეამბორებით ჩვენ, ცოდვილნი, წმინდა გიორგის ხატს და ვმადლობთ უფალს, რომ
საქართველოს დაუდგინა მფარველად ასეთი დიდი მოწამე. როდესაც ჩვენი ერის წარსულზე
ვფიქრობთ, ვხედავთ, როგორ ჰგავს ჩვენი ქვეყნის ისტორია წმინდა გიორგის მიწიერი
ცხოვრების გზას. ბევრჯერ სურდა მტერს საქართველოს განადგურება: ანგრევდნენ ტაძრებს,
მონასტრებს, ხოცავდნენ სამღვდელოებას. მაგრამ კვლავ აღადგენდა მკვდრეთით უფალი
ჩვენს ერს, ჩვენს ქვეყანას. თქვენ გახსოვთ წმინდა გიორგის ცხოვრებიდან, როდესაც
წამების შემდეგ იგი სისხლისგან იცლებოდა საკანში დაგდებული და ყველას ეგონა, რომ
იგი აღესრულებოდა, მას ესმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სიტყვები: „ნუ გეშინია,
გიორგი, მე შენთან ვარ!“ და წმინდა გიორგი უვნებლად გადარჩა. ასევე ესმის დღეს
საქართველოს იესო ქრისტეს სიტყვები: „საქართველო, არ შეშინდე, მე შენთან ვარ!“ და
ჩვენ ვმადლობთ უაფლს ამ დიდი წყალობისათვის.
დღეს ათონის წმინდა მთიდან ასევე ჩამობრძანდა ხატი ქართველი ღირსი მამებისა:
იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების. თქვენ იცით, რომ ისინი არიან
დამაარსებელნი ივერონის წმინდა მონასტრისა ათონის მთაზე. ივერიის მონასტერი იყო არა
მარტო წმინდა, სულიერი სავანე, არამედ დიდი მეცნიერული ცენტრი. ძალიან დიდია მისი
დამსახურება ღვთის წინაშე და ჩვენი ქვეყნის წინაშე.
ჩვენთან ჩამობრძანდნენ წმინდა მთის მამები და ჩამოგვიტანეს კურთხევა ათონის
მთიდან. მინდა, ჩემი სახელით და მთელი ჩვენი მრევლის სახელით მადლობა შევწირო მათ,
რომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. მინდა, ვუთხრა მათ, ისინი ბევრ ისეთ რამეს ნახავენ,
რაც სვა ქვეყნებში არ არის და მადლით აივსებიან საქართველოშიც. დიდება შენდა, უფალო
და მადლობა შენდა ამ დიდი წყალობისათვის.
ამ ხატების ჩამობრძანება საქართველოში იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა
დამდგარია მშვიდობისა და გადარჩენის გზაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთის ნებით,
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა დაიფარავს საქართველოს და ჩვენი ქვეყანა აუცილებლად
გაბრწყინდება!
შეგეწიოთ თქვენ და მთელ საქართველოს დედა ღვთისმშობლის მადლი!
შეგეწიოთ თქვენ და მთელს საქართველოს წმინდა გიორგის ლოცვა-კურთხევა!
შეგეწიოთ თქვენ და მთელს საქართველოს ლოცვა-კურთხევა ღირსთა მამათა იოანესი,
ექვთიმესი და გიორგისა!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №39,
2006 წ.